სანდრო ცნობილაძე: “ცხადაძის გაშვება არაადეკვატური გადაწყვეტილება იყო”!

189

ჩვენი მორიგი სტუმარი ცნობილი საფეხბურთო კომენტატორი და რადიოს “აფხაზეთის ხმა” სპორტული წამყვანი სანდრო ცნობილაძეა.

– პირველი ნაბიჯები ფეხბურთის სიყვარულისკენ და პირველი შეხვედრა, რომელსაც თვალი მიადევნე…

– 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი არგენტინა–იტალია, თუმცა დეტალებში ნამდვილად არ მახსოვს. ემოციურ დონეზე უკვე კარგად მახსოვს ამავე ჩემპიონატის არგენტინა–ჰოლანდია. ზუსტად ამ მუნდიალის დასრულების შემდეგ გამოვიდა გურამ ფანჯიკიძის წიგნი “არგენტინის ცის ქვეშ”, მისი წაკითხვის შემდეგ კი საფეხბურთო გემოვნებაზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდი. შემდეგ 1986 წლის მუნდიალზე ვნახე დიეგო არმანდო მარადონა და მას შემდეგ მივხვდი, რომ ფეხბურთში მასზე უკეთეს ვერაფერს ვნახავდი.

– მაგრამ გამოჩნდა მესი…

– მოდი, ასე ვიტყვი: დღეს რომ მესი არ იყოს, ფეხბურთი გაცილებით უინტერესო იქნებოდა; დღეს რომ მესი არ იყოს, არ ვიცი, რა იქნებოდა არგენტინის და ზოგადად ფეხბურთის მიმართებაში. დღეს რომ ვიწყებდე ფეხბურთის ყურებას, სწორედ მესის გამო გავხდებოდი არგენტინელთა ქომაგი, მაგრამ გააჩნია, რა თამაშს ვნახავდი. შეიძლებოდა, მენახა ის მატჩი ბრაზილიასთან (0:3), რომელიც ნოემბერში შესარჩევ ციკლში ჩაატარეს და აღარ ვყოფილიყავი არგენტინელთა ფანი, თუმცა თუ ვნახავდი “კოპა სენტენარიოზე” არგენტინელთა მიერ ჩატარებულ რომელიმე შეხვედრას, სადაც მესი დაფრინავდა, აუცილებლად მათ ქომაგობას დავიწყებდი. მაშინდელი არგენტინა იმდენად ძლიერი იყო, რომ სტაბილურად ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე ატარებდა, ამ არგენტინას კი ეს აკლია – ასე რომ, გააჩნია, რა თამაშს ვნახავდი პირველად.

– კონკრეტულად კომენტატორობის სიყვარული საიდან წამოვიდა და რას ნიშნავს შენთვის იყო კომენტატორი?

– რომ ვთქვა, ამ საქმისადმი ბავშვობიდან მქონდა სიყვარული–მეთქი, ნამდვილად მოვიტყუები. უბრალოდ, ფეხბურთს ვუყურებდი და ჩემთვის დადგა ის პერიოდი, როცა ამ ცხოვრებაში რაღაც უნდა მეკეთებინა. თან, იმ პერიოდში, როცა მე ინსტიტუტში ჩავაბარე, ქვეყანა ინგრეოდა და მშენებელის პროფესიისადმიც არასდროს მქონია მიდრეკილება. უბრალოდ, არ მინდოდა საბჭოთა ჯარში წასვლა და ამიტომაც, ჩავაბარე აქ. რაც შეეხება კომენტატორობას… ბავშვობაში სულ სხვა მიზნები მქონდა: ჯერ ტრამვაის, შემდეგ მეტროს მძღოლობა მინდოდა (იცინის). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დავფიქრდი: “სანდრო, რა გამოგდის ყველაზე კარგად”? მშენებელი კი ვარ, მაგრამ მაშინ კი არ აშენებდნენ, ანგრევდნენ ყველაფერს. კონკურსის წესით მოვხვდი ტელევიზიაში “საქართველოს ხმა”. აქ ერთი კურიოზია: მივედი სპორტული მიმართულებით და გასაუბრებაზე მკითხეს, ირაკლი წერეთელი რომ იყო, რას გააკეთებდიო. იმის გამო, რომ ეს ორგანიზაცია სამი წელი ეთერში ვერ გადიოდა, პირველი რეპორტაჟი 1997 წელს მომიწია.

