სალი ფანგანი – იურისტი რომლის პირველივე კოლექცია Fashion Week-ის ჟიურის რჩეული გახდა

268

სასიხარულო ფაქტია, რომ მოდის სამყაროში შეინიშნება წინსვლა, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერი ჩნდება ასპარეზზე. მე-10 მოდის კვირეულმა ე.წ ”ნიუქამერი” გამოავლინა. სალი ფანგანი პროფესიით იურისტია, თუმცა სალვადორ დალის თემატიკაზე შესრულებული მისი ნამუშევრები ჟიურის წევრებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. Yellowblog.ge-ს სტუმარი  წლევანდელ ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსში გამარჯვებული -სალი ფანგანია.

დოსიე :

სახელი: სალი

გვარი : ფანგანი

დაბ. თარიღი: 12.01.1991 წ.

განათლება: ალმა მატერის იურიდიული ფაკულტეტი

ჰობი: ძალიან მიყვარს თეატრი და ვცდილობ დავესწრო ყველა პრემიერას.

 

სალი, რა პროფესიის ხარ ?

პროფესიით იურისტი ვარ.

რამდენი ხანია რაც მოდის სფეროში მოღვაწეობ? იურისტი მოდის სამყაროთი როგორ დაინტერესდი?

ერთი წელია უკვე რაც მოდის სფეროში ვარ. მოდის სამყარო ყოველთვის მაინტერესებდა, რეალურად ეს იყო ჩემი ჰობი და გადავწყვიტე ძალები მესინჯა ამ კუთხით, ამიტომაც გავაკეთე კოლექცია fashion week-ისთვის.

გაქს როგორც ტანსაცმლის, ასევე ფეხსაცმლის ხაზი. რომელზე უფრო გიყვარს მუშაობა?

ჩემთვის ძირითადი ხაზი ტანსაცმელია და ამ განხრით ვმუშაობ. თუმცა ვცადე ჩემი კოლექციისათვის ფეხსაცმლის შექმნაც.

აქსესუარი, რომელსაც მუდმივად ატარებ:

უპირატესობას აქსესუარებიდან სათვალეს ვანიჭებ.

შენი აზრით, რამდენად გემოვნებით იმოსებიან თბილისში?

ძნელი სათქმელია, არის ხალხი, რომლებიც ნამდვილად გემოვნებით იცვამენ და ასევე ხშირად ვხვდებით საპირისპირო სიტუაციასაც.

ვინ არის შენთვის გამორჩეული ქართველი დიზაინერი და რატომ?

გამორჩეული ქართველი დიზაინერი მყავს და ის ავთანდილ ცქვიტინიძეა. ავთანდილი ძალიან ნიჭიერი და გამოცდილი დიზაინერია და მე მისი მომხმარებელი ვარ ბავშვობიდან.

რომელ მაღაზიაში შეიძლება შევიძინოთ სალი ფანგანის ნამუშევრები?

ხელშეკრულება მაქვს მაღაზია co.mode-თან გაფორმებული. უახლოეს მომავალში სწორედ ამ მაღაზიაში შეგეძლებათ ჩემი ნამუშევრების შეძენა.

წელს მოდის კვირეულზე მიიღე მონაწილეობა, როგორ ემზადებოდი? რითი იყო განსხვავებული შენი კოლექცია?

დავიწყოთ იმით, რომ მქონდა ყველასგან განსხვავებული თემა. ჩემი კოლექცია მთლიანად სალვადორ დალის შემოქმედებას მიეძღვნა. ამას გარდა , ყველა ადამიანს ინდივიდუალური ხედვა აქვს, რაც აისახება მათ ნამუშევრებზე და არც ჩემი კოლექცია იყო გამონაკლისი ამ მხრივ.

კვირეულზე დამწყებ დიზაინერთა კონკურსში ე.წ ნიუქამერში გაიმარჯვე. ელოდი თუ არა ამ გამარჯვებას? და რა იყო პრიზი?

გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, რადგან ეს ჩემი პირველი კოლექცია იყო. უფრო ძალების მოსინჯვა მინდოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უცხოელმა ჟიურიმ უპირატესობა ჩემს ნამუშევრებს მიანიჭა.  რაც შეეხება პრიზს, გადმომეცა ფულადი ჯილდო და ასევე მომავალი წლის მოდის კვირეულზე მონაწილეობის მიღება მთავარ ჩვენებაში.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

 

გეგმას რაც შეეხება, უკვე ვემზადები მომავალი მოდის კვირეულისათვის, რომელშიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს კოლექციას მთავარ ჩვენებაში წარმოვადგენ.

 

თეო ჩომახიძე