„ბუერას აქსესუარები“ – ნივთებით გადმოცემული ისტორია

372

“ბუერას აქსესუარები” უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდია. მომხმარებელთა რიცხვი და ინტერესი დღითიდღე იზრდება. ამ ხელნაკეთი ნივთების დანახვისას, ხვდებით, რომ მათზე ბევრია ნაფიქრი, თითოეულ ნივთს საკუთარი ისტორია აქვს. ბუერას შემქმნელები თეონა და მაიკო დროსა და ენერგიას არ ზოგავენ იმისათვის, რომ  მომხმარებელი კმაყოფილი დატოვონ. გოგონები ახალი იდეებით არიან სავსე, რასაც უახლოეს მომავალში განახორციელებენ. yellowblog.ge-ს სტუმარი  ბუერას აქსესუარების ერთ-ერთი შემქმნელი – თეონა ბაკურაძეა.

თეონა, 2 წლის წინ დაიწყეთ აქსესუარების შექმნა  თიხისგან, დღეს თქვენი ნამუშევრები უკვე ფართოდაა გავრცელებული. მოგვიყევით როგორ მოგივიდათ იდეა? რამდენი ადამიანი მუშაობთ მათზე?

“ბუერა” 2 ადამიანის ერთობლიობაა. მე, თეონა ბაკურაძე და მაია თავართქილაძე, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია, ვცდილობთ ჩვენი თავის ამ გზით გამოხატვას. თიხაზე მუშაობა ექსპერიმენტი იყო, რომელმაც გაამართლა. ცდისა და შეცდომის მეთოდით ვისწავლეთ, რადგან პროფესია რადიკალურად განსხვავებული გვაქვს ორივეს.

რა პროფესიის ხართ?

მე ფსიქოლოგი ვარ, მაია ბიზნეს-სამართლის სპეციალისტია.

რატომ დაარქვით თქვენს ნამუშევრებს Buera და რას ნიშნავს ?

სიტყვა „ბუერა“ სულხან-საბა ორბელიანის ქართული სიტყვის ლექსიკონში ვიპოვეთ. ჟღერადობამ მოგვხიბლა და სახელად ავირჩიეთ. ”ბუერა  რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის სახეობაა.

იდეის მოსვლიდან ნივთად ქცევამდე რა სირთულეებს აწყდებით? რა დრო მიაქვს ამ პროცესს?

იდეის მოსვლის შემდეგ ყველაზე რთულია დროის პოვნა. ყოველდღიურობა ჭაობია, რომელშიც ცეკვა ძალიან ძნელია, რაც არ უნდა მშვენიერი მუსიკა ჟღერდეს და ფრთების გასაშლელად გიწვევდეს.

თიხის გარდა რა მასალას იყენებთ ძირითადად?

პოლიმერული თიხის გარდა ვიყენებთ მეტალს, ქსოვილებს, მინას.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რითი გამოირჩევა თქვენი ნამუშევრები, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

ჩვენი ნამუშევრები თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან თითქმის ყოველი მათგანი რაღაცას ამბობს. თითქმის ყველას რაღაც იდეა უდევს საფუძვლად და არ არის მხოლოდ ნივთი, რომელსაც ტანსაცმლისთვის შეარჩევ. ესაა ნივთები, რომლებსაც საკუთარ მსოფლმხედველობას უხამებენ.

ორივეს გყავთ შვილები, პატარები, რომლებიც დიდ ყურაღებას და დროს მოითხოვენ. როგორ ასწრებთ და როდის ქმნით ნივთებს?

ძირითადად ძილის ხარჯზე ვაკეთებთ ყველაფერს. პატარები ჩვენი მუზები არიან, ისინი ყველაზე მეტად გვეხმარებიან, იმედით და სიხარულით გვავსებენ, უბრალოდ, ძნელია დროის საკუთარი თავისთვის გადანახვა. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს შვილებს წარმატებული და ბედნიერი დედები სჭირდებათ, ამიტომ ვცდილობთ ჩვენს საქმიანობას არაფერი მოვაკლოთ.

როგორც ვიცი, თქვენთან შესაძლებელია მოვიდეს მსურველი თავისი იდეით, თქვენთან ერთად იმსჯელოს იდეაზე. რამდენად ადვილია მომხმარებელთან ურთიერთობა და მათი ნდობის მოპოვება?

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს მომხმარებელი. ნდობას ალბათ სწორედ ეს იწვევს, ყველა ხედავს, რომ მზად ვართ თავდაუზოგავად ვიშრომოთ. საქმეს აადვილებს სწორედ ადამიანებისადმი კეთილგანწყობა და საქმის სიყვარული, რომ არა ეს ორი რამ, ”ბუერა” არ იარსებებდა.

თუ გქონიათ გამოფენები?

ჰაიაო მიაძაკის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები ვართ, სწორედ ამ თემაზე გვქონდა პირველი გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებელს უახლოეს მომავალში. გვიამბეთ თქვენს გეგმებზე.

 

”ბუერა” აპირებს ბევრი ახალი პროდუქტის შემოთავაზებას – დავამატებთ ქუდებს, ხელთათმანებს, ჩანთებს, თოჯინებს. კიდევ ბევრი რამ გვაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ აჯობებს სიურპრიზად დავტოვოთ, რომ შთაგონება არ გავინელოთ.

 

თეო ჩომახიძე