The Guardian – საშინელი ტყუილი “შარლი ებდოს” შესახებ

110

„შარლი ებდოს” რედაქციაზე სასტიკი თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ ფრანგულენოვანი მწერალი – რობერტ მაკლაემ უილსონი ინგლისელ არაკომპეტენტურ ავტორებს აკრიტიკებს. უილსონს მიაჩნია, რომ ისინი ცდილობენ ამ სტატიებით მკითხველი შეცდომაში შეიყვანონ. ბრიტანული „გარდიანი” „შარლი ებდოს” შესახებ უილსონის სტატიას აქვეყნებს, რომელიც ავტორის აზრით – ამ გამოცემის რეალურ არსსა და სიმართლეს ასახავს.

„შარლი ებდოზე” თავდასხმის თარიღი – 7 იანვარი ახლოვდება. არ აქვს მნიშვნელობა „შარლის” გამოხატვის თავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნევთ, თუ სიძულვილის გამავრცელებელ უხამს გამოცემად, თქვენ ამ თემაზე მაინც უამრავი მასალის წაკითხვა მოგიწევთ. ზოგი სტატია ჟურნალის მიმართ კეთილგანწყობილი იქნება, ზოგი კი – არა, თუმცა მათი ძალიან დიდი ნაწილი დაწერილია ფრანგული ენის არმცოდნე ჟურნალისტების მიერ. შედეგად ვიღებთ ეჭვებს და წინასწარმეტყველებებს ადამიანებისგან, რომელსაც „შარლი ებდო” არ წაუკითხავთ და უბრალოდ მკითხაობენ. ღირს კი იმის თქმა, რომ ეს სისულელეა?

 

ჩვენ – ადამიანებს დავიწყების დიდი ნიჭი გვაქვს. 11 სექტემბერი იყო ტრაგედია, რომელმაც ძალიან შეცვალა მსოფლიო. ჩვენ ეს მოვლენა არც დაგვივიწყებია და არც გვახსოვს. ჩვენ არ გვინდა იმ ცხოველი შიშის გახსენება, რომელსაც სიკვდილის მიმართ განვიცდით. ეს ძალიან ადამიანურია. შედეგად კი ჩვენ შეიძლება დაგვავიწყდეს თუ რატომ იქცა ჩვენი სამყარო ასეთად. ფაქტების უბრალო გახსენება ჩვენ პირველად განცდებს არ ასახავს. შეუძლებელია ამით ავხსნათ ძალადობისა და სიკვდილის ის ზეიმი, რომლადაც ჩვენი რეალური პოლიტიკა იქცა.

„შარლი ებდოზე” თავდასხმამ ყველაფერი შეცვალა – როგორც მასობრივმა მკვლელობამ და როგორც ჩვენს ყველაზე სუსტ მხარეებზე წარმატებულმა დარტყმამ (ჩვენი საუკეთესო ნაწილი ხომ ჩვენი სისუსტეა). ეს თავდასხმა საშინელი და თითქოს აბსურდული იყო. თითქოს მიწა იძრა. როდესაც პოლიტიკური თუ რელიგიური მიზეზებით შეძრული შეიარაღებული ადამიანები ლიბერალურ სატირულ გამოცემებთან ბრძოლას იწყებენ, თითქოს ფიზიკის კანონებიც კი იცვლება.

რამდენიმე დღის წინ „შარლი ებდოს” ახალ ოფისში წავედი. ამ ოფისის ადგილმდებარეობა უცნობია და ის საუკეთესოდაა დაცული. ჩემთვის, როგორც ჩრდილოეთ ირალნდიელისთვის, უსაფრთხოების თემა უცხო არ არის, თუმცა აქ სულ სხვა დონე იყო. ოფისმა ჯეიმს ბონდის რომელიღაც ფილმის ბოროტმოქმედი გმირის საცხოვრებელი გამახსენა – ის სამყაროსგან ჰერმეტულად იზოლირებული იყო. ამავე დროს, ოფისში ჩვეულებრივი პატარა ჟურნალის რედაქციის ატმოსფეროა – ხალხი ცოტაა, სამზარეულოში არეულობაა, თანამშრომლებს უცნაურად აცვიათ. ესაა კეთილი, თავმდაბალი და სასაცილო ხალხი, რომელიც მე ასე მიყვარს. ეს შეუსაბამობა ყოველთვის იგრძნობა – ულტრათანამედროვე დაცვის მექანიზმებით გარშემორტყმული რბილი და სასიამოვნო ხალხი. ესაა სამყარო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მაგრამ ეს მთავარი არ არის. ესაა სამყარო, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ.

ასე რომ – გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.

