მე თითქმის უკვე მკვდარი ვარ, უბრალოდ ახლა მინდა სხვებსაც გავაგებინო, რომ არ ღირს ეს საზიზღრობა იმად, რომ თავი შეაკლა

783

ნარკომანიაზე და ნარკოდამოკიდებულებაზე საუბრით დღეს საქართველოში ვერავის ვერ გააკვირვებ, სამწუხაროდ ეს სენი საკმაოდ დაუძლეველი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის და საკმაოდ ბევრ ოჯახს დაუნგრია ცხოვრება , ბევრი ახალგაზრდა კი ფიზიკურად შეიწირა, თუმცა ამ თემაზე საუბარი ყოველთვის ღირს და არასდროს არ არის ახალგაზრდებისთვის იმის შეხსენება ზედმეტი, რომ ჯობია არ გაეკარო და დარჩე ცოცხალი.

სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება yellowblog.ge – ის დღევანდელი სტუმარი რომლის სახელსაც რათქმა უნდა არ დავასახელებთ და პირობითად გ.ს. ვუწოდეთ:

 

– რა ასაკში დაიწყე ნარკოტიკის მოხმარება?

 

– 17 წლის ვიყავი თუ 18 ის, ზუსტად არ მახსოვს, მაშინ კი იცი რა ბუმიც იყო თბილისში, ყველა იკეთებდა და წამალიც ადვილად იშოვებოდა…

 

– რატომ დაიწყე? რა მოტივაცია გქონდა მაშინ?

 

– ასე ზუსტად ვერ გეტყვი, ალბათ მოდაც, ტან ასწორებდა, თავიდან ასწორებს კაიფი, მერე და მერე ხდება საწამლავი, თან ისეთ ასაკში გავიკეთე პირველად, რომ მერომანტიულებოდა ალბათ, მაგარი ტიპობა იყო…

 

– მერე რა თქმა უნდა „შეჯექი“?!…

 

– ხო, თავიდან ფულები იყო და ამიტომ ჰეროინს ვიკეთებდით ბიჭები, მერე ნელ-ნელა გამოგველია და სუბოზე გადავედით, საშინელი ლომკა აქვს და ტან მაგან მომისპო ორგანიზმი, ყველა დილა მაგით იწყებოდა, როგორმე ზახოდის და ატრიბუტების ფული გვეშოვა, როგორც გითხარი მაშინ ეგ რთული არ იყო, ეყარა წამალი და ხანდახან მგონია, რომ სპეციალურად გააკეთეს, შესვეს ტაობა და მერე ყველა დაიჭირეს და ფულები მოწველეს…

 

– ამის მერე რა მოხდა, როგორ გადააგდე?

 

– არასდროს არ გადამიგდია, რო დამიჭირეს მაშინ უბრალოდ ვერ ვშოულობდი, არა იქაც იშოვიდი მარა აღარ ვჩალიჩობდი არ მინდოდა მაგან გამაუბედურა, და მაგ პერიოდში არ ვიკეთებდი, თორემ გამოვედი თუ არა ისევ დავიწყე, მარა სანამ დამიჭერდნენ მანამდე ამერია ყველაფერი, ჯერ მამაჩემმა რომ გაიგო რო ვკაიფობდი, ინერვიულა და გული გაუსკდა, ის დავმარხეთ და მერე დედაჩემი ცავარდა საწოლში და დღემდე მასეა, მე ცე ავიკიდე და ახლა უკვე ციროზი მაქვს, მერე რო დამიჭირეს ბიჭებმა მომხედეს და დედაჩემსაც უპატრონეს და მეც ციხეში, არადა ამათთან სულ გაწყვეტილი მქონდა ურთიერთობა, ესენი არ არიან მორფინისტები… გამოვედი და წამალი აღარ იყო და ცოტა ხანს კრაკადილს ვიკეთებდი, მერე ერთხელ კინაღამ მოვკვდი და შევეშვი, ახლა ტაბლეტებს ვსვამ და მოსაწევს ვეწევი, მაგრამ ფხიზლად ყოფნა არ შემიძლია

 

– მკურნალობა არასდროს გიცდია?

