რატომ თქვა უარი ეროსი მანჯგალაძემ აზდაკის როლზე…

421

”კავკასიური ცარცის წრე” რობერტ სტურუას ის სპექტაკლია, რომელმაც წარმატებით მოიარა მსოფლიოს თითქმის ყველა თეატრის სცენა. ”კავკასიურმა” საბჭოთა წრე გაარღვია, სა-გასტროლოდ საზღვარგარეთ გავიდა და გახდა ერთგვარი ”სავიზიტო ბარათი” მთელ მსოფლიოში…

გერმანულ პიესებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “კავკასიური ცარცის წრე” 1944 წელს ბერტოლტ ბრეხტის მიერ შექმნილი ეპიკური პიესაა, რომელიც რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში 1975 წელს განახორციელა. მაშინ რეჟისორი 37 წლის გახლდათ და ეს მისი რიგით 21-ე სპექტაკლი იყო. სპექტაკლის მხატვარი გოგი მესხიშვილი, ხოლო კომპოზიტორი გია ყანჩელი იყო.

სპექტაკლმა სიცოცხლე XXI საუკუნეშიც განაგრძო – 2002 წელს, რამაზ ჩხიკვაძის დაბადებიდან 74 წლის აღსანიშნავად, ის თბილისში რამდენიმეჯერ ითამაშეს, შემდეგ მოსკოვში ზედიზედ ოთხჯერ, კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე თეატრალებისთვის ამ წარმოდგენის თვალსაზრისით 2006 წელს გახლდათ. სპექტაკლს, რომელიც თავისი არსებობის ისტორიაში 600-ზე მეტჯერ წარმოადგინეს, რეკორდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრო და ზოგიერთს ის 50-ზე მეტჯერაც კი ჰქონდა ნანახი…

აღსანიშნავია ისიც, რომ როცა სტურუამ პიესა მსახიობებს წარუდგინა, ბევრს არ მოსწონებია, უფიქრიათ, ეს რა დასადგმელიაო. ბევრს უარი უთქვამს სპექტაკლში მონაწილეობაზეც, თუმცა რეჟისორმა მუშაობა მაინც დაიწყო და როლებიც გაანაწილა: წლების განმავლობაში რამაზ ჩხიკვაძე იყო უცვლელი აზდაკი, თუმცა მცირე ხნით ამ როლს ეროსი მანჯგალაძეც ასრულებდა _ დუბლიორი გახლდათ. არ იცვლებოდნენ: გურამ საღარაძე, კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე; იზა გიგოშვილის შემდეგ თათული დოლიძე ასრულებდა გრუშეს როლს, კახი კავსაძის შემდეგ სიმონ ჩაჩავას – ლევან ბერიკაშვილი, მარინე თბილელი ნათელა აბაშვილის როლზე ლია გუდაძემ ჩაანაცვლა და შემდეგ მარინა კახიანმა, მაგრამ ეს არასრული ჩამონათვალია იმ მსახიობებისა, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ ”კავკასიურში”…

თაობებთან ერთად იცვლებოდა მიშიკო აბაშვილის როლის შემსრულებელი. გასტროლების დროს რომელ ქვეყანაშიც ჩავიდოდნენ, ამ როლზე იქაური ბავშვი აჰყავდათ… ბოლოს ეს პერსონაჟი რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილმა, პატარა რამაზმა შეასრულა. ეს 2006 წლის 28 თებერვალს მოხდა, ჩხიკვაძის დაბადების დღეს, როცა რუსთაველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარს-კვლავი გახსნეს…

პირველად რუსთაველის თეატრი გასტროლებზე 1977 წლის მარტში დასავლეთ გერმანიაში, საარბრიუკენში გაემგზავრა და სწორედ იქიდან დაიწყო საერთაშორისო აღიარება. მაგრამ მანა-მდე ისე მოხდა, რომ ერთ დღეს რამაზ ჩხიკვაძე სიბნელეში, თავახდილ ჭაში ჩავარდა და ფეხები დაიზიანა, უჭირდა სცენაზე გადაადგილება, აქტიურობა. სწორედ მაშინ დაინიშნა ეროსი მანჯგალაძე დუბლად აზდაკის როლზე და საარბრიუკენის გასტროლებისთვის ორი აზდაკი გაემგზავრა, რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი მანჯგალაძე. გეგმის მიხედვით, პირველ დღეს ერთი ითამაშებდა და მეორე დღეს მეორე მსახიობი.

თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძე გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გახლდათ. ეს ის ადამიანია, რომელიც არაერთი წლის განმავ-ლობაში რუსთაველის თეატრთან ერთად ”ცხოვრობდა”. სწორედ მისი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ რუსთაველის თეატრის საარბრიუკენში ყოფნისას პირველ სპექტაკლში რამაზ ჩხიკვაძემ ითამაშა, მეორე დღეს ეროსის რიგი რომ დადგა, გასტროლის ორგანიზატორმა ჰერმან ვე-დეკინდმა ქართულ მხარეს აცნობა, რომ სპექტაკლზე დასწრებას აპირებდა უამრავი სტუმარი, მათ შორის საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზატორები, პროდიუსერები გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან და რეჟისორს ურჩია, იმ საღამოს აზდაკის როლი ისევ რამაზ ჩხიკვაძეს ეთამაშა.

ამ სიტუაციიდან გამოსავლის საძიებლად რობერტ სტურუა, აკაკი ბაქრაძე, გია ყანჩელი, გურამ საღარაძე და ნოდარ გურაბანიძე შეკრებილან, უმსჯელიათ, მაგრამ ვერაფერი გადაუწყვეტიათ. შემდეგ სტურუა ეროსისთან დასალაპარაკებლად გასულა და მალევე დაბრუნებულა კმაყოფილი, რადგან ეროსის ეს ამბავი უმტკივნეულოდ მიუღია. სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც რამაზმა შემთხვევით მოჰკრა ყური, რომ იმ საღამოს სცენაზე ის უნდა დამდგარიყო და დადგმის ავტორებისთვის უთქვამს: ხალხო, ასეთი რამ არ შეიძლება, დღეს ეროსიმ უნდა ითამაშოს, მაგის ჯერია და ასე იცის მაგ კაცმაცო. მსახიობი არ დალოდებია რე-ჟისორის პასუხს, რომ ეროსი და სტურუა უკვე შეთანხმებული იყვნენ ამ საკითხზე და კოლეგასთან მისულა.

ნოდარ გურაბანიძე: “ეროსი “გაბუსუნებული” და ნაწყენი დახვდა ოთახში, რამაც რამაზი გააკვირვა. “ეროსი, ხომ იცი, დღეს შენ თამაშობ აზდაკს?” ეროსიმ უცნაურად შეხედა და უთხრა: “დედაჩემი რომ ადგეს საფლავიდან და მთხოვოს ითამაშეო, არც დღეს და არც არასოდეს ამ როლს არ ვითამაშებ” (მართლაც შეასრულა თავისი სიტყვა და ამ როლს აღარ გაჰკარებია). საფიქრებელია, ეროსიმ ერთგვარ დაცინვადაც კი მიიღო რამაზის ეს სიტყვები, რადგან დარწმუნებული იყო, მან უკვე იცოდა მისი და რობერტ სტურუას ლაპარაკის შინაარსი. მხოლოდ მაშინ გადაუარა სიბრაზემ, როცა დარწმუნდა, რომ რამაზმა არაფერი იცოდა მათი შეხვედრის შესახებ”…

საარბრიუკენის შემდეგ რუსთაველის თეატრმა დიუსელდორფში გამართა სპექტაკლი, იქაური მაყურებელი ცივად და ზედმეტად კრიტიკულად მიიჩნეოდა, თუმცა რამაზ ჩხიკვაძე სცენაზე გამოჩნდა თუ არა, სიტყვაც არ ჰქონდა ნათქვამი, დარბაზი ტაშით ”დაინგრა”.

