ფერადი ბლოკნოტების საღამო

198

წარმოიდგინეთ ნიჭიერი ახალგაზრდა, დამწყები მწერლებით სავსე ოთახი, ფერად-ფერადი ბლოკნოტები მაგიდაზე, ბედნიერი სახეები და მოლოდინად ქცეული სტუმრები. ეს ყველაფერი წარმოსახვის ნაყოფი არ არის.

26 მარტს კაფე „25-ე კადრში“ მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურული სახელოსნოს მოსწავლეები თავიანთ მოთხრობებს შეკრებილ მსმენელსა და მოწვეულ სტუმრებს უკითახვდნენ. საღამო სალონურ სტილში წარიმართა, თითოეულმა ახალგაზრდამ გაუზიარა თავისი ემოცია, შეხედულება, ფურცელზე გადატანილი გრძნობები თავიანთ მეგობრებს. საღამოს ბოლოს კი მოწვეულმა სტუმარმა, პოეტმა და ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა რამდენიმე რჩევა მისცა დამწყებ ხელოვანებს და თავისი შემოქმედებიდანაც ლექსები წაიკითხა.

ლიტერატურული სახელოსნოს მოსწავლეები და მათი მეგობრები 6 საათზე კაფეში იყვნენ. თუმცა საღამო დათქმულ დროს არ დაწყებულა. ახალგაზრდები ადგილებს ეძებდნენ და კომფორტულად ეწყობოდნენ. რამდენიმე დაგვიანებულისთვის სკამები რომ აღარ იყო, იქვე კედელთან ჩამოსხდნენ, ზოგმაც კიბეზე დაიკავა ადგილი. როგორც კი ოთახში პირველი ავტორის ხმა გაისმა, ყველა გაჩუმდა და ახალგაზრდა მაღალ სიმპათიურ ბიჭს მიაჩერდა. პირველს მეორე მოჰყვა, მესამე და სათითაოდ ყველამ წაიკითხა სურვილისამებრ ერთი ორი ან სამი საკუთარი მოთხრობა. მოთხრობები იკითხებოდა ყველა თემაზე: ლამაზ ვარდისფერ დღეებზე, ბავშვობაზე, სიყვარულზე და საკუთარ პანაშვიდზეც კი. იდეალური იყო გარემოსა და ხმების სასიამოვნო შერწყმა. რამდენადაც ბოხი იყო ავტორის ხმა, იმდენად მკაცრი იყო მისი მოთხრობა და პირიქით.

მოვისმინეთ მეტაფორებით, სიმბოლოებით და ემოციებით გაჯერებული მოთხრობები. ერთგვარი ექსპრომტის მნახველიც გავხდით. საღამოს ერთ-ერთმა სტუმარმა იქვე პატარა მოთხრობა დაწერა და სახელოსნოს მოსწავლეებს მიუძღვნა. ბოდიში მოიხადა, რომ ისეთი კარგი ვერ იყო, როგორც მათი შემოქმედება, თუმცა ისიც აღიარა, რომ დღეს პირველად დაწერა. მგონი მანანა ბეგიაშვილის სახელოსნოს ერთი მოსწავლე შეემატა.

დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა ეკა ქევანიშვილმა, რამდენიმე რჩევა მისცა დამწყებ მწერლებს. „თავისუფლება, ბევრი კითხვა და თვითკრიტიკა – ეს არის სამი რამ, რაც გჭირდებათ წერისთვის. ჩემთვის წერა გათავისუფლებაა, ბევრი კითხვისგან კი იღებ თვითკრიტიკას“. თავის შემოქმედებასაც აზიარა აუდიტორია და ბავშვების კითხვებსაც უპასუხა.

საღამო იმდენად მშვიდ და მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. როგორც სახელოსნოს ერთ-ერთმა მოსწავლემ, სალომე ბოჭორიშვილმა, აღნიშნა „აქ ყველა მეგობრები ვართ, კონკურენცია არ არსებობს.“

მიჩნეულია, რომ საქართველოში წიგნიერების დონე დაბალია, ახალგაზრდები მთელ თავიანთ დროს ძირითადად კომპიუტერთან ატარებენ და მის გარდა არც არაფერი აინტერესებთ, მაგრამ 26 მარტის მსგავსი საღამოები სრულიად არ შეეფერება უფროს თაობაში გავრცელებულ შეხედულებას.

მოამზადა:
ქეთი კალანდაძემ