„ბავშვები ყოველთვის პოულობენ თავიანთ გზას“- მანანა ბეგიაშვილი

245

– როგორ გაჩნდა მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურული სახელოსნოს გაკეთების იდეა?
არ ვიცი, ეტყობა შიგნიდან პედაგოგი ვიყავი მე. საერთოდ მგონია, რომ ადამიანები პროფესიას არ ირჩევენ, პროფესიები ირჩევენ ადამიანებს. მე თვითონ განათლებით აღმოსავლეთ მცოდნე ფილოლოგი ვარ და შემოქმედებით აზროვნებაში ვმუშაობ. ძალიან მიყვარს, როცა ადამიანებს შემიძლია რაღაცით დავეხმარო. ამ წუთას, თუ შეიძლება, რომ რეალური და თვალხილული ამოცანა მქონდეს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ვასწავლო სხვანაირი ხედვა, მაქვს გარკვეული სინთეზური აზროვნების ჯგუფი. სინთეზური აზროვნება სრულიად განსხვავდება ანალიტიკური აზროვნებისაგან, რასაც სკოლაში ასწავლიან. რაც შეეხება, თვითონ სახელოსნოს, მისი იდეა სრულიად თავისთავად დაიბადა. მე ვმუშაობდი პიონერთა სასახლეში, ფაცია პაიჭაძის მოსწავლე ვიყავი, რომელსაც ნორჩ შემოქმედთა სტუდია ჰქონდა. ეს იყო ძალიან კეთილი, არაჩვეულებრივი ადამიანი, აბსოლიტურად განსხვავებული საბჭოთა აზროვნებისაგან. სტუდენტი ვიყავი, დეიდა ფაციამ მთხოვა, რომ ამეყვანა წრე და მას შემდეგ დავიწყე და დავიწყე. შემდეგ ცალკე გავაკეთე სახელოსნო.

 

რამდენი წლის წინ იყო ეს?
  უფ, ასი წლის წინ.

როგორ მუშაობთ ბავშვებთან და რას აკეთებთ?
ბავშვები წერენ, იმაზე რაზეც მათთვის თვალხილული და ძალიან ძვირფასია. წერა მათთვის არის გზამკვლელი იმ უცნაურ სამყაროში, რომელსაც სამყარო ჰქვია. ბავშვები არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებენ სტიქიურად. მე მათ მიმართულებას ვაძლევ, ერთგვარი ლავირება ხდება. რა თქმა უნდა, წერენ რასაც უნდათ იმას, მაგრამ ეს არის ერთგვარი არტთერაპია. სრულიად გაუაზრებლად ისინი მაინც იმ პრობლემებზე წერენ, რაც მათ აწუხებთ. ჩვენთან არის სავარჯიშოების სისტემა, მივდივარ ქვევიდან ზევით, მარტივიდან რთულისაკენ. როდესაც ადამიანს აქვს რაიმე პრობლემა რაზეც არ უნდა დაწეროს, ის მაინც ყოველთვის იმაზე წერს, რაც აწუხებს.

 

როგორ არიან ბავშვები სწავლების პროცესში ჩართულნი?
მე მათ დავალებებსაც ვაძლევ, რამდენიმე სათაურის სახით. ისინი ირჩევენ რაც უნდათ. თვითონ იგონებენ ან გაკვეთილის ბოლოს მე ვეუბნები. ეს არის აბსოლიტურად ინტერაქტიული მუშაობა, სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა ესე მარტივადაც არ არის. ყოველთვის მაქვს რამდენიმე სავარჯიშო. ეს ჩემი სისტემაა, მეცნიერულ დონეზე ვმუშაობ, სწავლება არ ხდება სტიქიურად. იქვე ვკითხულობთ და ვასწორებთ ნაწერებს, ბავშვები, რა თქმა უნდა აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ვუშვებ, რომ ვიღაცამ ვიღაც გააკრიტიკოს.

manana 2

ზოგადად ბავშვებს საშინაო დავალებების კეთება არ უყვართ, თქვენ რამდენად გაქვთ ეს პრობლემა?
ჩემთან ყოველთვის აკეთებენ. ერთხელ გოგი გვახარიასთან ვიყავი ინტერვიუზე და რამდენჯერმე მკითხა, ბავშვები ხშირად ძალიან დაუნდობლები არიან და აკრიტიკებენ ერთმანეთს და შენთან რატომ არ ხდება ასეო. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ყველა არის ერთსა და იმავე პოზიციაზე, არავინ არავისზე უპირატესი არ არის.


რა ასაკის ბავშვებთან მუშაობთ?
ჩემთან რვა წლიდან მოჰყავთ ბავშვები და მყავს სტუდენტებიც. სერიოზულად მთხოვენ, რომ უფროსებთანაც ვიმუშაო, თუმცა მე საერთოდ არ მაქვს დრო, თორემ მათაც აქვთ პრობლემები.

 

რამდენად მაღალია ბავშვების მხრიდან თქვენი სახელოსნოს მიმართ დაინტერესება?
ძალიან მაღალია. მე ვერ ავუდივარ მოსწავლეებს.

 

რა მიღწევები აქვთ თქვენს მოსწავლეებს?
ნებისმიერი ჩემგან წასული ბავშვი მისაღებ გამოცდებზე ძალიან კარგ შედეგს იღებს. ისინი უბრალოდ ბეჯითები არ არიან, ყველა ჩემი მოსწავლე გონება გახსნილი და ძალიან წარმატებული ახალგაზრდაა. ბევრი მათგანი საზღვარგარეთ აგრძელებს სწავლას და ბოლომდე იბრძვის.


საზოგადოებისთვის რა სახით არის ხელმისაწვდომი ბავშვების შემოქმედება?
ხანადახნ ბეჭდავენ კიდევაც, ისინი ყოველთვის პოულობენ ბავშვები თავიანთ გზას.

 

მოამზადა:
ქეთი კალანდაძემ