ჩემი ორი ნაწილი – ინგლისურენოვანი და ფრანგულენოვანი – ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდა. საფრანგეთში ყოფნისას „შარლი ებდოზე” არ ვწერ. ამას ჩემს გარდა სხვაც ბევრი გააკეთებს. ინგლისურენოვან ქვეყნებში კი, მე მათზე ვწერ. ამას ორი მიზეზი აქვს – ჯერ ერთი, სხვას ეს არავის ანაღვლებს. და მეორეც, სწორედ აქ იწერება ამდენი სიცრუე.

თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ, „ნიუ იორკერმა” გამოაქვეყნა ძალიან ცუდი სტატია, რომელშიც „შარლის” ნაცისტური ტიპის რასიზმში სდებდა ბრალს. ეს „ნიუ იორკერი” იყო, რომელშიც აუცილებლად სიმართლე უნდა დაეწერათ. მაგრამ ეს სულელური ცილისწამება იყო. „შარლი ებდო” თუ რასიზმს ქადაგებს, მას ეს ძალიან ცუდად გამოსდის. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ ამ გამოცემას მხარს უჭერს საფრანგეთში რასიზმთან მებრძოლი მთავარი ორგანიზაცია – SOS Racisme. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი კრისტიან ტობირა, რომელიც სკანდალურად ცნობილ კარიკატურაში მაიმუნთან ერთად გამოხატეს, ერთ-ერთი კარიკატურისტის გასვენებაში შესანიშნავი სიტყვით გამოვიდა. „ნიუ იორკერის” მიერ გამოქვეყნებული ქედმაღალი სიცრუე იგივე იყო, რაც ინგლისური ენის არმცოდნე ფრანგს რომ ეთქვა, თითქოს კრის როკი ფაშისტია. ხალხი, რომელმაც ინგლისური ენა არ იცის, ამას გადაუმოწმებლად დაიჯერებდა.

„შარლი ებდოს” მთავარი სამიზნეები მემარჯვენეები და ულტრამემარჯვენეები არიან. ეს ჟურნალი ანტირასიზმს თანმიმდევრულად უწევს პროპაგანდას. ყველა ქვეყანაში თავისებურად გამოხატავენ რასიზმს, თუმცა საფრანგეთში არის რაღაც ისეთი, რაზეც სული გეხუთება.
რამდენიმე წლის წინ, საფეხბურთო მატჩის წინ, რამდენიმე ადამიანთან ერთად კაფეში ვისხედით და ვიღაცას ველოდით. მე არ მინდოდა დაგვეგვიანებია და ვბუზღუნებდი. „დამშვიდდი, ჩვენ ხომ ფრანგს ველოდებით”, – მითხრეს ჩემმა თანამგზავრებმა. მე ორი არაბისა და შავკანიანის გარემოცვაში ვიჯექი (ყველანი საფრანგეთში დაიბადნენ) და თეთრკანიანს, ანუ „ფრატნგს” ველოდით.

შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ რაღაც მსგავსი მოხდა დიდ ბრიტანეთსა თუ აშშ-ში. იქ არასდროს იტყვიან, რომ ელოდებიან ბრიტანელს ან ამერიკელს. ეს მათთვის წარმოუდგენელია. სწორედ ასეთ თემებზე აქვეყნებს „შარლი ებდო” კარიკატურებს. ადამიანის ეროვნების განხილვის დროს, უბრალოდ ზრდილობიანი თავის გაქნევით ვერაფერს გახდები.

2015 წელი პარიზელებისთვის ტრაგიკული და ძალიან მტკივნეული იყო. ქალაქი კვლავაც ჩუმად გლოვობს. ისეთი განცდაა, თითქოს ახალგაზრდები დაბერდნენ და დაიღალნენ. პარიზი ბელფასტს მაგონებს. ეს გასაგებია, თუმცა საშინელებაა.

ჩვენი ახალი რეალობა უმცირესობის შემაშფოთებელ ძალაშია. დიდ ბრიტანეთში არის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ეს უკვე გამოცდილი აქვს. ესაა ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები ხალხი. 30 წლის განმავლობაში ისინი მშვიდობიანი და დემოკრატიული უმრავლესობის ნაწილი იყვნენ, რომლებზეც რამდენიმე ასეული ადამიანი ახდენდა ძალადობას. ირლანდიელებმა იციან, რომ შეუბრალებელი ადამიანების ჯგუფმა შეიძლება მთელი ქვეყანა შეიყვანოს ჩიხში.

მე ამ მოახლოებული 7 იანვრის მეშინია. მე მეშინია იმ უაპელაციო დიაგნოზებისა, რომელსაც ინგლისურენოვანი სამყარო დასვამს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს მნიშვნელოვანია. რადგან თქვენ უკვე გადაწყვიტეთ რა დამოკიდებულება გაქვთ „შარლი ებდოსთან”? შესაბამისად, ჩემზეც შეიქმენით შთაბეჭდილება. მიხარია… მე არ ვარ „შარლი”. და არც მჭირდება ვიყო. მე მათთვის ვწერ.

 

წყარო