– რას ფიქრობ დღევანდელ არგენტინის ნაკრებზე?

– ეს არის ყველაზე უცნაური ქვეყანა, რომელიც შეიძლება, დედამიწაზე არსებობდეს. საფეხბურთო თვალსაზრისით აქვთ ყველაფერი: ნიჭი; ჰყავთ მესი, აგუერო, დი მარია და ზოგადად, შესანიშნავი შეტევა, მაგრამ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწიოს. სადაც შეიძლება თქვა, რომ “ეს ცუდი ქვეყანაა”, ეს აუცილებლად არგენტინა უნდა იყოს – ცხოვრების დონით, კრიმინალით, ეკონომიკით… გასულ ოლიმპიადაზე წავიდნენ ისე, რომ ფული არ ჰქონდათ და ეგრეთწოდებულ “პოსლეზე” ჰქონდათ სასტუმროები აღებული, ეს ყველაფერი კი ფეხბურთელზე, რომელიც ძალზე სენსიტიური ტიპაჟია, მოქმედებს. ექტორ რაულ კუპერი იხსენებდა, რომ რიკელმე ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ შეიძლება, სადილზე რომელიმე კერძი არ მოსწონებოდა, აეტეხა ბუნტი და მთელი გუნდი აეყოლიებინა. ანუ, შესაძლოა, ისეთმა წვრილმანებმა იმოქმედოს გავლენა წარუმატებლობაზე, ჩვეულებრივ ადამიანს წარმოდგენაც რომ არ აქვს, მაგრამ ამ ასოციაციებში და ფედერაციებში იმიტომ არიან ის ადამიანები, რომ ამ მხრივ ფეხბურთელებს ხელი შეუწყონ, არგენტინაში კი პირიქით ხდება. იყო გრონდონას მაფია, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, გარდაიცვალა და ამ მაფიასაც წერტილი დაესვა. ახლა არის ძალიან საინტერესო პერიოდი: არიან ახალი სახეები და ცდილობენ რაღაცის გამოსწორებას. ჯერჯერობით მათი გადაწყვეტილება იყო ედგარდო ბაუსას დანიშვნა და მერე მოხსნა, რაც აბსოლუტურად ნონსენსი იყო. ახლა წავიდნენ ესპანეთში, ხორხე სამპაოლისთან მოლაპარაკებები წარმატებით გაიარეს და იგი ნაკრებს ზაფხულში ჩაიბარებს – ვნახოთ, რა მოხდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოვა, რადგან მგონია, რომ სამპაოლი არის ის ადამიანი, ვისაც პირველ რიგში, იმ ლოკალური ამოცანის შესრულება შეუძლია, რასაც 2018 წლის მუნდიალზე მოხვედრა ჰქვია.

– შენი ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობის პერიოდში საქართველოს ნაკრების თავკაცი ექტორ რაულ კუპერი იყო. თუ შეუდარებია ოდესმე მენტალიტეტით და სპორტისადმი მიდგომით არგენტინელები და ქართველები?

– კუპერი საჯაროდ საკუთარ ემოციებს, მით უმეტეს, რომ იგი საქართველოზე მთლად დადებითი არ ჰქონდა, არ ამჟღავნებდა. სამაგიეროდ, გამოხატავდა განცვიფრებას. მაგალითად, ძალიან გაუკვირდა, როცა ჭავჭავაძეზე ავტომობილმა კინაღამ ტროტუარზე დაარტყა. ძალიან გაუკვირდა, საერთოდ რა უნდოდა ტროტუარზე ავტომობილს და ამაზე 2 დღე საუბრობდა. რაც შეეხება არგენტინელი და ქართველი ფეხბურთელების შედარებას… როცა ჩამოვიდა და ჯერ კონტრაქტი გაფორმებული არ იყო, რეალობა დავანახეთ და ავუხსენით, რა პრობლემები გვაქვს ქვეყანაში, რაც არ გაკვირვებია, რადგან ჩემ ქვეყანაშიც ანალოგიური პრობლემებიაო, მაგრამ დაახლოებით ნახევარ წელიწადში დააყოლა, რომ ყველაფერი მესმის, მაგრამ ვერ ვიგებ, რატომ ეზარება ფეხბურთელს ნაკრებში ჩამოსვლაო. თუკი არგენტინის ნაკრებში ვინმე ლიდერი არ ჩამოდისო, ეს იმიტომ, რომ კლუბში მილიონებს იღებსო. იქვე ხავიერ ძანეტის ისტორიაც გაიხსენა, როცა კუპერი “ინტერს” წვრთნიდა და “ნერაძურის” ტრავმირებული კაპიტნის კომერციულ ამხანაგურ შეხვედრაზე გაშვება არ სურდა, სადაც ძანეტიმ ეს დაზიანება კიდევ უფრო გაიმიზეზა, შემდეგ კი ის მატჩი, სადაც ძანეტის უნდა ეთამაშა, “ინტერმა” წააგო და წააგო იმიტომ, რომ სწორედ მისი პოზიციიდან გავიდა გოლი. შესაძლოა, ასე საჯაროდ არ გამოხატავდა, მაგრამ მასთან დაახლოებული პირები ვხვდებოდით, რომ ეს ამბავი ძალიან აწუხებდა.

