პირველი სექსუალური გამოცდილება მამაკაცისთვის

1197

პირველი სექსუალური გამოცდილება მამაკაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ თემაზე საქართველო – ისრაელის ერთობლივი კლინიკის, ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას’’ სექსოლოგ არკადი მოროზოვს გავესაუბრეთ.

–         რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის პირველი სექსუალური გამოცდილება?

–         ბუნებრივია, პირველ სექსუალურ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, პირველი კავშირის წინ მამაკაცი ნერვიულობს, რასაც გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოჰყვეს (წარუმატებელი სექსი, ნაადრევი ეაკულაცია)… ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ პირველივე აქტი წარმატებით წარიმართოს.

–         ვისთან იღებს პირველ სექსუალურ გამოცდილებას მამაკაცების უმრავლესობა?

–         პირველ ორგაზმს მამაკაცების უმრავლესობა განიცდის მასტურბაციის დროს და პირველ გამოცდილებას კი, ძირითადად, სექს-მუშაკებთან იღებენ.

–         რამდენად რეკომენდირებულია მამაკაცისთვის პირველი გამოცდილების მიღება მეძავთან?

–         რეკომენდირებულია, რადგან გამოუცდელობამ შეიძლება მამაკაცს მომავალში ხელი შეუშალოს მომავალ პარტნიორთან ურთიერთობისას. პროსტიტუციით დაკავებული ქალები კი უფრო გამოცდილები არიან და მეტად შეუწყობენ ხელს ამ პროცესის სწორად წარმართვას.

–         რამდენად აუცილებელია მამაკაცისთვის პირველი სექსუალური გამოცდილება სექს-მუშაკთან?

–         მამაკაცისთვის არ არის აუცილებელი მაინც და მაინც სექს-მუშაკთან გამოცდილების მიღება. მით უმეტეს, თუ მამაკაცს არ სურს ურთიერთობა. ზოგიერთი მამაკაცი, პირიქით, თავს არიდებს ამ სახის ურთიერთობებს სიყვარულის, რელიგიის ან სხვა მიზეზების გამო. ეს სავსებით ნორმალურია.

–         ვისთან ერთად უნდა წავიდეს მამაკაცი პირველი გამოცდილების მისაღებად?

–         სასურველია უფროს მეგობართან ან ნათესავთან ერთად, ვისაც ამის გამოცდილება უკვე ჰქონია.

–         რა უნდა გაითვალისწინოს მამაკაცმა პირველი სექსუალური გამოცდილების მიღებისას?

–         აუცილებელია ურთიერთობა ნორმალურ პირობებში დამცავის საშუალებების (პრეზერვატივი) გამოყენებით. სექსს გარემო პირობებმა ხელი არ უნდა შეუშალოს. ასეთ დროს მამაკაცი მხოლოდ ურთიერთობაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. რაც უფრო კომფორტული გარემო იქნება, მამაკაცს უფრო გაუადვილდება მოდუნდეს და მეტად თავდაჯერებული იყოს ქალთან ურთიერთობისას.

–         უნდა ჰქონდეს თუ არა მამაკაცს პრეზერვატივი თან?

–         სასურველია, მამაკაცს პრეზერვატივი თან ჰქონდეს, თუმცა, როგორც წესი სექს-მუშაკებს თავად აქვთ დამცავი საშუალებები.

–         უნდა იყოს თუ არა გაფრთხილებული ქალი მამაკაცის გამოუცდელობაზე?

–         ჩემი აზრით, ქალი აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილებული რომ კაცი გამოუცდელია. მისი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა და დელიკატურობა აუცილებელია. ყველაფრის მიუხედავად, პირველივე აქტი შეიძლება წარმატებული არ აღმოჩნდეს. რამდენად სტრესული აღმოჩნდება მამაკაცისთვის, ეს ქალზეა დამოკიდებული.

–         როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი თუ პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება?

–         მაშინ მამაკაცმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-სექსოლოგს რადგან ფიასკომ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცში წარუმატებლობის შიში რაც, სავარაუდოდ მომდევნო ურთიერთობებსაც ხელს შეუშლის.

თუმცა, სექსუალურ ურთიერთობაშიც სიყვარული დიდ როლს თამაშობს. თუ წყვილს ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს პატივს სცემენ, სექსუალური გამოუცდელობა არ უნდა იყოს ხელშემშლელი.

 

წყარო: oxford-med.ge