დღის ვიდეო: „გირჩმა“ ოფისში საროსკიპო გახსნა

441

პარტია „გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოფისში საროსკიპოს გახსნიან.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, საროსკიპოს სახელწოდებაა „პიონერი“, რომლის სპონსორი სექსშოპი „კიკუ” იქნება.

1 საათით ამ ფართის დაკავება ეღირება 49 ლარი და 90 თეთრი და ამ სერვისით შეიძლება, ისარგებლოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს, ისარგებლოს სექსუალური მომსახურებით.

„აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ 254-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციის ხელშეწყობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე.

ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი – ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად „გირჩი”, ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი, მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, – განაცხადა ჯაფარიძემ. მან მთაწმინდის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ჰერმან საბოს საროსკიპოს ოფიციალურად გახსნა სთხოვა.

მიმდინარე კვირას შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით როენა ხუცურაული, მეტსახელად „მამიდა” დააკავა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.