Emolas – ნაქსოვი აქსესუარების ქართული ბრენდი

423

დღეს სალომე კოშკაძისა და მისი ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდის შესახებ მოგიყვებით. სალომეს ჰობი ქსოვაა და თავის მომხმარებლებს, წორედ ნაქსოვ, გარემოსთვის და ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხო აქსესუარებს სთავაზობს.

გთავაზობთ სალომესთან ინტერვიუს, სადაც Emolas-ს შესახებ მოგვიყვება:

ცოტა რამ შენი და შენი შემოქმედების შესახებ

ვარ ვიზუალური ხელოვანი. ყაისნაღით ქსოვა ჩემი ჰობია.  ქსოვამ ისე გამიტაცა რომ საკუთარი ბრენდი შევქმენი emolas დავარქვი და მის ქვეშ ჩემი დიზაინით შექმნილ აქსესუარებს და ნივთებს ვყიდი. ყველა ჩემი ნივთი კარგ განწყობაზე, საყვარელი მუსიკის ფონზე იქსოვება და მჯერა რომ მისი მფლობელისთვის ბედნიერების მომტანია.

როდის დაიწყე ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება?

რამოდენიმე წლის წინ მეგობარს საჩუქრად მოვუქსოვე საყურე, მერე ჩემს თავს, მერე კიდევ ბევრ სხვას… და ასე გახდა ნივთების და აქსესუარების ქსოვა ჩემი ჰობი. თავდაპირველად საყურეებს ვქსოვდი. მე და ჩემმა მეგობარმა სახელები დავარქვით და პატარა ისტორიებიც მოვუფიქრე. შემდეგ იყო ბლოკნოტები, წელის ჩანთები,  ყელსაბამები, პოი…

რა ტიპის მომხმარებელზეა ის გათვლილი?

ჩემი ნამუშევრები თავისუფლების, მოგზაურობის და აღმოჩენების მოყვარული ადამიანებისთვისაა.  აი მაგალითად გოგოს ჩანთაში ყოველთვის უნდა გეგდოს საყურე რომელიც ხელით ირეცხება და შთაბეჭდილების მოსახდენ სიტუაციებში თამამად გაიკეთებ.. J ან ბლოკნოტი რომელიც ჩანთაში ადგილს დაგიზოგავს , მაგრამ გადაშლილი ორჯერ დიდია..  დღესდღეისობით მათი მომხმარებელი ძირითადად უცხოელები არიან.

სად პოულობ ინსპირაციას, სანამ კონკრეტული ნივთის დამზადებას დაიწყებ?

ინსპირაცია ყოვეთვის არის ნივთი ან აქსესუარი რომელიც მეთვითონ მჭირდება. ქსოვას ჯერ ჩემი საყვარელი ფერთა გამით ვიწყებ და შემდეგ  გადავდივარ სხვა ფერებზე.

რა მასალებს იყენებ?

ჩემი ძირითადი სამუშაო მასალა ნატურალური ძაფია.  მინდა ჩემი შექმნილი პროდუქცია ეკოლოგიურად მეგობრული იყოს, როგორც ადამიანისთვის ასევე  გარესამყაროსთვის.

რამდენად შრომატევადია შენი საქმე?

ქსოვა შრომატევადი პროცესია, მაგრამ ამასთანავე ძალიან სასიამოვნო. იწყებ და ვერც კი ამჩნევ როგორ ქრებიან წამები.. წუთები.. საათები..  იწყებ არაფრიდან და მატერიალურ სამყაროს ახალ, მოქსოვილ  ნივთს ჩუქნი.

თავად თუ იყენებ შენმიერ შექმნილ ნივთებს?

პირველ ნივთს ან აქსესუარს საკუთარი თავისთვის ვქმნი. ყოველდღიურობაში ვიყენებ, ვხვეწავ და ბოლოს ვწყვეტ სხვა ადამიანებსაც გავუზიარო.


სამომავლოდ რის შექმნას გეგმავ?

ზაფხული მოდის.. ხოდა სამომავლოდ საცურაო კოსტუმს მოვიქსოვ J

სად შეიძლება შენი ნივთების დათვალიერება/შეძენა?

ჩემი ნამუშევრები, მაღაზია Crafting Corner 23-ში იყიდება.