პლაგიატი ჩემთვის უკვე დიდ პრობლემას წარმოადგენს, აქტიურად აკეთებენ ასლებს, თუმცა უხარისხოდ – თამთა შინდელიშვილი

166

თამთა შინდელიშვილი ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერია, რომელმაც უკვე მიაღწია ბევრ წარმატებას და არც მომავალში აპირებს გაჩერებას. თამთამ 2013 წლის მოდის კვირეულზე ე.წ“ნიუქამერებში” გაიმარჯვა, წელს კი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით მთავარი ჩვენების ფარგლებში  წარსდგა მოდის მოყვარულთა წინაშე.

დოსიე

სახელი: თამთა

გვარი: შინდელიშვილი

დაბ. თარიღი: 21.09.1986

განათლება: მოდის დიზაინერი

 

თამთა, როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები მოდის სამყაროში?

ერთი წლის წინ დავამთავრე აკადემიაში მაგისტრატურა, რის შემდეგაც ჩვეულებრივ  გავაკეთე სადიპლომო ნამუშევარი. ეს იყო მეტალებიანი კოლექცია, რომლითაც შემდეგ თბილისის მოდის კვირეულზე დამწყებ დიზაინერთა კონკურსში ე.წ ”ნიუქამერებში” გავიმარჯვე. ასევე ეს კოლექცია გავიტანე კონკურსზე ”Benext”, რომელიც სოფო ჭყონიას ორგანიზებით ტარდება და ძირითადად საზღვარგარეთიდან ჩამოსული დამწყები დიზაინერები იღებენ მონაწილეობას. ამ კონკურსზეც გავიმარჯვე, მქონდა სხვადასხვა შემოთავაზება და ყველაფერი თავისთავად აეწყო. ”Benext”-ზე შემდეგ კიდევ გავიტანე მეორე კოლექცია ხის ეფექტით და კიდევ ავიღე პრიზი.

მოდის კვირეულზე გამარჯვების შემდეგ გადმოგეცა პრიზი, სწავლება მილანში. იყავი უკვე წასული?

არა, ჯერ არ ვყოფილვარ, სამწლიანი ვადა მაქვს და ამ დროის განმავლობაში უნდა წავიდე. ბავშვები მყავს, თორემ ახლავე წავიდოდი. როდესაც მილანში წავალ Milani style academy-ს  კურსებიდან ავირჩევ ჩემთვის სასურველ კურსს და დავეუფლები.

რას ელი მილანისგან?

იმას, რომ რაც აქ ვერ ვისწავლე იქ დავხვეწო და  გავიღრმავო ცოდნა. უფრო კონკრეტულად საუბარი ვის მოეწონები, ვინ აგიყვანს ცოტა რთულია და მსგავსი მოლოდინი არ მაქვს.

წლევანდელ მოდის კვირეულზე, როგორც ვიცი, შენს კოლექციაში იყო გამოყენებული ლაზერით გრავირება, რისთვისაც ადრე სხვა დიზაინერებს არ მიუმართავთ.

მე, როგორც დამწყები დიზაინერი ყოველთვის ვცდილობ ჩემს კოლექციებში შევიტანო სიახლეები, გავაკეთო ის, რაც არ მინახავს. სწორედ ეს არის ჩემი ნიშა, შევქმნა ისეთი რამ, რაც არ ყოფილა, თორემ იმდენი დიზაინერია ძნელია სახელის დამკვიდრება სხვანაირად. ყოველთვის ვეძებ ტექნოლოგიურ სიახლეებს იმისათვის, რომ  კოლექცია საინტერესო გამოვიდეს. არ გამიგია, რომ გრავირება ფაქტურების შექმნისათვის გამოეყენებინოთ, ამიტომაც   ექსპერიმენტის სახით გავაკეთე.

რამდენად ხარ დაცული იმისგან, რომ იდეას არ მოგპარავენ?

დაცული არ ვარ და სამწუხაროდ, ყოველივე ეს ჩემთვის უკვე დიდ პრობლემას წარმოადგენს. აქტიურად აკეთებენ ასლებს, თუმცა უხარისხოდ.

საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ გაგიტანია შენი ნამუშევრები?

დიახ, რამდენიმე ქვეყანაში აქტიურად ვთანამშრომლობ შოურუმთან. ძირითადად, მოსკოვიდან  და საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არის დაკვეთა. ექსკლიუზიურად გეტყვით, რომ თვის ბოლოს ყაზახეთში  მიმაქვს ჩემი ნამუშევრები.

 ახლახან იყო მე-10 მოდის კვირეული, სადაც როგორც წინა FASHION WEEK-ის ”ნიუქამერმა” წარმოადგინე კოლექცია მთავარ ჩვენებაში. მოგვიყევი ამის შესახებ.

გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია იყო წარმოდგენილი, აქცენტი გავაკეთე ფეხსაცმელზე, რადგან ფეხსაცმლის დიზაინზე მუშაობა უფრო მიყვარს. ვფიქრობ ჩემი კოლექცია საინტერესო და კომერციული გამოვიდა.

თუ გაქვს მაღაზია, სადაც შეიძლება შენი ნამუშევრების შეძენა?

არა, სამწუხაროდ არ მაქვს ამჟამად. მსურველები ინტერნეტის საშუალებით მეხმიანებიან.

ცნობილი სახეებიდან ვინ ატარებს თამთა შინდელიშვილის ბრენდს?

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, მერსი სულხანიშვილი, სალი გოგიბერიძე, თაკო ჩხეიძე, მანიკა ასათიანი, ჟურნალ ”ბომონდის” რედაქტორი – თეა აგლაძე და ბევრი სხვა.

წლევანდელი ”ნიუქამერი” სალი ფანგანი გახდა. თუ დაესწარი კონკურსს და რამდენად მოგეწონა მისი ნამუშევრები?

კონკურსს დავესწარი. რაც შეეხება წლევანდელ ”ნიუქამერს”, კოსტიუმებზე მეტად მომეწონა იდეა. საინტერესო პერფომანსი ჰქონდა. ”ნიუქამერებში” ჩემი მეგობრებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებსაც ვგულშემატკივრობდი.

ამ მოდის კვირეულზე ვისი ნამუშევარი მოგეწონა ყველაზე მეტად, ჩვენებაში 20-მდე წარმატებული დიზაინერი მონაწილეობდა.

კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ ამ შემთხვევაში. იყვნენ ისეთებიც, რომელთა კოლექცია საერთოდ არ მომეწონა. ზოგადად კი, დიზაინერებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

ვინ არის შენი ფავორიტი დიზაინერი?

მომწონს ვინც აკეთებს კონცეპტუალურ მოდას. ძალიან მომწონს ბელგიური მოდა და ასევე ანტვერპენის სკოლის დამთავრებულების ნამუშევრები.

რა არის შენი უახლოესი გეგმები?

 

ძნელია გეგმებზე საუბარი, ყველაფერი თავისით ხდება.

 

 

თეო ჩომახიძე, ანა ბაციკაძე