საინტერესო და უცნობი ფაქტები ლეონარდო დი კაპრიოს ცხოვრებიდან

274

ლეონარდო დიკაპრიო იმ მსახიობთა შორისაა, რომლებიც კარიერის დასაწყისშივე ბრწყინავდნენ თავიანთი ნიჭითა და ქარიზმით. არ არსებობს ამქვეყნად ადამიანი, რომელიც უარყოფით აზრს გამოთქვამს მის მიერ განსახიერებულ ერნი გრეიპზე, რომლის როლიც მსახიობმა ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში ითამაშა. სწორედ მაშინ დაიწყო წინსვლა, რომელიც არასოდეს შეჩერებულა ლეონარდოს კარიერაში.

w13ყველა ერთხმად აღიარებს და ამჩნევს იმას, რომ ასაკთან ერთად, დიკაპრიოს სამსახიობო ოსტატობაც უფრო და უფრო სერიოზულ სახეს იღებს ისევე, როგორც მისი პერსონაჟები. შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ ის ოცდათხუთმეტივე ნამუშევარი, რომელშიც მსახიობი 1988 წლიდან მონაწილეობს და რომელიც თანმიმდევრულად გადმოსცემს მის ნიჭს, განვითარებას, წინსვლასა და დახვეწილ ოსტატობას. თანაც, ყველას არ აქვს იმის ბედნიერება, ითანამშრომლოს სტივენ სპილბერგთან, კვენტინ ტარანტინოსთან, დენი ბოილთან, რიდლი სკოტთან, კლინტ ისტვუდთან, ქრისტოფერ ნოლანსა და სხვა მსგავს პიროვნებებთან. ლეონარდო დღემდე ძალიან ფრთხილად და წინდახედულად არჩევს იმ პერსონაჟებს, რომელთა განსახიერებასაც სთავაზობენ.

მიუხედავად უოსკარობისა, დიკაპრიო დღემდე რჩება მსოფლიოს ძალიან დიდი ნაწილის მთავარ ფავორიტად და ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობად. სწორედ ამიტომ, ლეონარდოს შესახებ მოვიძიეთ ფაქტები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ საკმაოდ საინტერესოა და ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არც იცოდეს:

ტაილანდში “სანაპიროს” გადაღებებისას (2000 წ.) ლეონარდოსა და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრების ნავი აღელვებულმა წყალმა წაიღო და ამოატრიალა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

ეკრანზე პირველად მაშინ გამოჩნდა, როდესაც რძისა და საღეჭი რეზინის რეკლამებში მიიღო მონაწილეობა.

ჟურნალ “Empire”-ის მიერ 1997 წელს გამოქვეყნებულ სიაში “ყველა დროის 100 საუკეთესო მსახიობი”ლეონარდო 75-ე ადგილზე იყო.

ლეოს შესთავაზეს დიკ გრეისონის/რობინის როლი სურათში “ბეტმენი სამუდამოდ” (1995), რომელზეც მსახიობმა უარი განაცხადა. მოგვიანებით პერსონაჟი ქრის ოდონელმა განასახიერა.

როდესაც ჯერ კიდევ 10 წლის იყო, პირველმა აგენტმა ლეონარდოს ურჩია, უფრო ამერიკულ-მეგობრული სახელით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. შეთავაზებული ფსევდონიმი “ლენი უილიამსი” იყო. რა თქმა უნდა, დიკაპრიო ამ წინადადებას არ დათანხმდა.

ლეონარდოს 20 მილიონ დოლარად მთავარი როლი უნდა შეესრულებინა ფილმში “ამერიკელი ფსიქოპატი”, მაგრამ, გადატვირთული რეჟიმის გამო, მისი ადგილი კრისტიან ბეილმა დაიკავა.

1999 წლის იანვარში ლეონარდო დიკაპრიომ საკუთარი სახელისა და გვარის საავტორო უფლებები შეიძინა.

2004 წლის საარჩევნო პერიოდში აქტიურად გულშემატკივრობდა ჯონი კერის. იმისათვის, რომ ამ კანდიდატის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილიყო, ლეონარდომ 11 შტატში სპეციალური ტური მოაწყო და 20-ჯერ გამოვიდა სიტყვით, რომელშიც ბუშის პოლიტიკას აკრიტიკებდა და ხალხს ჯონი კერისათვის ხმის მიცემისაკენ მოუწოდებდა. აქტიურად იყო ჩართული ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაშიც.

დიკაპრიოს პიტერ პარკერის როლიც შესთავაზეს სურათში “ადამიანი ობობა”, რაზეც, გაურკვეველი მიზეზების გამო, უარი განაცხადა.

მისი საყვარელი მსახიობები არიან რობერტ დე ნირო და ჯეკ ნიკოლსონი.

შეუძლია გერმანულად საუბარი.

ლეონარდო კეიტ უინსლეტის, მარიონ კოტიარისა და ვინსენტ გალოს ახლო მეგობარია. ასევე, მეგობრობს მარკ უოლბერგთან, კევინ კონოლისა და ლუკას ჰაასთან.

ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ყველაზე კარგად ახსენდება გადაღებები ფილმისა “რა აწუხებს გილბერტ გრეიფს”.

ლეონარდომ ბავშვობა ღარიბ დასახლებებში გაატარა. ლოს-ანჯელესის ამ ტერიტორიებს ის “ჰოლივუდის გეტოებად” მოიხსენიებს.

