ფანაჯარა

121

იმ დღეს გარეთ მყოფთ დაეკარგათ შინ მიმავალი გზა. ორი მარტოსული ხის ქვეშ იდგა და თავს აფარებდა, მაგრამ რისგან ან ვისგან?! იქნებ მთელი სამყაროსაგან? თითქოს ცა სადაცაა წვიმის წვეთებით ჩამოიქცეოდა. მათი ლაპარაკი მხოლოდ ხეებს და ღრუბლებს ესმოდათ.

ქარმა მათ არაერთხელ შემოუარა. ორ მარტოსულს გარს ერტყმოდა იდეალური ქარის წრე, როგორც ბუდეში მსხდომ მერცხლებს.

ეს გვიანი გაზაფხული შეკედლება იყო იმისა, რაც ჯერ არ თქმულა. თუმცა რა საჭიროა სიტყვები, როდესაც მაისისფერ გოგონას უყურებ ან წინ ბავშვივით მეოცნებე გიდგას.

– საიდან მოდიან ოცნებები და საით მიდიან? – იკითხა ბიჭმა.
– ციდან და ალბათ ცაშივე იფანტებიან… – იყო გოგოს პასუხი.

ქარი ჩადგა. მარტოსულები ქუჩას გაუყვნენ. პატარა ქალაქი მათზე ამბავს თხზავდა. გოგონამ იდუმალებით და სინათლით აღსავსე თვალებით გადახედა სახლებს.

– მინდა სახურავზე ვცხოვრობდე, კარლსონივით. ცასთან სიახლოვეში არაფერი შემიშლიდა ხელს.
– ბავშვობაში სახურავზე გასასვლელი ფანჯარა მქონდა, ამიტომაც დიდი დრო მაქვს გატარებული ცასთან ახლოს – უთხრა ბიჭმა.

ვიწრო ქუჩებს გაუყვნენ. ქარიც გაყვა. იხეტიალეს სამმა ერთად. ცის ბილიკებზე.

 

მარიამ კავილაძე,
18 წლის