ამის გარდა, გასტროლებზე სპექტაკლის მსვლელობისას რამაზ ჩხიკვაძეს თამაშს ხშირად ტაშით აწყვეტინებდნენ, აზდაკის ცნობილი არიის შესრულების შემდეგ კი სპექტაკლის გაგრძელება საერთოდ შეუძლებელი ხდებოდა. მთხრობელი, ჟანრი ლოლაშვილი, იძულებული იყო, მაყურებლისთვის ენიშნებინა, გაჩერებულიყვნენ, რომ მსახიობს თამაში დასცლოდა.

საარბრიუკენსა და დიუსელდორფში მიღწეულ წარმატებას დიდი რეზონანსი მოჰყვა მსოფლიო თეატრალურ სამყაროში და ”კავკასიური ცარცის წრე” საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე მიიწვიეს. პირველი ასეთი ფესტივალი მექსიკაში, ქალაქ გუანახუტოში გამართული “სერვანტინო-5” იყო, სადაც რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალურ ვარსკვლავად მოიხსენიეს და მთელი ევროპა “კავკასიურის” გენიალურობაზე ალაპარაკდა. ფესტივალზე აკრედიტებულ უამრავ კორესპონდენტს შორის იყო ინგლისელი მაიკ კოვენიც, რო-მელმაც თავისი ვრცელი რეცენზია გამოაქვეყნა “ფაინენშალ თაიმსში”, რამაზ ჩხიკვაძე კავკასიელ ლოურენს ოლივიედ გამოაცხადა და დაწერა “რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც კი ოდესმე მინახავს”.

საქართველოში დაბრუნებამდე ეროსის მომხდარის გამო წყენა არ ეტყობოდა, მაგრამ აქ ვითარება შეიცვალა. სავარაუდოდ, მშობლიურ თეატრში დაბრუნებულს კოლეგებმა არაერთხელ ”შეახსენეს”, რომ ევროპაში სულ ტყუილად ჰყავდა სტურუას წაყვანილი, ისე, რომ ერთ სპექტაკლშიც არ ათამაშა…

რუსეთის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნში “მეოცე საუკუნის სპექტაკლები”, მთელ მსოფლიოში დადგმულ ას საუკეთესო სპექტაკლს შორის, ”კავკასიურიც” მოხვდა. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეულში ორი ქართული სპექტაკლი – სანდრო ახმეტელის “ყაჩაღები” და რობერტ სტურუას “კავკასიური ცარცის წრეა”… შესული.

დაახლოებით ოთხი წლის წინ გამოიცა რობერტ სტურუას ალბომი ორ ტომად, რომლის ბოლოს რეჟისორი ახალგაზრდა კოლეგებს ურჩევს: თუ გვინდა, რომ ახალგაზრდებად დავრჩეთ, უნდა დავივიწყოთ ჩვენი საუკეთესო სპექტაკლები და ნუ დავტკბებით მიღწეულით, ვიფიქროთ იმ სპექტაკლებზე, რომლებიც არ გამოგვივიდა და ჩავარდა. დაბოლოს, ეს მიმართვა მთავრდება მინაწერით _ ”პ.ს. ძალიან გთხოვთ, არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ საუბრებში სიტყვა არ დაძრათ ჩემთან ”კავკასიურ ცარცის წრეზე”… ეს ალბათ ნახევრად ხუმრობით, რადგან ამ სპექტაკლზე დღემდე იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ, როგორც ჩანს, მაესტროს, ცოტა არ იყოს, მოჰბეზრდა ამ თემაზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ თავის ნამუშევარს შორის ”პირველი სიყვარულის” სტატუსს სპექტაკლ ”ყვარყვარეს” ანიჭებს, იქვე იხსენიებს ”კავკასიურსაც”. წარმოუდგენელია, რეჟისორი არ ამაყობდეს იმ ფაქტით, რომ ”კავკასიური ცარცის წრე” დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპექტაკლად ქართული თეატრის ისტორიაში.

წყარო