რა გამიკეთა მთავრობამ ?!…

172

ტატოს მწარე ბლოგი…

„წინა ვიცით რაც იყო და როგორც იყო და ამათი იმედი გვქონდა ხალხს, მარა ამათმაც რა გამიკეთეს, ჩემი ფეხები… ისევე ისე ვწვალობ და ვჯახირობ როგორც მანამდე, არავინ არაა ხალხისთვინ, ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს…“

 ვიჯექი ჩემთვის მუსიკას ვუსმენდი და საქმეზე ვფიქრობდი, მაგრამ ტაქსისტის ამ ფრაზამ გამომაფხიზლა, მერე გამახსენდა რომ მსგავსი ფრაზები ხშირად მსმენია და სხვა რამეზე დავფიქრდი:

– ნეტა მთავრობა უნდა გვიკეთებდეს რაღაცეებს? თუ მთავრობა იმით უნდა იყოს დაკავებული რითიც არის, ანუ ქმნიდეს კანონებს, ქმნიდეს გარემოს და შენ უნდა აკეთებდე, აკეთებდე საქმეს, აკეთებდე გულით და ხარისხიანად, არ გინდოდეს სხვისი ნაჩუქარი ლუკმა, უვლიდე შენს საცხოვრებელ ადგილს, იცოდე შენი ადგილი ცხოვრებაში და უბრალოდ არ გეზარებოდეს?!…

ალბათ მეორე, ყოველ შემთხვევაში მე მასე ვთვლი და სუბიექტური ვარ. როცა გაქვს ორი ხელი, ორი ფეხი, არ გაწუხებს ჯანმრთელობა და შეგიძლია შექმნა რაღაცა, რატომ უნდა ელოდებოდე მტავრობის, პეტრეს, პავლეს, ბიძინას, მიშას თუ სხვის გაკეთებულს? ადექი და გააკეთე დალოცვილო…

რა გააკეთო? რა და ახლა რომ ზიხარ თბილისში, გშია და ელოდები როდის ვინ რას გადმოგიგდებს, მოკიდე ხელი შენს ყაზილარს, მთელი ცხოვრება  მის სწავლას რომ შეალიე (სწავლას თუ უსწავლელობას ეგ სხვა თემაა მაგაზეც ვიტყვი მერე როდესმე) და წადი სოფელში,

აი იმ სოფელში, სახლი რომ გაქვს გამოკეტილი,  ის სახლი შენი ყაზილარის სწავლისთვის რომ შრომობდი და წელებზე ფეხს რომ იდგამდი, მაგის მერე რომ დრო გრჩებოდა და დანარჩენ ენერგიას მას რომ ახარჯავდი ყოველ შაბათ კვირას და ახლა მხოლოდ აღდგომას და ახალ წელს რომ ჩადიხარ…

პენსიას და სოციალურ დახმარებს იქაც გამოგიგზავნის მთავრობა და სამაგიეროდ ბოსტანი გექნება, ქათამი გეყოლება, პატარა ტალავერს გააშენებ ეზოში, შენი ღვინო გექნება და არ გეშიება…

სანამ ეს ყველაფერი გაიმართება მანამდე რა ქნა?… იზამ რამეს, სოფელი მადლიანია, ბიძაშვილი გადმოგძახებს, სადილად დაგპატიჟებს, მეზობელი ჭადის ფქვილს შემოგიტანს, აი შენ რომ არ გიყვარს იმ მთავრობის დახმარება, თუ პენსია თუ რაც არის ეგეც მოგისწრებს ამასობაში და გავიდა თვე, მეორე თვეს ისევ ცოტა აქეთ ცოტა იქით, ამასობაში შენი ბოსტნის პომიდორი დამწიფდება და ეგაა…

მაგრამ არა, და იცი რატომ არა? იმიტომ რომ გეზარება… შრომას გადაგაჩვიეს „გეორგიელო“ აი შენ რომ მისტირი იმ რუსებმა, და გაგხადეს მასეთი, კომუნისტების დროს კოლმეურნეობას რომ პარავდი და ეგ რომ კარგი გეგონა ეგ გასწავლეს, შენ გგონია ვერ ხედავდნენ? ძალიან კარგად ხედავდნენ, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ, იმიტომ რომ მასეთი სჭირდებოდი, უუნარო და ზარმაცი…

ზარმაცი არ ხარ და მთელი დღე საჭეს უზიხარ?… საქმეც მაგაშია რომ უზიხარ და ფიზიკურად არ თოხნი, არ ბარავ და არ მარგლავ, ზიხარ,  წუწუნებ და იგინები…

 

სოფელი არ გაქვს? ქალაქელი ხარ?..

