ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა

342

8 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში იტალიაში მცხოვრები ბათუმელი ხელოვანის, ქალბატონი გულნარა მიქანაძე-სვანიძის ნაქსოვი თოჯინების გამოფენა გაიმართება. ექსპოზიციაზე 100-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. Yellowblog.ge  გამოფენის დეტალებით დაინტერესდა და ქალბატონ გულნარას გაესაუბრა.

ქალბატონო გულნარა, რა პროფესიის ბრძანდებით?

პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ სკოლაში ხატვა-ხაზვის და შრომის  მასწავლებლად ვმუშაობდი.  შემდეგ კი უნივერსიტეტში შრომითი სწავლების მეთოდიკას ვასწავლიდი.

როგორც ვიცით იტალიაში ცხოვრობთ, რას საქმიანობთ იქ?

იტალიაში 2003 წლიდან წავედი და მოხუცებს ვუვლი.

რა იყო თქვენი შთაგონების წყარო? როდის დაიწყეთ თოჯინების გაკეთება?

ხელნაკეთი თოჯინების ტექნიკას სკოლაშიც ვასწავლიდი, მაგრამ ასეთი მინიატურული, სახასიათო თოჯინების დამზადება 2010 წლიდან დავიწყე კობა ჭუმბურიძის ნოველების კრებულის „რუბიკონის“ წაკითვის შემდეგ. პირველი თოჯინა „რუბიკა“ მოვქსოვე, შემდეგ კი დანარჩენები.

რა დრო გჭირდებათ ერთი თოჯინის მოსაქსოვად?

გააჩნია თოჯინას, თუ მელოტია მალევე იქსოვება, გრძელთმიანი კი უფრო რთულია, თმა ცალ-ცალკე მაგრდება. სულმცირე 2 საათია საჭირო მარტივი თოჯინისათვის, ყველაზე დიდი კი 2 დღე.

რა მასალას იყენებთ  თოჯინების დასამზადებლად?

თოჯინები ხელოვნური ძაფისგან იქსოვება და შემდეგ ხდება მისი ხელოვნური ბამბით დატენვა.

გამოფენის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება თუ არა თოჯინის შეძენა?

თოჯინები სურათების მიხედვითაა დამზადებული და პატრონს ვაჩუქებ გამოფენის შემდეგ. თუ რომელიმე დარჩა, მაშინ გავაჩუქებ. ძალიან მინდა შემოწირულობის ყულაბაში მოგროვდეს თანხა, რომელიც ლეიკემიით დაავადებულებს მოხმარდება. ყველა მეგობარს ვაფრთხილებ, რომ არ მომიტანონ ყვავილები და თანხა ყულაბაში ჩაყარონ.

ქალბატონი გულნარას ხელნაკეთი თოჯინების ნახვა და ლეიკემიით დაავადებულებისათვის შემოწირულობის გაღება დღეს , საღამოს 18.00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

თეო ჩომახიძე