yellowblog.ge – წარმატების გზაზე, ანა ბაციკაძე ეგო არტი 2014- ის ერთ ერთი გამარჯვებული გახდა

170

კონკურსი „ეგო–არტი 2014“ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.  გამარჯვებულები გამოვლინდნენ სამ კატეგორიაში: პროზაში, პოეზიასა და ფოტოგრაფიაში. პროექტის მიზნებისა და მიმდინარეობის შესახებ ხელოვანთა ასოციაციის ხელმძღვანელს, თამთა გრიგოლიას დავუკავშირდით.

თამთა, ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის ხელმძღვანელი ხარ, რა არის თქვენი ორგანიზაციის ძირითადი მიზანი?

_ ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი მიზანი ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისება და ხელიშეწყობაა თავიანთ სფეროში… გვინდა, რომ ისინი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს… სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა  ჩვენი აიპი ,,საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია“ და შემდგომ უკვე შემუშავდა პროექტი ,,ეგო-არტი“.

ახლახანს გაიმართა ”ეგო–არტი 2014”, რომელმაც უკვე ყოველწლიური სახე მიიღო. როდიდან იღებს სტარტრს ეს კონკურსი?

– ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუკი კონკურსი ნამდვილად მიიღებს ყოველწლიურ სახეს. მართალია, ის უკვე მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს, დიდი გამოხმაურებაც აქვს და ვფიქრობ, მისი შეწყვეტა არასწორი იქნება, თუმცა, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება დასაწყისს, შარშან, 2013 წელს ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, სადაც შევიტანეთ პროექტი ,,ეგო-არტი“, რომლის ფარგლებშიც ვგეგმავდით ამავე სახელწოდების კონკურსს. პროექტმა დადებითი შეფასება მიიღო და წელსაც სწორედ ამ ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს და გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან. გამარჯვებულები ვლინდებიან სამ კატეგორიაში: პროზაში, პოეზიასა და ფოტოგრაფიაში. ვინ არიან 2014 წლის გამარჯვებულები? 

ჩვენ ვცდილობთ, რომ არც ერთი რეგიონი არ დარჩეს ყურადღების მიღმა, ამისთვის მაქსიმალურად ვავრცელებთ ინფორმაციას. შედეგად  წელსაც, ისევე როგორც შარშან, მივიღეთ ის, რომ ყველა რეგიონს  თავისი წარმომადგენელი ჰყავს.  წელს იყო სიახლე კონკურსში, ნამუშევრების წარმოდგენის საშუალება მიეცათ მსჯავრდებულებსაც და რამდენიმე მათგანი ფინალისტიც კი გახდა. კონკურსის ფარგლებში ფინალისტები წარმოადგენენ თავინთ რეგიონებს, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ამ გამარჯვებულთა შორის გვიწევს პიველადგილოსანთა დასახელება სამივე ნომინაციაში.  დიპლომის მფლობელები გახდნენ: ნათია სოყურაშვილი (პროზა), მინდია ცეცხლაძე (პოეზია), თამარ ბუხუნიშვილი (ფოტოგრაფია). რა თქმა უნდა, ყველა ფინალისტი, თავის მხრივ, გამარჯვებულია და მათი გაცნობა და შეფასება შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. წელს კონკურსს ასევე მხარი დაუჭირა რამდენიმე გამომცემლობამ. ესენია: ელფის გამომცემლობა, საუნჯე, სიესტა, რომელთაც ფინალისტების გარდა, გამოავლინეს თავიანთი რჩეულები და დაასაჩუქრეს.

როგორ ხდება ჟიურის წევრთა არჩევა, არის მუდმივი ჟიური თუ იცვლებიან ისინი? 

რა თქმა უნდა, იცვლება და ვფიქრობ,  აქაც ორიგინალურობით გამოირჩევა კონკურსი: ყოველი წლის პირველადგილოსანი ავტომატურად ხდება შემდეგი წლის ჟიურის წევრი და ის იღებს მონაწილეობას, გამოცდილი ავტორების გვერდით, თანატოლი შემოქმედების შეფასებაში.

კონკურსის დასრულების შემდეგ თუ ხდება გამარჯვებულთა ხელშეწყობა და მათი ნამუშევრების რეალიზაცია რაიმე სახით?

როგორც მოგახსენეთ, კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდა შემოქმედთა ხელშეწყობაა, საამისოდ კონკურსის ფარგლებში იბეჭდება კრებული,  სადაც ფინალისტთა  შემოქმედებაა შესული , ასევე მოქმედებს კონკურსანტთა მხადამჭერი ბლოგი და რაც ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა – ეს გახლავთ ,,ეგო-არტ ტურნე“.  ტურნეს ფარგლებში ამ ეტაპზე დაგეგმილია შემოქმედებითი საღამო ბორჯომში, სადაც შარშანდელი და წლევანდელი (მაღალქულიანი) ფინალისტები შეეცდებიან ბორჯომის საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება წარუდგინონ. გვინდა, რომ ტურნემ, ისევე როგორც კონკურსმა, რეგულარული სახე მიიღოს.

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ თამთას და იმედი გვაქვს, რომ კონკურსი მომდევნო წლებშიც აქტუალური იქნება.

ბოლოს კი, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის მასშტაბით ფოტოხელოვანთა კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული  yellowblog.ge-ს ფოტოგრაფი ანა ბაციკაძეა. შემოგთავაზებთ მის მცირე კომენტარს.

ანა, რა კრიტერიუმით შეარჩიე საკონკურსო ფოტო?

საკონკურსო ფოტოს თემატიკა შეზღუდული არ იყო.ზუსტად მაშინ როდესაც კონკურსის შესახებ დაანონსდა ვიღებდი ბალერინებს და გადავწყვიტე ამ ფოტოსესიიდან ამომერჩია სამი  ფოტო კონკურსისათვის. შევარჩიე ისეთი ფოტოები, სადაც შინაარსი და დინამიკა იყო.

მათგან აირჩა ერთი საკონკურსოდ და სწორედ ამ ფოტომ გაიმარჯვა. ფოტოზე არ არის დადგმული სცენა, იგი სრულიად ბუნებრივ და მხიარულ სიტუაციაშია გადაღებული.

რამდენად ელოდი გამარჯვებას და თუ აპირებ მომავალში კიდევ მიიღო მონაწილეობა მსგავს კონკურსებში?

იმედი მქონდა, თუმცა გამარჯვებაში დარწმუნებული არ ვყოფილვარ. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, ხოლო რაც შეეხება სხვა კონკურსებს, მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ და კვლავ მოვსინჯავ ძალებს.

 
თეო ჩომახიძე
news_366