ორი დღის წინ, ინტერნეტ სივრცეში ვიდეო გამოჩნდა, სადაც თბილისის ქუჩებში, ახალგაზრდა გოგონა გამვლელებს პოზიტივის გამოხატვას კოცნით სთავაზობს. ვიდეორგოლი ტელეკომპანია “ჯი დი ეს”-მა გადაიღო და ის “ბინა 18”-ს ეთერში გავიდა. მედია სიუჟეტის მთავარი გმირით დაინტერესდა. თეკო მეზვრიშვილი 24 წლის არის და პროფესიით ფილოლოგია.
– ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ქართული ენის ფილოლოგი ვარ, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ რომში გავემგზავრე, დანტე ალიგიერის უნივერსტეტში ჩავაბარე ფილოსოფიის განხრით დავამთავრე მაგისტრატურა. საქართველოში რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი.
– რატომ დაბრუნდი?
– თბილისის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. იტალიაში ჩემს მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი, სწავლის პარალელურად ერთ-ერთ თეატრში ვთამაშობდი.
– როგორ მოხვდი “ჯი დი ეს”-ის ექსპერიმენტში და მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა?
– ყველაფერი დაიწყო ჩემთვის ყველაზე დიდი ოჯახის, ტურინის იუვენტუსის ქართული ფანკლუბიდან. ფეხბურთით ვსუნთქავ. მე და ლაშა ბასლანძე ვართ მეგობრები და ბიჭებიც მისგან გავიცანი. “ბინა 18”-ს ბიჭებისგან მივიღე ეს შემოთავაზება. პროდუსერი ლაშა ბასლანძე ჩემი მეგობარია. შემდეგ მეუღლესთან ერთად განვიხილე ეს შემოთავაზება და დავთანხმდი. ჩემს მეუღლეს პოზიტიური რეაქცია ჰქონდა.
– ალბათ, ქართველი კაცების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია მისი ცოლის მსგავს ექსპერიმენტებში მონაწილეობა…
– მე ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა ქმნიდეს მენტალიტეტს და არა მენტალიტეტი ადამიანს.
– ვინ არის თქვენი ქმარი?
– ჩემი ქმარი პროფესიით ფილოსოფოსია, გატაცებულია კიბერტექნიკით და ჩემით. საფეხბურთო სკაუტია და მოღვაწეობს იტალიაში. ხან რომში ვცხოვრობთ, ხან თბილისში.
– ადვილად გთანხმდებოდნენ ამ ექსპერიმენტზე?
– კი, მხოლოდ გაღიმებული სახეები მახსენდება. რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა. ვინმე რომ გაბრაზებულიყო ან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი გამოეჩინა, დამერწმუნეთ ამას გადაცემაში ჩავსვამდით. საკმაოდ ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ.
– სოციალურ ქსელებში ბევრი ცუდი შეფასება მოჰყვა ამ ექსპერიმენტს. რომელმა გამოხმაურებამ გაგაღიზიანა ყველაზე მეტად ან პირიქით?
– რთულია ჩემი გაღიზიანება. გართობით მხოლოდ “ფლეისთეიშენი 4” მართობს, სხვა ყველაფერი გამორიცხულია. არ აღმიქვია იმ დონეზე, რომ გავეღიზიანებინე ან გავერთე.
– შენი აზრით, რატომ გაუკვირდა ხალხს ეს ექსპერიმენტი?
– არ გაკვირვებია, უბრალოდ აფიშირებამ გამოიწვია გაღიზინება… უმრავლესობა იმავეს აკეთებს ყოველდღიურად. განსხვავება ის არის, რომ მე ეს შოუსთვის გავაკეთე და ყოველდღიურად ასე არ დავდივარ და მოწყალებას არ ვარიგებ.
– ასეთი რაღაცები რომ გვიკვირს ქართველების უმეტესობას, ეს მენტალიტეტის ბრალია თუ?..
– ცოტა გაუნათლებლობის, ცოტა მენტალიტეტის, ცოტა რელიგიური ფანატიზმის, ცოტა იმისაც, რომ ფიქრი გვეზარება და ეს ამდენი ფაქტორი მოქმედებს და აისახება ჩვენზე, მაგრამ რეალურად, გვიკვირს კი რამე? ცოტა მეეჭვება, ქართველებს რამე გვიკვირდეს.
– რატომ ფიქრობთ, რომ ერს აკლია პოზიტივი?
– ერს რომ პოზიტივი აკლია, ეს ამდენ ლანძღვასა და გინებაშიც აისახება… კოცნა ერთერთი დადებითი ჟესტია ურთიერთობების…