ის რაც სამხატვრო აკადემიაში ისწავლება არის ძალიან ცუდი და არაფრად არ ვარგა

301

პროფესიით გრაფიკული დიზაინერი, მოწოდებით „ზარმაცი“, წარმომავლობით აფხაზი თავადი,  მშრომელი, მოუსვენარი და საკმაოდ ამბიციური…

ავთანდილ შარვაშიძე yellowblog.ge – ის სტუმარია:

 

მოკლე ბიოგრაფია:

–         სახელი

–         ავთანდილ შარვაშიძე

–         ასაკი?

–         32 წლის

–         რამდენი წელია რაც დიზაინერი ხარ? (მოკლედ შენი კარიერის შესახებ)

–         2002 წელს დავიწყე მუშაობა კომპანია რუსთავი2-ში გრაფიკულ დიზაინერად, მანამდე დავამთავრე გრაფიკული დიზაინი და ვიზუალური კომუნიკაცია და მას შემდეგ ამ სფეროში ვარ

გრაფიკული დიზიანი:

–         არსებობს საქართველოში დიზაინის სკოლა?

–         სკოლა შეიძლება ითქვას რომ არ არსებობს, ის რაც სამხატვრო აკადემიაში ისწავლება არის ძალიან ცუდი და არაფრად არ ვარგა, ყველაზე კარგი სკოლაა საკუთარ თავზე მუშაობა, კითხვა, ფანტაზია, ტრენდების გაცნობა, ინტერნეტში ქექვა,  ყოველი დილა იწყება ამით და მე ვთვლი რომ საკმაოდ ვიხვეწები, უკვე 10  წელია ვსწავლობ და ვფიქრობ ეს ცოტა არ არის…

 

–         აბა სად შეიძლება ისწავლო დღეს გრაფიკული დიზაინი?

–         ყველაზე კარგი პედაგოგები დღეს არიან ის ადამიანები ვინც ვითონ ისწავლეს, დააგროვეს გამოცდილება და მზად არიან ეს გამოცდილება სხვასაც გაუზიარონ…

 

–         ვინ არიან დღეს საქართველოში ასეთები? ანუ საუკეთესო დიზაინერები?

–         შემიძლია დავასახელო რამოდენიმე ადამიანი: გიგა ხატიაშვილი, გიორგი პოპიაშვილი, გია ბოხუა, ჩემ თავსაც მივათვლიდი მათ… საკმაოდ არის დაგროვილი გამოცდილება და ამის გამოყენება შეიძლება

 

–         რა საერთოა და რა პრონციპული განსხვავება გრაფიკულ დიზაინს და ვებ დიზაინს შორის?

–         მთავარია ნიჭიერება და ხედვა და ვებსაც დახატავ და გრაფიკასაც, არ არსებობს რაღაც წესები და კონკრეტული რეცეპტები, თუ მუშაობ,  აკეთებ და შეგიძლია კარგად დაამუშავო პროდუქტი და მერე გაყიდო, მაგ შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა და კლიშე არ უნდა არსებობდეს… აკეთე როგორც გინდა

 

–         რა არის საუკეთესო იდეა გრაფიკულ დიზაინში (თუნდაც კონკრეტული ნამუშევარი თუ გახსენდება)?

–         მე პირადად ძალიან მომწონს “FEDEX”- ძალიან დახვეწილი და იდეურად გამართული ნამუშევარია, ზოგადად ბევრ საუბრობენ „Nike”-ზე რომ არის ძალიან მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი, აქვე დავამატებდი იმას რომ მარტივი რაღაცეების შექმნა უფრო რთულია…

 

–         რა მდგომარეობაა დღეს ქართულ ბაზარზე ამ სფეროში?

