ნოდარ სიმსივე: “დიმამ და რაულმა მომწამლეს”!

325

მსახიობი და ირლანდიური კომპანიის Setanta Sports ქართული ვარიანტის კომენტატორი ნოდარ სიმსივე ფეხბურთის დიდი მოყვარულია. ჩვენ მას Setanta Georgia–ში ვეწვიეთ და ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ…

– როგორ დაიწყო შენი ფეხბურთისადმი სიყვარული და თუ გახსოვს, რა ასაკში უყურე პირველად საფეხბურთო მატჩს?

– ფეხბურთთან ჩემი პირველი შეხება 1998 წლის საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მოხდა. პირველი მატჩი კი ნიგერია–ესპანეთი იყო და სამწუხაროდ, ის მატჩი ესპანეთმა დათმო, მაგრამ შევამჩნიე ერთი პატარა ბიჭი, რაული, რომელმაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მომწამლა! აი, წარმოიდგინეთ, როგორ უნდა მოეხდინა შთაბეჭდილება ფეხბურთელს ჩემზე იმ პერიოდში, როცა “კიჭა” რონალდო რონალდოობდა, ზიდანი დაფრინავდა და ა.შ. გამოჩნდა პატარა ბიჭი რაული, რომელმაც შემდეგ ბეჭედზე კოცნით და თავისი მანერულობით დამამახსოვრა და შემაყვარა თავი. გარდა რაულისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ფეხბურთთან ზიარება დიმა ობოლაძის დამსახურებაა. მოგეხსენებათ, მაშინ უმძიმესი პერიოდი იყო – არა შუქი, არა გართობა… დიმამ კი მოახერხა იმდენი, რომ ქართულ ტელესივრცეში ჩემპიონთა ლიგის მატჩები მიჰყავდა თავისი ჯადოსნური ხმით, რომლითაც იმ პერიოდს მილამაზებდა. როგორი ბედნიერებაა, როცა ასეთ რთულ პერიოდში ცხოვრებას გილამაზებს რაული, “რეალი”, ესპანური ფეხბურთი და დიმა!

– კომენტატორობა…

– სანამ დიმას გავიცნობდი, მანამდეც ვამბობდი და ყოველთვის აღვნიშნავ მისი ხმის ჯადოსნურობას. აქედან მოყოლებული, მეც ყოველთვის მსურდა, ჩემი თავი მიკროფონთან გამომეცადა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ საქმეს ვაკეთებ – საქმეს, რომელზეც მაფანატებს. ეს არის ხელოვნება!

– რაულის თამაშში განსაკუთრებულად რა გხიბლავდა?

– ბევრს გაუჩნდება კითხვა: “რატომ მაინც და მაინც რაული” იმ ოქროს ხანის პერიოდიდან გამომდინარე, სადაც მის გარშემო უამრავი ვარსკვლავი იყო, მაგრამ რაული ჩემთვის არამხოლოდ ფეხბურთელია – იგი არის გამომხატველი ესპანური ფეხბურთის, კულტურის. ეს ადამიანი მოედანზე ფლამენკოს უკრავდა, გადმოსცემდა ყველაფერ ესპანურს. როცა წამოვიზარდე, სწორედ რაულმა მიმიყვანა სერვანტესამდე, წიგნთან მაზიარა. თავადაც ხედავთ, რამდენი დადებითი მარცვალია მასში. ის არაა მხოლოდ სპორტსმენი, ის შემოქმედია. დღეს სწორედ ეს გვაკლია: კი, ბატონო, არსებობს ლეო მესი, არსებობს კრიშტიანუ რონალდუ და კიდევ ბევრი ვარსკვლავი, მაგრამ ფეხბურთელმა მოახერხოს იმდენი, რომ შეგაყვაროს არამარტო “რეალი” და ესპანეთის ნაკრები, არამედ მთლიანად ქვეყნის კულტურა – ეს მართლაც ფანტასტიკურია. დღემდე თამამად ვიტყვი, რომ ვარ ესპანური ფეხბურთის და მთლიანად ამ ქვეყნის სექტანტი!

– რა გრძნობა დაგეუფლა, როცა რაული “შალკეში” გადავიდა?

– რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი, რადგან ვერ წარმომედგინა რაული ესპანეთის ფარგლებს გარეთ და მით უმეტეს ვერ წარმოვიდგენდი “შალკეში”, თუმცა ეს ამ გუნდს და მთლიანად გერმანულ ფეხბურთს სულ არ აკნინებს. იგი “დონ კიხოტია” – ფათერაკებს ყოველთვის სიახლეებს სთავაზობს, თავგადასვლებს ეძებს, თუმცა ფაქტია, რომ იქაც უმაღლეს კლასს აჩვენებდა და მანუელ ნოიერთან ერთად გუნდის უდავო ლიდერი იყო. გული დამწყდა ჟოზე მოურინიოს განცხადების გამოც, რომელმაც თქვა, რომ რაული ჩემთვის იგივეა, როგორც მატერაციო… უხერხულია უბრალოდ. სხვათა შორის, ჟოზე მოურინიომ დიდი როლი ითამაშა ესპანეთის ნაკრების წარუმატებლობაზეც 2014–ის მუნდიალსა და ევრო2016–ზე. ბუნებრივია, ყველაფერს მას ვერ დააბრალებ, თუმცა პრესაში აქტიურად იწერებოდა “ბარსელონასა” და “რეალის” ფეხბურთელებს შორის კონფლიქტზე; იქ რამოსი–პიკეს მუდმივი ქილიკი ერთმანეთში, რომელიც დღემდე გრძელდება. ლუის არაგონესმა და დელ ბოსკემ გუნდი ერთ მუშტად შეკრეს, პორტუგალიელმა კი ამის დასანგრევად პირველი დიდი ნაბიჯები გადადგა.

– გამომდინარე იქედან, რომ ესპანეთში წლებია, “რეალი” და “ბარსა” მეფობენ, გასაკვირია შენი “ბილბაოსადმი” სიყვარული…

– “ბილბაოს” მხოლოდ სპორტული კუთხით ვერ ვუყურებ და ვერ ვქომაგობ. “ბილბაოსადმი” სიყვარული ყოველთვის მომყვებოდა, რადგან ჩვენი და ბასკების ურთიერთობის შესახებ ვიცოდი. გარდა ამისა, საზოგადო მოღვაწე და ჩვენთვის საყვარელ მწერალ დათო ტურაშვილს ეს ყველაფერი ძალიან კარგად აქვს აღწერილი. როცა უკვე უშუალოდ სპორტული კუთხით გადავერთე, კიდევ უფრო გამიღრმავდა სიყვარული. წარმოიდგინეთ, გუნდი, რომელიც ლეგიონერებზე ტრანსფერებს არ აკეთებს და მხოლოდ ბასკი ფეხბურთელებით ეჭიდავება “დევებს”, “ავატარებს”. არაერთი ლამაზი მომენტიც იყო: იქ ევროპალიგის ფინალში გასვლა, გზად ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედის” გამოგდება. ჩემი აზრით, მსგავსი 2–3 კლუბის არსებობა ფეხბურთში იდეალური იქნებოდა და დღეს, რასაც კრიზისს ეძახიან, რომ კლუბებმა ნაციონალურობა დაკარგეს, აღარ იქნება და ფეხბურთი უფრო ხატოვანი იქნებოდა. სტადიონს “კათედრალ სან მამესი” ჰქვია, ტაძრის სახელი და აქ ბევრი რამ ნათქვამია. ადგილი, სადაც მხოლოდ ბასკურ ენაზე საუბრობენ – ამ გუნდმა თავისი დამოკიდებულებით, გულშემატკივრობით მომწამლა. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუკი საქართველოში “ბილბაოს” ფან–კლუბიც ჩამოყალიბდება, რაც ნაკლებად მგონია რეალური, რადგან ბევრი შეიძლება, ჩემნაირად არ გიჟდება ამ კლუბზე, მაგრამ ჩვენი და ბასკების ურთიერთობისა და ფესვების გამო ნამდვილად იმსახურებს. სხვათა შორის, ბასკებმა მომწერეს ერთი საინტერესო ფაქტი და შემრცხვა, რომ არ ვიცოდი: 1998 წელს აწ გარდაცვლილმა ედუარდ შევარდნაძემ და ბილბაოს მერმა მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომელიც თბილისსა და ბილბაოს შორის მეგობრობას ითვალისწინებს.

– ჭორები ერნესტო ვალვერდეზე…

– წელსაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს “ბილბაოს” და ძალიან დამწყდება გული, თუ ერნესტო ვალვერდეს გაუშვებენ, რომელიც “ბარსელონაში” ლუის ენრიკეს შემცვლელად მოიაზრება. ჯერ იყო და, მარსელო ბიელსამ ააშენა საოცარი გუნდი და უმალ წაიყვანეს, ახლა ვალვერდე. აი, ხედავთ? ყველაფერთან ჭიდილი უწევთ!

– “ელ კლასიკოში” ვის გულშემატკივრობ ხოლმე?