უარი თქვა მაიკლ პიტის როლზე ფილმში “მეოცნებენი” (2003). მიზეზად დაასახელა ის, რომ საკუთარ თავს ზედმეტად დიდად მიიჩნევდა 21 წლის სტუდენტის განსასახიერებლად.

ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ქალი მსახიობებიდან ყველაზე მეტად მოსწონს ჯენა როულენდსის მიერ განსახიერებული როლი ფილმში “ქალი გავლენის ქვეშ” (1974).

AP639990938902რაც შეეხება მამაკაც მსახიობებს, მისი ფავორიტია რობერტ დე ნიროს როლი ფილმში “ტაქსის მძღოლი” (1976).

ლეოს საყვარელი რეჟისორია მარტინ სკორსეზე.

შესულია ყველაზე სექსუალურ მსახიობთა ასეულში (2007).

ლეონარდოზე დაწერილია გერმანული სიმღერა “Ik ben verliefd op Leonardo DiCaprio” (“შეყვარებული ვარ ლეონარდო დიკაპრიოზე”), რომელსაც ჯგუფი K3 ასრულებს:

1994 წელს ის გახდა მეშვიდე ყველაზე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ოსკარზე წარადგინეს მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. საუბარია ფილმზე “რა აწუხებს გილბერტ გრეიფს”.

ბავშვობაში ლეონარდოს საყვარელი ფილმები იყო: “უილი უონკა და შოკოლადის ქარხანა” (1971), “გორაკების ბინადარნი” (1978) და “ბუნიკი და ცოცხი” (1971).

“Blink 182″-ი დიკაპრიოს მადლობას უხდის ერთ-ერთი ალბომის შექმნაში მონაწილეობისათვის. საუბარია ალბომზე “Enema of the State”.

ლეონარდომ, კეიტ უინსლეტსა და ჯეიმს კამერონთან ერთად, ფინანსურად უზრუნველყო “ტიტანიკის” ტრაგედიას გადარჩენილი მილვინა დინის ცხოვრება მოხუცთა თავშესაფარში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაიგეს, რომ ჩაძირული გემის მგზავრი მოსაგონარ ნივთებს ყიდდა საარსებო სახსრების საშოვნელად.

მას შემდეგ, რაც “ცვლილებათა გზის” გადაღებები დაასრულეს, ლეომ კეიტ უინსლეტს აჩუქა ოქროს ბეჭედი წარწერით, რომელიც დღემდე საიდუმლოდ რჩება.

ყველა დროის საუკეთესო მსახიობად მერილ სტრიპს აღიარებს.

იბრძოდა აზიური ვეფხვის გადაშენების წინააღმდეგ. მათ დასაცავად ლეომ ფონდში ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა.

გასულ წელს “ფორბსის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგში ლეონარდო დიკაპრიომ მეოთხე ადგილი დაიკავა.

შესულია კეიტ უინსლეტის მიერ 2012 წელს გამოცემულ წიგნში “The Golden Hat: Talking Back To Autism”, სადაც ლეონარდო წარმოდგენილია, როგორც ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც აქტიურადაა ჩართული აუტისტების მხარდასაჭერად წარმოებულ კამპანიებში.

მსახიობს სახელი ლეონარდო და ვინჩის გამო დაარქვეს. ეს იმიტომ, რომ როცა დედის მუცელში პირველად გატოკდა, მშობლები და ვინჩის ნამუშევრებს ათვალიერებდნენ.

ლეონარდოს კარიერაში ყველაზე დიდი გარდატეხა მოახდინა ჯეიმს კამერონის 1997 წლის სურათმა. ალბათ, მიხვდით, რომ საუბარია “ტიტანიკზე”, რომელმაც ისტორიაში პირველად მოიტანა მილიარდდოლარიანი მოგება. ფილმი ოსკარის 14 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საიდანაც თერთმეტი ნომინაცია ამერიკული კინოაკადემიის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. მათ შორის არ იყო “საუკეთესო მსახიობის” კატეგორია, მაგრამ, მიუხედავად უოსკარობისა, დიკაპრიო მაინც გახდა იმ პერიოდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული ფიგურა. იმავე წელს ლეო მსოფლიოს 50 ყველაზე მომხიბვლელ ადამიანს შორის დაასახელეს. მაშინ სულ რაღაც 23 წლის იყო…

,,მსახიობობაში ყველაზე კარგია ის, რომ შესაძლებლობა მეძლევა, სხვა ადამიანში დავიკარგო და ამისათვის ანაზღაურებაც კი ავიღო! ეს ძალიან სარფიანი საქმიანობაა. მე კი დღემდე არ ვიცი, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ. მეჩვენება, რომ ყოველდღიურად ვიცვლები…”

– ამბობს უკვე 40 წლის მსახიობი და თვლის, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. მართლაც, ლეონარდო დიკაპრიოს ახალი და ძალიან დიდი კარიერული გამოწვევა ელის – ის უკვე ოფიციალურად მონაწილეობს ფილმში “ხალხით სავსე ოთახი”. ამბობენ, რომ უოსკარო მსახიობს წლებია, ამ სურათში მონაწილეობა სურს. ახალ ნამუშევარში ის მთავარ პერსონაჟად, ბილი მილიგანად გვევლინება. ამ უკანასკნელს კი 24 ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიკაპრიოს, ფაქტობრივად, 24 სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერება მოუწევს! იქნებ, ამ საოცარმა შემთხვევამ მაინც აღირსოს ლეონარდოს ოსკარი?! ვინ იცის, დაველოდოთ…

წყარო