თეა გვასალია: „საქართველოში ჯერჯერობით არავინ იტყვის, რომ ჰყავს პარტნიორი მამაკაცი, რომელთანაც თავს კარგად გრძნობს“

262

თეა გვასალიას სახელი წლების მერეც გადაცემა „ამბობენ“-ს უკავშირდება, რომელიც პირველი პოპულარული პროექტი იყო ქართულ სატელევიზიო სივრცეში, შოუ-ბიზნესის შესახებ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ  წამყვანი ტელევიზიას დაუბრუნდა. თეა გვასალია კარიერული გეგმების  და ქართული შოუ-ბიზნესის შესახებ გვესაუბრება.

__ თეა, როგორია თქვენი ცხოვრების ეტაპი ამჟამად და რას უკავშირდება თქვენი გეგმები?

_ მეორე წელია რაც პირველ არხზე დავბრუნდი. მარი მალაზონიას სამედიცინო გადაცემის და ახლა უკვე შუა დღის ეთერის, „სამოთხის ვაშლების“ პროდიუსერი ვარ. ამ ეტაპზე ასე ვმუშაობ, მერე ვნახოთ რა იქნება, მითუმეტეს, რომ ტელევიზიაში სამომავლო გეგმები არ უნდა დააწყო. აქამდე კარიერაში პაუზა ბავშვების გამო მქონდა აღებული. პაუზის დროს ვთარგმნიდი. ცოტა ხნის წინ ჩემი ნათარგმნი წიგნების პრეზენტაცია იყო.  შარშანაც იმიტომ მოვახერხე სამსახურში გასვლა, რომ ბავშვები სკოლაში მივიდნენ.

__ არ გენატრებათ ეკრანი?

_ აუტანელი ნოსტალგია რომ მქონდეს, დავწერდი პროექტს და ვეცდებოდი განხორციელებას. თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რომ კულტურის სფეროდან შეიძლება რამე გავაკეთო. მაგრამ არა ამ სეზონზე.

__ „ამბობენ“  პირველი გადაცემა იყო, რომელიც ყვითელ თემებს, შოუ-ბიზნესურ ამბებს შეეხო. ამ გადასახედიდან როგორ აფასებთ მას?

_ როცა „ამბობენს“ ვაკეთებდი, ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს,  მაშინ ქართულ შოუ-ბიზნესში არაფერი არ ხდებოდა. ამიტომ ესპანეთიდან ვეზიდებოდი ჟურნალებს და ფირებს და მსოფლიო თუ ესპანურ შოუ-ბიზნესზე ვაგებდი გადაცემას. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოსკენ უცბად დაიწყო ქართული შოუ-ბიზნესის ბუმი. თბილისში ლამის ყოველ კვირას იმართებოდა მოდის ჩვენებები. კვირაში რამდენჯერმე კლუბებში კონცერტები ეწყობოდა.  ხანდახან გადაღებასაც ვერ ვასწრებდი, იმდენი რამ ხდებოდა. 2004  წლამდე გადიოდა „ამბობენ“ ეთერში. მერე ერთბაშად, როგორც აფეთქდა, ისე „ჩაკვდა“ ქართული შოუ-ბიზნესი. ამასობაში პირველი არხი საზოგადოებრივ ტელევიზიად გადაკეთდა და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ არხს გასართობი გადაცემები აღარ სჭირდებოდა. ამიტომ დახურეს ჩემი შვილივით ნაზარდი „ამბობენ“ და გადამრთეს სხვა, შუადღის გადაცემაზე, „სარჩევზე“, საიდანაც მაყურებელს სხვადასხვა რჩევებს ვაძლევდით. მერე უკვე ტყუპები გავაჩინე, ამიტომ სამსახურიდან წავედი და ახლაღა მოვახერხე დაბრუნება.

__ რას ფიქრობთ, რატომ გაჩერდა უცბად ქართული შოუ-ბიზნესი?

_ ძალიან კარგი ტემპი ჰქონდა აღებული ქართულ შოუ-ბიზნესს. ჰოლივუდამდე თუ არა, ბოლივუდამდე მაინც მიაღწევდა ამ ტემპით. მაგრამ მთავრობას არაფერი არ უნდოდა და… თავიანთი კარის მომღერლები და მოდელიორები უნდოდათ მარტო. ამან „მოკლა“ შოუ-ბიზნესი.

__ დღეს როგორ შეაფასებთ ქართულ შოუ-ბიზნესს და ზოგადად-ყვითელ ფურცლებზე მოხვედრილ ამბებს?

_ ვერ ვიტყვი, რომ ვაკვირდები. როცა გადაცემას არ ვაკეთებ, დიდი სურვილიც არ მაქვს ჩავერიო შოუ-ბიზნეს ცხოვრებაში. აქა -იქ თუ მოვკრავ თვალს რამეს. მიუხედავად იმისა, რომ „ამბობენის“ დროს ჭორიკანას იარლიყი მქონდა, სხვისი ცხოვრება არასდროს ყოფილა ჩემთვის საინტერესო. მაშინაც და ახლაც, ქართულზე მეტად, ესპანური შოუ-ბიზნესით ვიყავი დაინტერესებული.

__ რა დაუწერელი კანონები უნდა დაიცვას ამ სფეროში მყოფმა ადამიანმა?

_ გააჩნია რა სახის პროდუქციას აკეთებ. მაგალითისთვის, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიგაქვს პროდუქტი, რა თქმა უნდა, შიშველი სექსი არ უნდა აჩვენო. მაგრამ თუ გააკეთებ „სანის“ მსგავს ჟურნალს და იტყვი, რომ ყველაფერს გააშუქებ, რაც მოხდება და  არ არსებობს არანაირი ზღვარი, იქ შეიძლება ნებისმიერი პროდუქტი გააკეთო. სხვა საქმეა მკითხველი თუ მაყურებელი როგორ შეაფასებს.

ჩვენთან კიდევ ვერ დაძლიეს ბევრი კომპლექსი. საქართველოში ჯერჯერობით არავინ იტყვის, რომ ჰყავს პარტნიორი მამაკაცი, რომელთანაც თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არ იცის ორი წლის მერე როგორ იქნება. ან გამორიცხულია რომელიმე მამაკაცმა მოყვეს თავისი რომანების შესახებ და სახელებით და გვარებით თქვას, რომ  პოლიტიკოსთან, მსახიობთან და ტელეწამყვანთან ჰქონია რომანი, როგორც უცხოურ შოუ-ბიზნესში და ყვითელ ფურცლებზე ხდება.

 

მანა ნოდია