კი ბატონო ქალაქელი რომ ხარ რაში გამოიხატება შენი ქალაქელობა, სადაც ცხოვრობ რომ არ უვლი? (ეგეც ცალკე თემაა და მაგაზეც დავწერ) შენ რაღა აკეთო

სამსახურები არაა?!…

როგორ არაა სამსახურები, იცი როგორ ჭირს კარგი კადრის პოვნა?!…

კარგი კადრი ხარ?…

არ ხარ კარგი კადრი, არ იცი საქმე და ამბიცია გაქვს, ამბიცია იმიტომ გაქვს რომ, ადრე მამამ ნაცნობობით მოგაწყო, ხუთი წელი კურსიდან კურსზე ერთი ბოცა ღვინით ან ერთი ზარით გადადიოდი და სინამდვილეში არაფერი გისწავლია, ხუთი წელი ნაშებს დასდევდი და ქეიფობდი, მერე ისევ მამამ მოგაწყო სამსახურში და იქაც ჭადრაკის თამაშის და პაპიროსის წევის მეტს არაფერს აკეთებდი, საქმე არ იცოდი და მერე ის „ტრესტი“ რომ დაიხურა შენ რომ „მუშაობდი“ სამსახური ვეღარ იპოვე…

ვერც იპოვიდი, არ იყავი ძლიერი, არც ის იცოდი როგორ გეპოვა, შენ ხო მამამ გიშოვა და…

კაი ახლა რა აკეთო? ჯერ პირველ რიგში იმას მიხვდი რომ, მთავრობამ კი არ უნდა გაგიკეთოს რამე და შენ ტყუილად დაჩაგრული ხარ,

არა არ არის მასე…

შენ არ ვარგიხარ შენ…

წადი ხელობა ისწავლე ნუ გიტყდება, ყველა შრომა დასაფასებელია, კაი ხო იტაქსავე არც ეგ ტეხავს, მარა აქ სხვა პრობლემაა, შენ გიტყდება ტაქსაობა იმიტო რო მოსკოვში გაქვს დამთავრებული უმაღლესი…

ვინც მართლა სწავლობდა და შრომობდა იმათ რა გაუკეთა?…

ისინი ვიღაცის გაკეთებულს არ ელოდებოდნენ არც მაშინ და არც ახლა ელოდებიან, მაშინაც შრომობდნენ და ახლაც შრომობენ, არც ერთი მთავრობის დროს შესჩივიან ვინმეს და არც მეორეს დროს, არიან მშვენივრად და ყველაფერიც გამოსდით…

სანამ სწორად არ შევაფასებთ ჩვენ გარშემო და ჩვენს თავს არსებულ მდგომარეობას მანამდე ვიქნებით სხვისი ხელის და გადმოგდებული ლუკმის შემყურე, სანამ სიზარმაცეს და კომპლექსებს არ დავძლევთ და სანამ ვიტყვით რა გამიკეთაო, მანამდე არაფერი გვეშველება, როცა ვიტყვით აბა რა გავაკეთეო, აბა ვის რა ვარგეო, მაშინ გამოვა რაღაც…

ეს ალბათ მაინც ძირითადად უფროსი და საშუალო ასაკის ხალხს ეხებათ, მაპატიეთ სიმწარე უფროსებო, მაგრამ რა ვქნა სიმართლე სიმართლეა, მითუმეტეს სხედხართ და ჩვენ, ახალგაზრდებს გვამუნათებთ როგორი კარგები იყავით თქვენ და როგორ არ ვვარგივართ ჩვენ, მაგას მაინც შეეშვით…

გმადლობთ ყურადღებისათვის, მე ისევ დაგიბრუნდებით…

ტატო მახაშვილი