 

– იცი რა არის? ლომკის გადაგდება შეიძლება, მქონია პერიოდები ორი და სამი კვირა ფხიზლად ვყოფილვარ, მაგრამ მანდ სხვა რამეა რთული, ფსიქიკური ამბავია, საქმე არ გაქვს, სხვა არაფერი გიკეთებია, ბიჭები დაკავებულები არიან, შენს ირგვლივ სულ ის ხალხი ტრიალებს და შენც ძალაუნებურად ერთვები…

 

– ახლა რას აკეთებ? ან რითი ცხოვრობ, ან ოჯახს რითი არჩენ, ან მომავალზე რას ფიქრობ?

 

– ცხოვრებით იმით ვცხოვობ, რომ ისევ ბიჭები მეხმარებიან, ბიძაჩემიც რაღაცეებს გვიკეთებს, მიჭირს მაგრამ რა გავაკეთო, დედაჩემი მოსავლელია, მე უკვე პრაქტიკულად იქით ვარ, ცეროზი მაქვს დაწყებული და როდის გამძვრება ძირი არ ვიცი, აქეთ მოსავლელი ვარრ, ერთი მინდა რო იქამდე გავძლო სანამ დედაცემი ცოცხალია, რომ ისედაც გავუმწარე ცხოვრება და არ მინდა კიდე ჩემი სიკვდილით სულ ბოლო მოვუღო, მომავალზე ვერ ვფიქრობ, ან რა ვიფიქრო, მაქვს საერთოდ მომავალი?

 

– სხვებს რას ეტყოდი, ურჩევდი რამეს?

 

– მე თითქმის უკვე მკვდარი ვარ, უბრალოდ ახლა მინდა სხვებსაც გავაგებინო, რომ არ ღირს ეს საზიზღრობა იმად, რომ თავი შეაკლა, არ გაეკაროთ ბიჭებო და გოგოებო, ან სანამ შეგიძლიათ და დრო გაქვთ გაჩერდით და გაეშვით, სხვა თუ არაფერი, ნახევარ ახალგაზრდობას დაგაკარგინებთ, დროს, ჯანმრთელობას და იქცევით არარაობად, დღეს რაღა აზრი აქვს ჩემს ყოფნას, ოჯახი გავაუბედურე, მშობლები დავხოცე, შევცვლიდი აბა რას ვიზამდი, ამ საზიზღრობისკენ არასდროს არ გავიხდავდი…

 

– დარწმუნებული ვარ შენ პირადადაც იპოვი გამოსავალს, მთავარია რომ გონებით მზად ხარ ამისთვის, მაგრამ როგორ ფიქრობ, როგორ უნდა ეშველოს ნარკომანიას როგორც საზოგადოების პრობლემას? ძალისმიერად? კონტროლით? თუ რამე სხვა გზა არსებობს კიდევ?

 

 

– მაგას მთელი მსოფლიო ებრძვის და ჯერ ვერ მოერია, მაგრამ მე მგონია იმით, რომ ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ სხვანაირად, მათთვის ახლა წამლის კეთება კაი ბიჭობაა, ტიპობაა და არ ტეხავს, იციან რომ შეიძლება რაღაც დაემართოთ, მარა მაგათ მენტალიტეტში არ ზის, რომ თუ ხარ მორფინისტი, ხარ არარაობა, არადა მასე უნდა იყოს, უნდა ტეხავდეს, საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის ცუდი მაგალითი უნდა იყოს, აი როგორც ბოზია, ეს კიდე უარესია… განათლებაში უნდა ჩაიდოს და თაობა უნდა წამოვიდეს ეგეთი, რომლისთვისაც მეზამლეობა იქნება არარეალიზებულობის, წარუმატებლობის, ჩამორჩენილობის, სიღარიბის და ავადმყოფობის სიმბოლო.

 

 

ტატო მახაშვილი