კარიერა ფრაზებში: მიხაელ შუმახერი

120

„რბოლა ცხოვრებაა და ცხოვრება რისკია”! – ეს სიტყვები ყველა დროის საუკეთესო ავტომრბოლს მიხაელ შუმახერს ეკუთვნის.
შარშანდელი 29 დეკემბრის შემდეგ გერმანელი სუპერვარსკვლავი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია – საფრანგეთის ალპებში, მერიბელში მომხდარი უბედურების შემდეგ საწოლსაა მიჯაჭვული და მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
16 ივნისს შუმახერი გრენობლის საავადმყოფოდან ლოზანაში გადაიყვანეს, 9 სექტემბერს კი ის საკუთარ სახლში დაბრუნდა, სადაც რეაბილიტაციის კურსს გააგრძელებს.
„მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ხნის მანძილზე ოჯახს გვერდით ედგა – ექიმებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, „ფერარის” დიდ ოჯახს და მიხაელის კოლეგებს. ვიცი, რომ ის ბოლომდე იბრძოლებს და ფეხზე დადგება”, – ეს სიტყვები შუმახერის მეუღლემ კორინამ ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ განუცხადა.
„მთელი ცხოვრება ვიბრძვი. მაშინაც კი, როცა გამარჯვების სულ მცირე შანსია. სხვანაირად არ შემიძლია!” – ესეც შუმახერის სიტყვებია.
ქვემოთ „წითელი ბარონის” ცხოვრებას მისივე ფრაზებით გავიხსენებთ.

* * *
…მე და რალფს მშობლები პატარაობიდანვე თავისუფლებას გვაჩვევდნენ. როცა სხვა ბავშვების მშობლები შვილებს ცელქობის გამო ტუქსავდნენ, ჩვენ ერთ-ორ სიტყვას გვეტყოდნენ და ამით მთავრდებოდა ყველაფერი. ამისთვის მათი მადლობელი ვარ!

…ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი, რომ მარტოს გადამეწყვიტა სად წავსულიყავი. უცნაურია, მაგრამ ოცნება ამიხდა.

…ასე მგონია, ძარღვებში სისხლის ნაცვლად ბენზინი მიდუღს. მამაჩემი კიოლნის მახლობლად, კარტოდრომზე მუშაობდა და თუ არ ვცდები, ოთხი წლის ვიყავი, როცა პირველად დამსვა კარტის საჭესთან. ალბათ, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ რბოლა ყველაზე უკეთ მეხერხებოდა.

…როცა პირველად ვიშოვე საკუთარი ფული, პასუხისმგებლობა ვიგრძენი. და სწორედ ამის გამო, ჩემი პირველი ჰონორარი, გნებავთ ხელფასი, რაც გსურთ ის დაარქვით, დედაჩემს გადავეცი. იმას, რასაც იმ წუთებში განვიცდიდი, ბედნიერება ნაღდად არ ერქვა, მაგრამ სასიამოვნო კი ნამდვილად იყო.

…მუდმივად მახსოვდა და ახლაც ასეა – ოჯახი უმთავრესია! როცა ამას ვამბობ, ცხადია, პროფესიასაც არ ვივიწყებ – სპორტს გამორჩეული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. მოდი ასე ვთქვათ: დედამიწას ხომ ორი პოლუსი აქვს, ასეა ჩემს შემთხვევაშიც – ოჯახი და სპორტი. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

…ყველაზე მთავარი, რაც შვილებს შეგიძლიათ მისცეთ, ეს მათთან გატარებული წუთებია. მათ პირველ რიგში სწორედ მშობლებთან ურთიერთობა სჭირდებათ.

…ყოველთვის მიყვარდა გუნდური მუშაობა, „ფერარიში” კი ამ მხრივ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო!

…როცა ვინმესთან ან რამესთან 14 წლის მანძილზე გაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, ეს შენზე მოქმედებს. „ფერარიში” ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე და ამიტომ დანამდვილებით ვიცი, ჩემი გულის დიდი ნაწილი სწორედ „ფერარის” ფერია – წითელი!