– ლამაზ ფეხბურთს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში კატალონიის “ბარსელონა” გვთავაზობს. იქ არის ერთი ადამიანი, რომელიც ჩემთვის “ლა მანჩელია” – ანდრეს ინიესტა, რომელიც ალბასეტეში დაიბადა, ლამანჩის მხარეს. ის ამ ნაწარმოების ფესვს გამოხატავს. ვიტყოდი, რომ რაულთან ერთად, იგი “დონ კიხოტის” ერთ–ერთი პერსონაჟია.

– ტოპ 3 ესპანელი…

– ძალიან რთულია, მაგრამ რაული პირველ რიგში და შემდეგ ვიტყოდი ჩავი–ინიესტას.

– ესპანეთმა ბოლო 2 დიდი ფორუმი ჩააგდო. რა არის მთავარი პრობლემა?

– გავიმეორებ გენიალური ფეხბურთელის დავიდ სილვას ნათქვამს, რომ არაა საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, უბრალოდ უნდა ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რომლითაც მსოფლიო და ევროპა დავიპყარითო. დელ ბოსკეს დაბერებაზე საუბარი ზედმეტი მგონია… უბრალოდ, მან დაიწყო ტაქტიკურად რაღაც ახლის ძიება და სწორედ ამ დროს დაინგრა სისტემა. ასევე არასწორად მიმაჩნია ფეხბურთელების მოტივაციაზე ყურადღების გამახვილება. წესით, მოტივაცია 2010 წელს უნდა დაკარგვოდათ, როცა ჯერ ევროპა მოიგეს, შემდეგ მსოფლიო, მაგრამ როგორც დავინახეთ, ევრო2012–იც მიაყოლეს – ასეთ ფეხბურთელებს მოტივაცია არ უნელდებათ. რაც შეეხება ლოპოტეგის, მან ისევ იმ სტილის აღდგენა დაიწყო, რომლითაც ესპანეთმა ახალი მიწები დაიპყრო და მე მისი მჯერა. დელ ბოსკეს ახალი უნდა ეცადა და არ გამოუვიდა, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, იქ საკუთარ მწვრთნელს უდიდეს პატივს სცემენ.

– კიდევ ერთი საინტერესო საკითხი: დავიდ დე ხეა ბოლო 3–4 სეზონია, ფანტასტიკურ ფორმაშია და გარდა ამისა, იკერ კასილასიც ამტკიცებს “პორტუში”, რომ ჩამოსაწერი არაა…

– დე ხეას თამაშში ნაკლს ვერ უპოვი, საოცარ ფორმაშია და ვფიქრობ, ნაკრებში უფრო და უფრო მეტს იმსახურებს.

– რას ფიქრობ სამხრეთამერიკულ ფეხბურთზე?

– ყველა ის ქვეყანა მიყვარს, რომელიც ესპანურენოვანია. მაგალითად, თუ მუნდიალზე მექსიკა იტალიას ან გერმანიას ეთამაშება, ჩემი სიმპატიები ყოველთვის მექსიკელებისადმია.

– სხვა სახეობები…

– ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩოგბურთს – მით უმეტეს მაშინ ვუყურებ, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი ან რომელიმე ქართველი ასპარეზობს. გარდა ამისა, რაფაელ ნადალს ვგულშემატკივრობ და ეს ალბათ უკვე არავის გაუკვირდება (იღიმის). სადაც ესპანელია, იქ ვარ მეც – ნებისმიერ სახეობაში.

– ჩვენი საუბარი ქართული ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია და როგორ ფიქრობ, იყო თუ არა გასაშვები კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

– ჩემთვის ეს საკითხი ყოველთვის ამოუცნობად დარჩება. ვლადიმერ ვაისის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ცხადაძემ გააკეთა ის, რაც ბოლოს ჩვენი ნაკრების თავკაცის რანგში არავის არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ცხადაძის გაშვება ნამდვილად შეცდომა იყო.

– ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებიდან ყველაზე მოესპანურო ვინ არის?

