რას ფიქრობს დღევანდელი ცა

188

მე დედამიწაზე ვარ, ის სადღაც ზემოთაა. მე იოანას მეძახიან, იმას ცას. ჩემზე ამბობენ ყოველთვის სხვადასხვა ფერიაო, ცაზე კი ყოველთვის ცისფერიაო, მაგრამ ისიც კი არ იციან როგორია ცის ფერი. არ იციან, რადგან არასდროს არის მუდმივი, არასდროს იბრუნებს ძველ ფერს.

მე ხასიათის მიხედვით ვიცვლი ფერებს. ის რის მიხედვით იცვლება არ ვიცი. იქნებ მასაც აქვს ხასიათი, ფიქრები და ამას ფერებით გამოხატავს.  რომ ვუფიქრდები, თბილი სიტყვები საერთოდ არ იცის, მხოლოდ ლამაზი ფერებით დამყურებს ზემოდან.

ხშირად ვეკითხები  რაზე ფიქრობს, მაგრამ რად გინდა, მაინც ჩუმადაა. თუმცა გამონაკლისებიცაა, როცა ცუდ ხასიათზეა ან რაღაც  აწუხებს ჭექა-ქუხილით მეძახის და იწყებს დაუსრულებელ ტირილს. როცა ბოლომდე მოიოხრებს გულს და სათქმელს მეტყვის, ისევ გაანათებს და ჭრელაჭრულა ფერებით აბრჭყვიალდება.

დღევანდელი ცა რას ფიქრობს ნამდვილად ვერ გეტყვით.

 

იოანა წულაია,
17 წლის