George van de kamp – “არ მინდა ჩემი გამოფენაც იმ კატეგორიაში მოხვდეს, ყოველწლიურად რომ მართავენ და მხოლოდ ოჯახის წევრებს უხარიათ.”

195

დოსიე

სახელი: გიორგი (George)

გვარი: მარტიაშვილი(Van De Kamp)

დაბ. თარიღი: 24.05.1989

განათლება: არასრული უმაღლესი

ჰობი: ცვალებადი ხასიათიდან  გამომდინარე ჰობიც ხშირად მეცვლება, თუმცა ხატვა მიყვარს ძალიან.

როდიდან გაგიტაცა ფოტოგრაფიამ ?

ბავშვობიდან მიტაცებდა ფოტოგრაფია, თუმცა არ მქონდა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

რატომ მაინცდამაინც სიურეალიზმი?

მე არ ამირჩევია ეს ჟანრი. ჩემი ფანტაზიის პატარა ნაწილი გადმოვიტანე ფოტოებში. თვითნასწავლი ვარ, არ მაქვს შესაბამისი განათლება ამ სფეროში, არც კი ვიცოდი რასაც ვაკეთებდი რა ერქვა, უბრალოდ ვქმნიდი იმას რაც მომწონდა. სხვებისგან გავიგე, რომ ყოველივე ეს სიურეალიზმი იყო.

„მალეფისენტას“ იმიჯი კრისტი ყიფშიძეს მოარგე, როგორ ირჩევ მოდელებს ამა თუ იმ პროექტისათვის?

უმეტესწილად, როდესაც  დაკვეთაა მოდელებს მე არ ვირჩევ. ჩემი პროექტის შემთხვევაში კი სრული თავისუფლება მაქვს, ვცდილობ ისეთი მოდელი შევარჩიო, რომელიც ბოლომდე მიხვდება ჩემ ჩანაფიქრს და ჭირვეულობას არ დაიწყებს გადაღებების დროს.

რაც შეეხება კრისტის, ეს ჩემთვის პროფესიონალ ადამიანთან მუშაობის დიდი გამოცდილება იყო. გადაღებიდან 10 წუთში მქონდა ყველა ის კადრი, რაც მჭირდებოდა. ვისაც კრისტისთან უმუშავია, ეცოდინება რამხელა ფუფუნებაა პროფესიონალთან მუშაობა.

როგორ ფიქრობ, საქართველოში ფოტოგრაფია განვითარების რა ეტაპზეა. არიან თუ არა პროფესიონალი ფოტოგრაფები? და ვის ფოტოხელოვნებას გამოარჩევდი?

რა ეტაპზე ვართ ამაზე ალბათ უფრო გამოცდილმა ფოტოგრაფებმა უნდა ისაუბრონ. პროფესიონალი ფოტოგრაფები გვყავს, თუმცა -ცოტა. სამწუხაროდ, ძირითადად ამბიცია უფრო მეტია, ვიდრე შედეგი.

გეგმავ თუ არა პერსონალურ გამოფენას უახლოეს მომავალში?

კი, ვგეგმავ. შემოთავაზებაც მქონდა, თუმცა თავს ვიკავებ. ვთვლი, რომ გამოფენის გაკეთებამდე რაღაც ღირებული, საინტერესო და დასამახსოვრებელი უნდა შექმნა. არ მინდა ჩემი გამოფენაც იმ კატეგორიაში მოხვდეს, ყოველწლიურად რომ მართავენ და მხოლოდ ოჯახის წევრებს უხარიათ.

რა ხდება კადრს მიღმა? რამდენად რთულია მუშაობის პროცესი?

როცა შენი საქმე გიყვარს და ამით ცხოვრობ, რთული ვერ იქნება. კადრს მიღმა საინტერესო პროცესია, ხშირია სასაცილო სიტუაციებიც.  არმიყვარს დაძაბულობა, ამიტომ ისეთი ხალხი მყავს გარშემო, ვინც სრულ კომფორტს მიქმნის.

რა შეიცვალა შენში, როგორც ფოტოხელოვანში, განვითარების მხრივ?

ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მე თვითონ ვხედავ როგორ ვვითარდები გადაღებიდან გადაღებამდე, ფოტოებიც უფრო დახვეწილია. თუმცა საკუთარი თავით კმაყოფილი იშვიათად ვარ. როგორც კი კმაყოფილებას ვიგრძნობ მაშინვე მსოფლიოს მიერ აღიარებული ფოტოგრაფების ნამუშევრებს ვათვალიერებ უაზრო ამბიციებმა რომ არ შემაწუხოს და „მიწაზე ვეშვები“ .

რამდენად ხარ მზად კრიტიკისთვის?

ჯანსაღი კრიტიკისთვის ყოველთვის მზად ვარ. უნდა გამაკრიტიკოს ისეთმა ადამიანმა, ვისაც ეს საქმე ესმის და ჩემზე გაცილებით მეტი შეუძლია. საბედნიეროდ მყავს გარშემო ასეთი ხალხი და მათი კრიტიკა ჩემზე დადებითად აისახება.

ფავორიტი ფოტოგრაფი თუ გყავს? 

ბევრია ისეთი ფოტოგრაფი, ვის შემოქმედებასაც სიამოვნებით ვათვალიერებ, თუმცა ამ სამეულის ხელოვნებას გამოვარჩევდი: kristian schuller,annie leibovitz da steven klein.

შენი უახლოესი გეგმები…

არ მიყვარს გეგმებზე წინასწარ საუბარი.. მთავარი გეგმა მაინც ისაა, რომ დავიხვეწო, ვისწავლო უფრო მეტი და რაღაც ღირებული შევქმნა.

თეო ჩომახიძე