…თავისი წარსულით და აწმყოთი „ფერარი” მხოლოდ გამარჯვებას იმსახურებს. როცა ამ გუნდში ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი მათი ნდობა გამემართლებინა. ვფიქრობ, ამას ვახერხებდი კიდეც.

…„ფერარიმ” ბევრი რამ შემძინა, პირველ რიგში კი ფასდაუდებელი გამოცდილება, რის გარეშეც ვერ ვიქნებოდი ის, რაც ვარ.

…ხშირად „დამიჭერია” საკუთარი თავი, რომ იტალიელივით ვიქცევი ან ვფიქრობ. „ფერარიში” გატარებულმა წლებმა ნამდვილად არ ჩაიარა უკვალოდ, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ნაღდი გერმანელი ვარ, რომელსაც უყვარს წესრიგი, დისციპლინა და შრომა.

…ფორმულა 1 მეტოქეებთან კი არა, საკუთარ თავთან ბრძოლაა. დავუშვათ მოიგე ერთი რბოლა. ეს ძალიან კარგია, მაგარია! მაგრამ მომდევნო ეტაპის წინ ისევ კითხვის ნიშანს ხედავ – შეძლებ გამარჯვებას? ამიტომაც მიზიდავს სპორტის ეს სახეობა – რბოლიდან რბოლამდე, სტარტიდან ფინიშამდე უნდა დაამტკიცო, რომ საუკეთესო ხარ!

…უამრავი რეკორდი დამიმყარებია, მაგრამ ეს ჩემი მიზანი არ ყოფილა. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: რეკორდები იმისთვისაა, რომ გაუმჯობესდეს.

…ფორმულა 1-ში მხოლოდ ის პილოტები აწყდებიან პრობლემებს, რომლებსაც ქვედა საფეხურები არ გაუვლიათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ 800 ცხენის ძალის კონტროლი მხოლოდ საჭის ღილაკებზე თითების დროული დაჭერითაა შესალებელი, ძალიან ცდება.

…არასდროს გამომიტენია თავი სტატისტიკით, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი პირველი მივსულიყავი ფინიშთან. სტატისტიკა რბოლის თანამდევი იყო, მეტი არაფერი.

…ყველა სპორტსმენს განუცდია აღმაფრენა და იმედგაცრუება. ამაში არაფერია ტრაგიკული. მთავარია ბრძოლა განაგრძო. აი, ხომ ხდება ერთ დღეს შესანიშნავ ხასიათზე იღვიძებთ, მეორე დილით კი არაფერი გიხარიათ? და ამის გამო თავს ხომ არ იკლავთ? ასეა სპორტშიც.

…როცა აირტონ სენა დაიღუპა, დასაფლავებაზე არ წავედი. დიდხანს ვიფიქრე, სწორად ვიქცეოდი თუ არა და მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო, მე კი არ მსურდა მენახა, როგორ დამარხავდნენ.

…ერთი ასეთი წესი მაქვს: თუ ჭრილობა მოვირჩინე, მას აღარ ვიხსენებ.

…რა არის ფორმულა 1? როგორ გითხრათ, ეს გაცილებით მეტია ვიდრე სპორტის ერთი კონკრეტული სახეობა. აქ მუდმივად რაღაც ახალს აღმოაჩენთ, ყოველთვის იცვლება წესები, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება – გრან-პრის მოგებით გამოწვეული ემოცია. ამას სიტყვებით ვერ აღწერ – ის შეუდარებელია!

…თუ მაქსიმალურად დაიხარჯები და გამარჯვებისთვის ყველაფერს გასცემ, მერწმუნეთ, ეს ბედნიერების მეტს არაფერს მოგიტანთ.

…ზეწოლა? ყველა სპორტსმენი განიცდის ზეწოლას, ზოგი უმკლავდება, ვიღაც – ვერა. ყოველთვის ვიცოდი რა მსურდა სპორტში, როგორ მიმეღწია მიზნისთვის და ამიტომ, ზეწოლა ჩემთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. პირიქით, ხშირად მეხმარებოდა კიდეც წარმატების მიღწევაში.

…ყოველთვის ვცდილობდი ემოცია ნაკლებად ან საერთოდ არ გამომეხატა. ისევე, როგორც სისუსტე. მგონი, ყველა სპორტსმენი ჩემსავით იქცევა.