– საქართველოს ნაკრები…

– დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი საფეხბურთო ნაკრების პერიოდიდან ვამბობ, რომ მწვრთნელი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. შოთის, გიოს, ჯამარაულის და სხვათა თაობას ძალზე ძლიერი მწვრთნელი სჭირდებოდათ, რომლის თავკაცობითაც რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმს აუცილებლად ვითამაშებდით, რადგან იმ თაობას, მიუხედავად საშინელი დროისა და პირობებისა, დიდი პოტენციალი ჰქონდა. მე პირადად ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მომიწია მუშაობა კლაუს ტოპმიოლერთან და ექტორ რაულ კუპერთან. დღემდე მჯერა, რომ ამ დონის მწვრთნელი საქართველოში არ ყოფილა და სამწუხაროდ, ქართველი მწვრთნელები თავისი ცოდნით და გაქანებით მათ დონემდე ვერ მიდიან. ბუნებრივია, უშეცდომო არავინაა და ჩვენც ყველა დეტალს განვიხილავდით, მაგრამ ვცდილობდით, რომ ფეხბურთელებისთვის შეგვექმნა ისეთი პირობები, რომელთა წყალობითაც ნაკრები გარკვეულ შედეგს დადებდა. ჩავატარეთ ძალიან აგრესიული PR კამპანია, მაგრამ შედეგი მაინც ვერ ვნახეთ. შემდეგ იყო თემურ ქეცბაიას პერიოდი, სადაც ნაკრებმა ზედიზედ 10 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა, თუმცა მაშინაც სასურველი რეზულტატი არ იყო. ახლა კი, ჩემი აზრით, ყველაზე გაურკვეველი პერიოდია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ზაფხულისთვის დაგეგმა ამხანაგური შეხვედრა სენტ კიტსისა და ნევესის ნაკრებთან და ეს ამბავი გვამცნეს სიხარულით და თანაც, 3 დღით ადრე, სანამ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს სტუმრად მოლდოვასთან გავმართავთ. მე ასე მესმის, რომ როცა ამხანაგურ შეხვედრას გეგმავ, მით უმეტეს ოფიციალურამდე 3 დღით ადრე, ყველანაირად უნდა ეცადო, რომ სპარინგ–პარტნიორი ოფიციალური დაპირისპირების მეტოქეს რაღაცით მიამსგავსო, ხოლო თუკი ვინმემ სენტ კიტსის და ნევესისა და მოლდოვას შორის მსგავსება დაინახა, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა. უბრალოდ, არის ამხანაგური მატჩების დღე და ჩვენც, როგორც რუსები იტყვიან, для галочки (ჩათვლის ვარიანტში), უნდა ვითამაშოთ. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის არაადეკვატურობის პიკი! დღევანდელი ნაკრები აჩვენებს იმ შედეგს, რომელსაც რეალურად უნდა აჩვენებდეს. კი, ბატონო, მქონდა მოლოდინი, რომ მოლდოვას ნაკრებს მოვუგებდით, მაგრამ ვერ მოვუგეთ; არ მქონდა მოლოდინი, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთს მოვუგებდით, მაგრამ მოვუგეთ. ჩემმა მეგობარმა გიორგი ჯანელიძემ თქვა, რომ თვითონ ვლადიმერ ვაისი ვერ გარკვეულა სიტუაციაში. დასკვნის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არის ის შედეგი, რაც რეალურად უნდა იყოს.

