21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

205

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წლის 10 ნოემბერს ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. ეს გახლავთ ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, დამატებით ერთი ქრომოსომა გვხვდება  21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

თარიღი შემთხვევით არ არის შერჩეული, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რიცხვი აღნიშნავს 21-ე ქრომოსომას, ხოლო წელიწადის მესამე თვე – მარტი, ტრისომიულ მოვლენას. პირველად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა.

ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანები, მათი ოჯახისწევრები და ამ სფეროში მომუშავე პირები ერთიანდებიან და მართავენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა უფლებების დაცვაა.

ყოველწლიურად მსლოფლიოში 800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. მშობლების ასაკის მატებასთან ერთად ამ დიაგნოზის მქონე ბავშვის ყოლის ალბათობა იზრდება. მიუხედავად ამისა, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობას 35 წლამდე ასაკის მშობლები ჰყავთ. არსებობს მცდარი შეხედულება, რომ დაუნის სინდრომი მემკვიდრეობით გადადის, გენეტიკურად ის შემთხვევათა მხოლოდ 1%-ში არის განპირობებული. „ქრომოსომების განსხვავებული რაოდენობა“ არ არის დაავადება და ის არ არის გადამდები. მიჩნეულია, რომ ამ ქრომოსომული დაავადების მქონე პირები საშუალოდ 55 წელს ცოცხლობენ, თუმცა უკანასკნელ პერიოდში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მნიშვნელოვანი ინტელექტუალური შეფერხება არ აქვთ. ისინი გვიან სწავლობენ სიარულს, ლაპარაკს, თამაშს, თუმცა ამ უნარების გნვითარება ინდივიდზეა დამოკიდებული. ამ პროცესების დასაჩქარებლად სხვადასხვა ფიზიოთერაპიულ საშუალებებს მიმართავენ. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოს მიმართ, უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და ცნობისმოყვარენი არიან. დადებით ემოციას გამოხატავენ ყველა ადმიანის მიმართ, ვინც მათდამი მეგობრულად იქნება განწყობილი, სწყინთ და განიცდიან უხეშ მოპყრობას. მათ აქვთ სოციალიზაციის უნარები, ჰყავთ მეგობრები, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სოციალურ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, ქმნიან ოჯახს, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში დაუნის სინდრომის მქონე პირები დასაქმებულნი არიან სხვადასხვა სფეროში, ისინი ყველაფრისდა მიუხედავად ცხოვრებაში წარმატების მიღწევას მაინც ახერხებენ. იმისათვის, რომ ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება, მოიხსნას სტიგმა, მათ შეძლონ სრულფასოანი ცხოვრება, არსებობს 21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.

 

მოამზადა: ქეთი კალანდაძემ