…ადრენალინს არაფერი აქვს საერთო რბოლასთან. ჩვენთან წარმატებას მხოლოდ ის პილოტები აღწევენ, რომლებიც სტარტიდან ფინიშამდე მშვიდად და ცივი გონებით მართავენ საჭეს.

…თუ მეგობარი გამარჯვებულია და შენ ბრაზობ, უნდა მიხვდე, რომ ასეთი მეგობრობა მოჩვენებითია.

…რბოლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ავტომობილის ყურადღებით და ფრთხილად მართვა უფრო მსიამოვნებს.

…ჩვეულებრივი მანქანით ქალაქგარეთ სიარული გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ფორმულა 1-ის ბოლიდის მართვა.

…რატომ წავედი ფორმულადან? რბოლის სიყვარული გამინელდა, მოტივაცია დავკარგე, ვიგრძენი, რომ ჩემი თავი ამოვწურე. სხვათა შორის, ძალიან კარგია, როცა ადამიანი დროულად სვამს წერტილს.

…საყვარელი წიგნი? იცით, როცა ფორმულა 1-ში ვიყავი, მხოლოდ ერთი წიგნი წავიკითხე, თუმცა ვინ იყო ავტორი ან რა ერქვა ნაწარმოებს, ნაღდად არ მახსოვს. სამაგიეროდ, დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო საყვარელ ავტომობილზე – ფერარი F430 სკუდერია ნამდვილი სრულყოფილებაა!

…ჭორები? ძალიან ხშირად გამიგია ამბები, რომელიც არ გადამხდენია, რასთანაც არასდროს მქონია შეხება, მაგრამ მაინც ჩემთან დაუკავშირებიათ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ წამიკითხავს ინტერვიუ, რომელიც არასდროს მიმიცია. სიმართლე გითხრათ, ასეთ ამბებს არადროს ვაქცევდი ყურადღებას.

…როგორი დამოკიდებულება მაქვს ჟურნალისტებთან? აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ. წლების წინ, როცა დედაჩემი გარდაიცვალა, ისინი სახლის ჭიშკართან იცდიდნენ იმ იმედით, რომ რაიმე კომენტარს გავაკეთებდი. ამან ძალიან გამაღიზიანა.

…ხშირად მივსულვარ იმ დასკვნამდე, რომ ჩემში ჟურნალისტები იმაზე მეტს ეძებენ, ვიდრე არის.

…ხშირად მიგრძვნია გარშემომყოფების აღფრთოვანება და შემიმჩნევია, რომ ხალხი, რომელიც ჩემს სიახლოვეს ტრიალებს, იცვლება, არაბუნებრივად იქცევა. ერთი წამითაც არ ჩამითვლია, რომ ვინმესგან განვსხვავდები ან სხვაზე მეტი ვარ. და თუ მაინცადამაინც სხვაობაშია საქმე, ვთვლი, რომ მხოლოდ იმით ვარ გამორჩეული, ტრასაზე ბოლიდის სხვებზე სწრაფად ტარება რომ შემიძლია.

…ვხვდები, რომ პოპულარული და სახელგანთქმული ადამიანი ვარ, მაგრამ მინდა, რომ ხალხი მიყურებდეს არა როგორც სუპერგმირს ან ლეგენდას, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეს, კაცს, რომელიც გამვლელებისგან არაფრით გამოირჩევა.

…თუ ადამიანი გონიერია, პოპულარობას შესანიშნავად გამოიყენებს. ასეთ კაცს შეუძლია ხალხის ყურადღება ისეთ საკითხზე გაამახვილოს, რომელსაც მის გარეშე ყურადღებას არავინ მიაქცევდა. პოპულარობა ცუდი არაა, მთავარია სახელმა და იმ ძალაუფლებამ, რაც მას მოაქვს, აზროვნება არ დაგაკარგვინოს.

…ყველაზე ცუდი, რასაც ადამიანი საკუთარ თავს გაუკეთებს, ეს სხვასთან შედარებაა.