– იყო თუ არა კახა ცხადაძე გასაშვები?

– რა თქმა უნდა, არა. ამ კითხვაზე ყველაზე კარგი პასუხი გასცა შოთა არველაძემ: “ცხადაძის გაშვებით თქვენ ქართულ ფეხბურთს გაუკეთეთ აბორტი”. იმიტომ, რომ ვიღაცას მოუნდა ცხადაძის გაშვება, ეს არის უდიდესი შეცდომა! თან, არ ვარ ერთადერთი ადამიანი, ჟურნალისტი ან უბრალოდ ქომაგი, რომელიც ამას ამბობს. თავად ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც აცხადებდა, რომ ცხადაძესთან ერთად ჩვენ ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, მივიღეთ გუნდის იერ–სახეო და ყველანაირად მიესალმებოდა მის იქ ყოფნას. როცა კაპიტანი ასეთ რამეს ამბობს და შენ ადგები და ამ კაცს მაინც გაუშვებ, რბილად რომ ვთქვათ, ეს ადეკვატური გადაწყვეტილება არაა. ადგა ეს კაცი და შოტლანდიას მოუგო. მითი, რომ “ჩვენ შოტლანდიას ყველგან ვუგებთ” არის სრული ანომალია! დავიწყოთ იქედან, რომ ყოველთვის ყველას ვერ ვუგებთ და მით უმეტეს, შოტლანდიას, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. მოგწონს, არ მოგწონს, ეს თამაში მოვიგეთ. შემდეგ წავიდა გერმანიაში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან სტუმრად მხოლოდ 15 წუთი, მაგრამ ფეხბურთი ითამაშა და პლიუს ამას, კანკავამ შეაგდო ულამაზესი გოლი, რომელიც უეფას მიერ დასახელებულ თვის საუკეთესო გოლებში სრულიად დამსახურებულად მოხვდა. ის თამაში წავაგეთ, მაგრამ ჩვენ კი არა, ნებისმიერი გრანდი ვერ გეგმავს გერმანიაში მოგებას. ასე რომ, შოთის პასუხი ყველაზე ნათლად ასახავს ვითარებას.

– შენი სასურველი ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე…

– მინდა, რომ “ატლეტიკო” ფინალში გავიდეს და მეტოქეს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ზედაპირულად თუ შევხედავთ, დავუშვათ, რომ კარგია, თუკი ფინალში “მონაკო” შეხვდა, მაგრამ “ატლეტიკოა” თვითონ ისეთი გუნდი, რომლისთვისაც მეტოქეს განსაკუთრებული ყურადღება არ ენიჭება, რადგან ყველას ერთი სტილით ეთამაშება და თან, ერთნაირად მაღალ დონეზე.

– როგორ ფიქრობ, რა რესურსი აქვს “ატლეტიკოს”, რომ ორი მატჩის ჯამში “რეალის” ბარიერი დაძლიოს?

– რა რესურსი აქვს “რეალს”? რესურსი არის კრიშტიანუ რონალდუ, ისკო… “რეალის” რესურსი არის ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება, მოედანზე გამოვიდეს – ვგულისხმობ მეორე შემადგენლობას. ანუ, “რეალს” თამაშის გაძლიერების მეტი ფუფუნება აქვს, ვიდრე დიეგო სიმეონეს გუნდს. “ატლეტიკო” 13–14 ფეხბურთელში ტრიალებს. იქ ფერნანდო ტორესი და კევინ გამეირო არიან. ტორესი ფორმაში არაა, გამეიროც ახალი გამოჯანმრთელებულია. “როხი ბლანკოს” რესურსი არის გრიზმანი, დიეგო გოდინი და რაც მთავარია, სიმეონე. არის პრობლემები ხუანფრანთან და მარჯვენა მცველთან დაკავშირებით, სადაც ბოლო თამაშებში ხიმენესს უწევდა ასპარეზობა, მაგრამ ჩემი აზრით, “ატლეტიკო” არის ის გუნდი, რომელსაც საკუთარ თავში იმ ძალის და რესურსის პოვნა შეუძლია, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არ ჩანს და შეიძლება, გუნდში აღმოჩნდეს მოთამაშე, რომელზეც არავის გვგონია, რომ გადამწყვეტ როლს ითამაშებს და უცებ, სწორედ ეს ადამიანი იქცევა გმირად. ასეთი გუნდია “ატლეტიკო” და სწორედ ამიტომ მიყვარს, თორემ მადრიდელები დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზ ფეხბურთს რომ არ თამაშობენ, ეს ყველამ იცის. აქ სხვა რამეებია დასაფასებელი: სიმეონეს შრომა; მან კარასკოსგან ფეხბურთელი გააკეთა, გრიზმანისგან კი ვარსკვლავი გამოაწრთო. არგენტინელმა გააცოცხლა ტორესი, რაც ურთულესი იყო. დაბრუნდა მადრიდში ადამიანი, რომელიც კლუბის ლეგენდაა, სიმეონემ კი გარისკა და დასვა სათადარიგოთა სკამზე – ამის გაკეთებას უდიდესი ავტორიტეტი სჭირდება. თუნდაც გოდინის ფეხბურთი ვინმეს ახსოვს? სიმეონეს ხელში ერთ–ერთ საუკეთესო მცველად იქცა. ასევე ხიმენესი, საულ ნიგესი, სავიჩი… კოკე და გაბი რომ შეაერთო, ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი გამოვა, მაგრამ სიმეონეს ხელში ასე არაა. მოკლედ, ეს არის ამ კაცის გუნდი და მიყვარს ასეთი გუნდები. ზინედინ ზიდანი ცდილობს, რომ “რეალი” მისი გუნდი იყოს, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. რაფა ბენიტესის გუნდი იყო “ვალენსია” – მიუხედავად იმისა, რომ იგი მაინც კუპერის გამგრძელებლად ითვლება, არგენტინელის დაწყებული შენება ესპანელმა ბოლომდე მიიყვანა. ძალიან მიზიდავს ისეთი მწვრთნელები, რომლებზეც შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მისი გუნდია.

– ყველა დროის საუკეთესო ფორმაციის გუნდი და ნაკრები…

– კლუბზე თუ ვილაპარაკებთ, ეს ცალსახად პეპ გუარდიოლას “ბარსელონაა”, ნაკრებში კი ცოტა ვიჭედები, რადგან ორი ისეთი გუნდი უნდა ვთქვა, რომელთაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს – ერთი არის 82 წლის ბრაზილია და 94 წლის არგენტინა, თუმცა მაინც ამ უკანასკნელზე შევჯერდები.

– საუკეთესო თამაში, რომელიც ლაივში გინახავს…

– უდავოდ 2005 წლის ლეგენდარული სტამბულის ფინალი მთელი თავისი სიუჟეტით, დრამით, ვარსკვლავებით და ა.შ.

– საუკეთესო თამაში, რომელიც წაგიყვანია…

– ასეთი ორია და გამორჩევა ძალიან მიჭირს: ერთი არის ის თამაში, როცა 2012 წელს “მანჩესტერ სიტი” რობერტო მანჩინისთან ერთად გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი და მეორე არის 2011 წლის სერია A–ს შეხვედრა “ნაპოლისა” და “ლაციოს” შორის – 4:3. ეს იყო ადრეული მატჩი და ზოგადად, ადრეული შეხვედრები ასეთი თვალსასეირო არ გამოდის ხოლმე, ეს კი უნიკალური გამონაკლისი გამოდგა, თუმცა მნიშვნელობით ისტლენდელთა გამარჯვება იყო ეპოქალური, რაზეც ფილმები გადაიღეს და დღემდე აღფრთოვანებით იხსენებს ყველა და გამომდინარე იქედან, რომ გამარჯვების გოლი სერხიო აგუერომ შეაგდო, პირველ ადგილზე მაინც “სიტის” თამაშს დავაყენებ. თან, არგენტინელი შემტევები პრემიერლიგაში დიდად ვერ გამოირჩეოდნენ და ეს მითი აგუერომ დაანგრია. სიმბოლურია, რომ ორივე შეხვედრა ტატო ბაციკაძესთან ერთად მიმყავდა.

– მარადონა თუ მესი?

– მარადონა და ამის ბევრი ფაქტორია. ძალიან ტრივიალურ ფაქტს, რომ “მარადონას მსოფლიო აქვს, მესის – არა” თავი რომ გავანებოთ, არის კიდევ სხვა ფაქტორები: მარადონას თამაშის პერიოდში ფეხბურთის ასე ხშირად ნახვის ფუფუნება არ იყო, მესის ლამის კვირაში 3–ჯერ ვუყურებთ. მესი თითქოს, შენიანია, ოჯახის წევრივითაა. მაგალითად, როცა დამტვრეული იყო და არ თამაშობდა, მარტივად ვიტყვი, რომ მომენატრა, მაგრამ არის ფაქტორები, რომლებიც მარადონაზე უფრო დადებითად მეტყველებს. სხვა საქმეა, რომ მესის ფაქტზე, ყოფილიყო ისეთი, როგორიც მარადონა იყო, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, პრეტენზია არ ჰქონია. მაგალითად, 86 წლის მუნდიალზე ინგლისთან გამარჯვების შემდეგ მარადონას თაოსნობით რაც ხდებოდა არგენტინელთა გასახდელში, მესი ამის გამკეთებელი არაა. მესი არის ასეთი და მადლობა ვთქვათ არგენტინის და ზოგადად, ფეხბურთის ქომაგებმა, რომ იგი არსებობს. ეს არის ადამიანი, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი: მესის და იგივე კრიშტიანუს გარეშე ფეხბურთი ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. მარადონა უფრო ქარიზმატული ტიპაჟია: შეიძლება, არგენტინაში დემონსტრაცია დაიწყოს აშშ–ის პრეზიდენტის წინააღმდეგ, რასაც მესი, ბუნებრივია, არასდროს იზამს. თავისთავად ფაქტი, რომ მარადონას აქვს მსოფლიო და მესის არა, ეს დიეგოს პლიუსია – ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თან, მარადონამ ითამაშა “ნაპოლიში”, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახადა, მესი კი დღევანდელი ლოგიკითა თუ სატრანსფერო ბაზრით ვერანაირად ვერ მოხვდება მაგალითად, “ვილიარეალში”. დღეს ვარსკვლავი თუ გადადის კლუბიდან კლუბში, გადავა აუცილებლად გრანდში.

– მესი თუ რონალდუ?

– ცალსახად მესი!

– ტოპ 5 არგენტინელი…

– მარადონა, მესი, ბატისტუტა, რედონდო და პასარელა. მარადონა და მესი გასაგებია; ბატისტუტა არის ფეხბურთელი, რომელიც ამოუხსნელი მოვლენა იყო; არ იყო ისეთი კაშკაშა ვარსკვლავი, როგორიც დიეგო და ლეო, მაგრამ იყო პიროვნება, რომელიც თამაშობდა 9 ნომერზე და თუ დაარტყამდა, აუცილებლად გაიტანდა. მიუხედავად ბევრი მთხოვნელისა, იგი “ფიორენტინას” გადაჰყვა სერია B–ში, შემდეგ სერია A–ში დაბრუნდა. მერე იმდენი გააკეთა, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგა ათამაშა და “არსენალი” გამოაგდო, შემდეგ “მანჩესტერთან” “ოლდ ტრაფორდზე” ისეთი გოლი გაიტანა, ბევრი დღემდე ვერ ხვდება, საერთოდ რა ტრაექტორიით გაუშვა ბურთი. თითქოს, ვალი მოიხადა “ფიორეს” წინაშე და იმიტომ, რომ ტიტულები მოეგო, წავიდა “რომაში” და იქაც უმაღლეს დონეზე ითამაშა. რედონდოზე ჭკვიანი და ინტელექტუალი ფეხბურთელი ძალიან ცოტა მინახავს და თან, პოზიცია ჰქონდა ისეთი, რომ ორივე ძალიან სჭირდებოდა. ერთი პერიოდი მომენტი, როცა “ოლდ ტრაფორდზე” ჰენინგ ბერგს საოცრებას უკეთებს, ჩემპიონთა ლიგის ქუდში ტრიალებდა. მე ბერგის ადგილას იმ თამაშს აღარ გავაგრძელებდი. პლიუს ამას, პიროვნული თვისებები: წავიდა “მილანში”, დაიმტვრა, იქ ხელფასზე თქვა უარი და ა.შ. რაც შეეხება პასარელას, იგი ძალიან სადაო ფიგურაა. პასარელა 78 წლის ნაკრების კაპიტანი იყო და ეს თავისთავად დიდი მოვლენაა, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის კაპიტანი ხარ. შემდეგ იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი და გუნდში გრძელთმიანი მოთამაშეები აკრძალა; პასარელა იყო ადამიანი, რომელიც 86 წლის მუნდიალის წინ გარკვეულ ინტრიგებს ხლართავდა და ამ გარემოებებმა შესაძლოა, იგი უარყოფით ტიპაჟად წარმოგვიდგინოს, მაგრამ ყველაფერ ამას წონის ის, რომ იგი 78 წლის ნაკრების კაპიტანი იყო თან, მაშინ ქვეყანაში იყო ურთულესი პერიოდი და არგენტინას სჭირდებოდა არამარტო საშინაო მუნდიალის უმაღლეს დონეზე გამართვა, არამედ მოგება და ამისათვის პასარელამ ყველაფერი გააკეთა.

– ბატისტუტა და ტიპიური 9 ნომერი ვახსენეთ… დღევანდელ ფეხბურთში შენთვის არის 9 ნომრის დანაკლისი?

– ჩემთვის არა 9, არამედ 10 ნომრის დანაკლისია, რომელიც დღეს რეალურად მხოლოდ მესია, თორემ 9 ნომერი არის: იგივე პიპიტა, ლევანდოვსკი, სუარესი. უბრალოდ, ამ 9 ნომერმაც გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა. 9 ნომერი არის ქარიმ ბენზემაც, მაგრამ უკან ჩამოდის, ფლანგზე გადადის, იქ იღებს ბურთს. თანამედროვე ფეხბურთში კონკრეტულად საჯარიმოზე დაგეშილი ფორვარდის ყოლა უკვე ფუფუნებაა. აი, მაგალითისთვის მორატა ავიღოთ, რომელიც ტიპიური 9 ნომერია, მაგრამ ვერ ხვდება ძირითადში. რატომ? იმიტომ, რომ ბენზემა უფრო მრავალმხრივია. ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ იყო ტიპიური 9 ნომერი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მაგარია იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც ამ ფუნქციის მატარებლები არიან, რადგან მრავალი მისიის შესრულება უწევს. ეს 9 ნომრის ინსტიტუტი გარდაისახება, კონკრეტულად საჯარიმოზე დაგეშილი ფორვარდები ნელ–ნელა უკან ჩამოიჩოებენ და წამოვლენ ზლატანის ტიპაჟი თავდამსხმელები.

– და ბოლოს: შენი ყველა დროის სიმბოლური ნაკრები…

– ჰარალდ შუმახერი – კაფუ, ნესტა, კანავარო, მალდინი – რედონდო, ვიეირა, მარადონა – რონალდუ, მესი, ვან ბასტენი და მწვრთნელად დიეგო სიმეონე, რომელიც ერთადერთია, ვინც შეძლებს, რომ რონალდუ, მესი და მარადონა ერთად ათამაშოს. სხვათა შორის, ბევრი შემომედავება, რომ კარში რატომ ბუფონი არ მყავს. ჯიჯი ბევრჯერ მყავს ნანახი და უდავოდ ძალიან მაგარი მეკარეა, მაგრამ ასევე ცოცხლად ვნახე ბავშვობაში შუმახერის თამაში მაშინ, როცა თბილისში მოსკოვის “სპარტაკი” და “კიოლნი” თამაშობდნენ და ის თამაში “კიოლნმა”, რომელსაც 10:0 უნდა წაეგო, არ წააგო, რადგან კარში შუმახერი იდგა, რომელმაც არანორმალური ბურთები აიღო. ბუნებრივია, რომ შავი ლაქა აქვს თუნდაც ფრანგებთან ის ცნობილი შეჯახება და კიდევ უფრო დიდი ლაქაა 86 წლის მუნდიალზე პირველივე შეხვედრაში ბრაუნისგან მიღებული ბურთი, როცა კარიდან წესიერად ვერ გამოდის და შემდეგ თვითონ თქვა, მე კი არ შევცდი, ბურუჩაგამ ისე ჩააწოდა, რომ ვერ გავიგე, რა ტრაექტორიით წამოვიდა ბურთიო.