– გამომდინარე იქედან, რომ გარკვეული პერიოდი ესპანეთში გატარებული აქვს გიორგი ჭანტურიას, მას აქვს უდიდესი პოტენციალი და იმედია, მალე უფრო კარგ ჩემპიონატში ვიხილავთ. ჩემი ფავორიტია ლევან მჭედლიძე, რომელსაც ერთი სიტყვით დავახასიათებდი – “სიურპრიზი”. მან 2007 წელს შოტლანდიასთან მოგებული (2:0) შეხვედრის შემდეგ მომწამლა. შეიძლება, გულშემატკივარს მისი ხშირი ტრავმიანობა აღელვებს და ამბობენ, რომ “ახლა მოიშუშა ტრავმა და ჯერ სანამ ფორმაში შევა და გატანას დაიწყებს”, მაგრამ ფაქტია, რომ წელსაც 17 მატჩში 6 ბურთი აქვს შეგდებული. აგერ, “მილანს” გაუტანა წინა კვირას და გადამიყვანა ჭკუიდან, შარშან ამავე სტადიონზე “ინტერს” დუბლი შეუსრულა, “პალერმოს” რიგებში ჯიჯი ბუფონს გაუტანა და ა.შ. კიდევ ერთი ფავორიტი ვაკო ყაზაიშვილია, რომელზეც ძალიან გული დამწყდა, როცა სერბეთთან ცნობილი ეპიზოდის გამო, როცა ჯანო ანანიძეს პასი არ გაუკეთა, მთელმა საქართველომ გააკრიტიკა და ზედ გადაუარა. რასაკვირველია, მეც გული დამწყდა, მაგრამ ვფიქრობ, ასეთ დროს მეტ გულშემატკივრობას იმსახურებს ჩვენი სტილის ნაკრები, რომელიც მოწყურებულია გამარჯვებას და ფეხბუთელებს ფსიქოლოგიურად უნდა გავუფრთხილდეთ. ძალიან მიყვარს “ქართული სპორტის ქომაგები”, რომლებიც უდიდეს საქმეს აკეთებენ, საოცარ გარემოს ჰქმნიან და მინდა, რომ ყველამ მიბაძოს მათ.

– შენი აზრით, ყველაზე ეფექტური და გამორჩეული ქომაგობა სადაა?

– საკუთარი 2 თვალით ვნახე და წავიყვანე “ბაიერნი”–”ჩელსის” შეხვედრა, 2013 წლის სუპერთასი და გამაოგნა “ბაიერნის” ფანობამ და მომეწონა “ჩელსის” გულშემატკივრების არისტოკრატულობა, თუმცა უფრო მეტად ბუნებრივია, “ბაიერნის” ქომაგებმა აღმაფრთოვანეს.

– 3 გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც ცოცხლად გინახავს…

– ჯერ კიდევ მატჩისწინა გახურებაზე გამაოცა არიენ რობენმა. ის უცხოპლანეტელი საერთოდ მოვხსნათ, რომელმაც თბილისში სუპერთასზე საოცრება ჩაიდინა. მესამეს ალბათ მაინც ჩავის დავასახელებ, რომლის ნახვაც ბედნიერება და მოსწრება იყო, რადგან 2 წლის შემდეგ ნაკრები დატოვა. გული მწყდება, რომ ცოცხლად ვერ ვიხილე რაულის თამაში, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ვნახე გიორგი ქინქლაძე.

– ყველა დროის ტოპ 3 გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი…

– მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვესწარი და ჩანაწერი არსებობს, რაც სრულად მაძლევს ჩემი აზრის გამოხატვის საშუალებას, დავით ყიფიანი, შოთა არველაძე და ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც “ვესტ ჰემთან” სასწაულს აკეთებს. კიდევ ბევრი საოცარი ფეხბურთელი გარეთ დამრჩა.

– ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები გველის წინ და შენი სასურველი ფინალი როგორი იქნებოდა?

– ესპანური ფინალი უკვე აღარ გამოვა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ იტალიური ფეხბურთის და კონკრეტულად ამ კლუბის გულშემატკივარი, ძალიან მინდა, რომ “იუვენტუსი” ფინალში ვნახო. უბრალოდ, ბუფონი იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის თასს. ფეხბურთი დღესასწაულია და ამ ადამიანმა არაერთი დღესასწაული გვაჩუქა და სანაცვლოდ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება ეკუთვნის. მეტოქედ “ატლეტიკოს” ვისურვებდი. ახლა ვიცი, რომ “რეალის” ქომაგებს ეს გააღიზიანებს, მაგრამ “ატლეტიკო” მაინც ბასკებთან ძალიან ახლოსაა, “ბილბაო” არ მყავს და ეგებ, ამით მაინც გავიდე ფინალში და რასაკვირველია, დიეგო სიმეონეს ფაქტორიც, თუმცა მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში ძალიან ახლოს იქნება წაგებასთან, რადგან ბუფონი ერთი და პაულო დიბალა არის მხატვარი, საოცარი მოთამაშეა.

– შენი გემოვნებით, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული…

– კასილასი – კაფუ, იერო, მალდინი, კარლოსი – ჩავი, ინიესტა, ყიფიანი – რაული, მორიენტესი, მესი და მწვრთნელად დიდი ნოდარ ახალკაცი. ძალიან საინტერესო იქნებოდა, როგორ შეკრავდა და შეალამაზებდა ამ გუნდს.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი