მცირე ბიზნესის დიდი იარაღი

5

თავიდან ყველაფერი ხუმრობით დაიწყო. თინეიჯერები საკუთარი  ცეკვის და “ტაშფანდურის”  ვიდეოებს იღებდნენ და პოსტავდნენ,  ცნობილ ადამიანებს, ან ერთმანეთს ბაძავდნენ,  ეჯიბრებოდნენ…

მოკლედ, მაგრად ერთობოდნენ. დიახ, ტიკ ტოკზეა საუბარი, პირველად ტიკ ტოკზე.

ამ მოვლენებიდან ძალიან მალე, ჭკვიანმა ბიძიებმა და დეიდებმა მარკეტინგის სფეროდან, შეამჩნიეს, რომ მოკლე ვიდეოებს დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო ბიზნესისთვის.

ცნობილი არ არის პირველად ვინ ვის ჩასჩურჩულა ყურში ამის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში ამას გამოძიება დაადგენს.

ფაქტი ისაა, რომ ძალიან მალე ტიკ ტოკიც და სხვა სოციალური ქსელებიც, მოკლე ვიდეოების წყალობით, ბიზნესს ეფექტურ ზრდას და გამდიდრებას სთავაზობდნენ.

და მაინც, არის პატარა ვიდეო ოქროს საბადო და მცირე ბიზნესის დიდი იარაღი?

თუ უბრალოდ ნუგეშია მათთვის, ვისაც გრანდიოზულ სარეკლამო კამპანიებზე ხელი არ მიუწვდება და სხვა გზა ისედაც არ აქვს?

პასუხია – არის! ნამდვილად არის!

იმას თავი რომ დავანებოთ. ვის რამდენი ფული და როგორი სარეკლამო კამპანიის წარმართვის უნარი აქვს, ეს პატარა ვიდეოები, უბრალოდ ასწორებს.

სულ რომ თავი დავანებოთ იმას, რომ ბრენდები დღეს ემოციებს ყიდიან და არა უბრალოდ პროდუქტებს, ეს პატარა ვიდეოები უბრალოდ ასწორებს.

ასწორებს იმიტომ, რომ მათი უმეტესობა ან სასაცილოა, ან რაღაცას გვასწავლის, ან გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება.

თანაც ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში ხდება.

აქ არ გვხვდება პროლოგები და ეპილოგები, გაუთავებელი მსჯელობები და წიაღსვლები. ყველაფერი ხდება ძალიან მალე, მოკლედ და ლაკონურად და რაც მთავარია, ისინი რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული სარეკლამო რგოლებისგან.

აი, ასეთი რეალობაა დღეს.

მოკლე ვიდეოები მუშაობს და სულ რომ არ მოგვწონდეს, თუ წარმატებას გვინდა მივაღწიოთ, მოგვიწევს ავყვეთ.

ახლა წესით ბლოგის ჩემ საყვარელ ნაწილზე უნდა გადავიდე და მოგიყვეთ როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი სწორად…

მაგრამ წინა წინა ბლოგებში იმდენი ვწერე ამაზე, მგონი აღარ ღირს იმის მტკიცება, რომ ყველაფერი, რაც ბიზნესს უკავშირდება პროფესიონალებს უნდა მივანდოთ.

ლოგიკურია, რომ თუ გაუმართავი ტექსტი და ცუდი ფოტო დამღუპველია, ცუდად გადაღებული ვიდეოც კატასტოფა იქნება.

და ბოლოს, თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ ტიკ ტოკს გადმოწერ, ან ინსტაგრამის და ფეისბუკის „რილებზე“ „შეჯდები“, წინასწარ ბოდიშს გიხდი.

ბოდიშს გიხდი ყველა იმ საშინელი და იდიოტური ვიდეოს გამო, რომლის ყურებაც მოგიწევს, იმ მარგალიტების პარალელურად, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

სამწუხაროდ სოციალურ ქსელებს მარტო ბიზნესისთვის ვერ გამოიყენებ, დიდი შანსია ჩაგითრიოს, მაგრამ რას ვიზამთ, ესეც დღევანდელი რეალობაა.

ჰოდა მოკლედ – მაპატიე.

გვახსოვდეს – ყველას არ ვუჯერებთ, ყველაფერს არ ვიმეორებთ, საეჭვო ფაქტებს ვამოწმებთ.

რათქმაუნდა ხანდახან ინტუიციასაც ვენდობით, მაგრამ უმეტესად მაინც მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს ვეყრდნობით.

აბა, წარმატებები ბიზნესში და ისედაც, ცხოვრებაში!