–         საკმაოდ რთული, თვითონ პროფესიის მიმართ მიდგომა არის არასწორი, მაგალითად როცა მე მინდა ბრმა ნაწლავის ამოჭრა, ვიცი რომ ამას ჩემით ვერ გავაკეთებ, მივდივარ ექიმთან, ვიხდი ფულს და არ ვზივარ სახლში და ჩემით არ ვიჭრი, შესაბამისად როცა პროფესიონალ დიზაინერს უკვეთავ პროდუქტს ესეიგი შენ დიზაინი არ იცი და იცის იმან, ამიტომ არ უნდა შეზღუდო და მისცე საშუალება შენი პროდუქცია შეფუთოს ნიჭიერად, ჩვენთან ხდება პირიქით, ერთ კონკრეტულ მაგალითზე შემიძლია გითხრათ: ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მოლაპარაკების დროს ერთერთმა ქალბატონმა (დამფუძნებელმა) გამომიცხადა, სხვათა შორის მეც კარგად ვხატავო, რა უნდა მექნა ავდექი დავტოვე შეხვედრა და შევწყვიტე მათთან თანამშრომლობა…

 

–         როგორ შეიძლება ამ ვითარების შეცვლა?

–         სიტუაცია არ შეიცვლება მანამდე სანამ თავად დამოკიდებულელბები არ შეიცვლება და სანამ იქ ქალბატონი რომელიც ალბათ ახლაც კარგად ხატავს არ მიხვდება, რომ დიზაინი ისევე კარგად არ ესმის, როგორც ფულის შოვნა, ეტყობა მაინც რაღაც კომპლექსია, რომ ვიღაცა რაღაცას შენზე კარგად აკეთებს, ალბათ დროთა განმავლობაში ესეც შეიცვლება, თუმცა დღესაც შეიძლება კარგმა დიზაინერმა ამ საქმით საქართველოში ფული იშოვოს…

 

–         ყველაზე დიდი მიღწევა, შენს კარიერაში (ან ნამუშევარი რომლითაც მართლა შეგიძლია იამაყო)

–         ორი ნამუშევარი მახსენდება ყველაზე მეტად, ერთი არის ჩემი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი საზოგადოებრივი მაუწყებლის მწვანე ლოგო, რომელზეც დიდი აჟიოტაჟი ატყდა, თუმცა ვთვლი რომ ამოცანა რაც იყო დასახული: უნდა ყოფილიყო მწვანე, მსგავსებოდა სი-ენ-ენ-ს და ყოფილიყო აბრევიატურა სსმ, ბოლომდე შევასრულე, თუ იმავე ამოცანას ვინმე ჩემზე მოხერხებულად გადაჭრის ვიტყვი რომ ჩემზე მაგარი დიზაინერია,

რაც შეეხება მეორეს, ეს არის ლარის სიმბოლო, რომლის თანაავტორიც ვარ და და მეამაყება როცა სადმე ვხედავ, დიდი ხნის წინ მქონდა ეს იდეა და როდესაც ეროვნულმა ბანკმა კონკურსი გამოაცხადა სიამოვნებით მივიღე ამ პროექტში მონაწილეობა…

ზოგადად ხელოვნება:

–         ამბობებენ, რომ ყველა ხელოვანი, უცნაური და ეპატაჟურია, ეს აუცილებელია?

–         ეგ ბუნებრივია, ვიღაც სვამს, ვიღაც წამალს იკეთებს, ვიღაც ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს უბრალოდ თვითონ ადამიანები არიან ცნობილები და მათი ცოხვრება ბევრს აინერესებს, რთულია იმის მტკიცება რომ ეს აუცილებელია, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ეპატაჟი და „უცნაურობა“ მაინც მარკეტინგული ხრიკია, უფრო სწრაფად ხდები ცნობილი, თორემ შეიძლება იყო ხელოვანი  და იცხოვრო სრულიად ჩვეულებრივი ცხოვრების წესით…

 

–         გჯერა გამოთქმის, ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი?

–         კი მჯერა ბევრია მასეთი

–         შენ როგორი ხარ?

–         მეც ასეთი ვარ, ამ შემთხვევაში მემგონი განმსაზღვრელი მატერიალური დაინტერესებაა, თორემ მომეცით მილიონი და საერთოდ ხელს აღარ გავანძრევ და აღარაფერს არ გავაკეთებ წამოვწვები ჰამაკშდ ა დავლევ მარგარიტას, მასეა ალბათ სხვაც…

–         დიდი მადლობა წარმატებები…

–         მადლობა, თქვენც ასევე წარმატებები…

 

ტატო მახაშვილი