…მუდმივად მჭირდება თანამგზავრი, მინდა, რომ საყვარელი ადამიანი ყოველთვის ჩემს გვერდით იყოს. რბოლის დროსაც კი, როცა მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ, ხშირად მახსენდება მეუღლე. კორინა ჩემთვის ყველაფერია!

…მე და კორინა ყოველთვის ვცდილობდით შვილებს განსაკუთრებულ ადამიანებად არ ეგრძნოთ თავი. მიხარია, რომ ეს მოვახერხეთ. სახელგანთქმული მშობელი ბევრი ბავშვისთვის პრობლემად იქცა და ძალიან არ მინდა ჩემებიც იგივეს გადააწყდნენ.

…რამდენჯერმე წავიკითხე ჩემი შემოსავლების შესახებ და… საკუთარი თავის შემშურდა! დამიჯერეთ, ის, რაც ჩემი ქონების შესახებ იწერება, ძალიან გადაჭარბებულია.

…ერთადერთი რაზეც ვოცნებობ, მინდა არასდროს დავრჩე მარტო.

…რისი მეშინია? ბრბოსი.

…სირბილი იმაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე გარშემომყოფებს წარმოუდგენიათ.

…7 ჩემი საყვარელი ციფრია.

…ავტომობილის 300-ით ტარება საშიში არაა. სახიფათო ისაა, ასეთ დროს რაიმე სულელური აზრი არ მოგივიდეს თავში.

…ამბობენ, რომ გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული. ასე არაა – დავიბადე იმისთვის, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოლო!

…მთელი ცხოვრება ვიბრძვი. მაშინაც კი, როცა გამარჯვების სულ მცირე შანსია. სხვანაირად არ შემიძლია!

…მეცინება, როცა ხალხი ცხოვრებისეულ კანონებზე საუბრობს. სინამდვილეში ცხოვრებას არავითარი კანონები არ აქვს.

…რბოლა ცხოვრებაა და ცხოვრება რისკია!

მიხაელ შუმახერი
დაიბადა 1969 წლის 3 იანვარს გერმანიის ქალაქ ჰიურტში


ტიტულები:
 მსოფლიოს ჩემპიონი – 1994 (ბენეტონ-ფორდი), 1995 (ბენეტონ-რენო), 2000, 2001, 2002, 2003, 2004 (ყველა ფერარი); მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – 1998, 2006 (ფერარი), მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი – 1992 (ბენეტონ-ფორდი), 1996, 2005 (ფერარი)


ფორმულა 1-ში მიხაელ შუმახერის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდები


– ზედიზედ მოგებული საჩემპიონო ტიტული
8
 – ყველაზე მეტი გრან-პრი ერთ ქვეყანაში (საფრანგეთი)
8
 – ყველაზე მეტი პოული ერთ ქვეყანაში (იაპონია)
10
 – ყველაზე მეტი სწრაფი წრე ერთ სეზონში (2004)
13 
– ყველაზე მეტი გრან-პრი ერთ სეზონში (2004)
15
 – ყველაზე მეტი სეზონი მინიმუმ ერთი გრან-პრით
15 
– 1-2 ადგილზე ზედიზედ დასრულებული რბოლა (ბრაზილია-იაპონია, 2002)
17 
– ყველაზე მეტი პოდიუმი ერთ სეზონში (2002)
22
 – ყველაზე მეტი სხვადასხვა გრან-პრი
22
 – ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი (პოული+სწრაფი წრე+გამარჯვება)
40
 – ყველაზე მეტი დუბლი (პოული+გამარჯვება)
43
 – ყველაზე მეტი მეორე ადგილი
68
 – ყველაზე მეტი პოული (I ადგილი საკვალიფიკაციო რბოლაში)
72
 – ყველაზე მეტი გრან-პრი ერთ გუნდში (ფერარი)
77
 – ყველაზე მეტი სწრაფი წრე
91 
– ყველაზე მეტი გრან-პრი
116
 – ყველაზე მეტი სტარტი პირველი რიგიდან
181
 – ყველაზე მეტი რბოლა ერთ გუნდში (ფერარი)
221
 – ქულათა ზონაში დასრულებული ყველაზე მეტი რბოლა

წყარო