11 მარტივი პრინციპი, თუ როგორ გავხდეთ უკეთესი ლიდერი

129

თუ მოსაწონი პიროვნება იქნებით, ეს თქვენ ყველგან დაგეხმარებათ: სამსახურში, ბიზნესში, ურთიერთობებსა და ზოგადად ცხოვრებაში. წიგნისთვის – “მოსაწონი ბიზნესი”, ბევრი წარმატებული ბიზნესლიდერი გამოვკითხე, რათა განმესაზღვრა, თუ რამ გახადა ისინი ასე მოსაწონი და მათი კომპანიები ასეთი წარმატებული. მიზეზები საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ცხოვრებაში ხშირად სწორედ ის პატარა ფაქტორები გვავიწყდება, რომელიც არა მხოლოდ კეთილშობილს, არამედ წარმატებულს გვხდის. ქვემოთ მოცემულია თერთმეტი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის გათავისებაც დაგვეხმარება, გავხდეთ უკეთესი ლიდერი:

  1. მოსმენა-“როცა სხვები საუბრობენ, სრული ყურადღებით მოუსმინე. ბევრ ადამიანს არ აქვს მოსმენის უნარი” – ერნესტ ჰემინგუეი.

მოსმენა ნებისმიერი კარგი ურთიერთობის საფუძველია. კარგი ლიდერები უსმენენ მომხმარებლებს, მათ სურვილებს, მოთხოვნებს და იმ გამოწვევებს, რასაც ისინი აწყდებიან. ლიდერები უსმენენ კოლეგებს და მზად არიან ახალი იდეების მისაღებად. ისინი უსმენენ აქციონერებს, ინვესტორებს და კონკურენტებს. სწორედ ამიტომაა, რომ წარმატებულ აღმასრულებელ მენეჯერებს სხვაზე მეტად შეუძლიათ მოსმენა.

  1. გადმოცემა-“თანამედროვე მსოფლიოში კარგად თხრობის უნარი ყველაზე ძლიერმოქმედი საშუალებაა იდეების გადმოსაცემად” – რობერტ მაკაფი ბრაუნი.

მას შემდეგ, რაც ყურადღებით მოისმენენ, ლიდერებმა თავიანთი თხრობის უნარით უნდა გაყიდონ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ უფრო მნიშნვენლოვანი რამ – იდეები. სათქმელის ეფექტურად გადმოცემის ხელოვნება აჯადოვებს ხალხს და მოქმედებისაკენ უბიძგებს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გარემოებაში საუბრობთ დამაჯერებლად: ლანჩზე, პოტენციურ კლიენტთან, გადაჭედილ აუდიტორიაში, თუ ათასობით ადამიანთან, ონლაინ ვიდეოს მეშვეობით – სწორედ თხრობის ხელოვნება მოგაპოვებინებთ მომხმარებლებს.

  1. ნამდვილობა-“რომ მცოდნოდა, რომ ჩემი უშუალობით ასეთი მდიდარი გავხდებოდი, გაცილებით ადრევე მოვიქცეოდი ასე” – ოპრა უინფრი.

კარგი ლიდერები სწორედ ისეთები არიან, როგორადაც საუკთარ თავს ახასიათებენ. ისინი გასაოცრად ნამდვილები არიან. აუთენტური ლიდერები გარშემო პოზიტიურ და მომხიბვლელ ენერგიას ქმნიან და თავმდაბლობა და მგძნობიარობა ახასიათებთ. ყველას სურს ასეთ ლიდერს წარმატების გზაზე დაეხმაროს, მომხმარებლებს, კოლეგებს და მედიასაც კი. თუ ადრე არსებობდა ზღვარი ადამიანის პირად და საზოგადო პროფილს შორის, ახლა სოციალურმა ქსელმა ეს ზღვარი თითქმის წაშალა. მომავლის ლიდერები არიან გულწრფელნი და ღია, ახერხებენ ონლაინ, პირადი და პროფესიული ცხოვრების ერთმანეთთან ინტეგრირებას.

  1. გამჭირვალეობა-“თუ თქვენ მცირე ბიზნესის მფლობელი ხართ, თქვენი საუკეთესო უპირატესობა სიმართლეა” – ჯონ ვითიერი.

დღეს ვერსად დაიმალები. ნებისმიერი საიდუმლო, რომელის დამალვასაც ბიზნესმენი საზოგადოებისაგან დააპირებს, აუცილებლად გამოირკვევა. პატიოსნება და პირდაპირობა ხელს უწყობს თქვენდამი კოლექტივის, მომხმარებლებისა და კოლეგების დადებით დამოკიდებულებას. ამას გარდა, პატიოსნება დაგეხმარებათ ღამით უკეთ ძილშიც, როცა იმაზე არ ინერვიულებთ, თუ ვის რა უთხარით. მსგავსი ლიდერები გაცილებით პროდუქტიულები არიან.

  1. გუნდურობა-“ინდივიდი თამაშობს, მაგრამ გუნდები ახდენენ სასწაულებს” – SEAL-ის გუნდური ფრაზა.

არ აქვს მნიშნველობა ორგანიზაცია მცირეა, თუ დიდი, კომუნიკაცია ყოველდღიური პროცესია. სხვების მხარდაჭერა, მათი ინოვაციური იდეების წახალისება, თავმდაბლობა და რიგი მსგავსი უნარ-ჩვევები დაგეხმარებათ, მოსაწონი ლიდერი გახდეთ. გუნდის ეფექტურებისათვის კი, აუცილებელია, ორგანიზაციული წარმატების კულტურა, რაც ჩარჩოს მიღმა აზროვნებას გულისხმობს.

  1. ანგარიშვალდებულება-“ცხოვრებაში 10% არის ის, რაც ხდება და 90% – მომხდარზე რეაქცია” – ჩარლზ სვინდოლი.

საუკეთესო ლიდერები გრძნობენ პასუხისმგებლობას კლიენტების, თანამშრომლების, ინვესტორებისა და არსებული ვალდებულებების მიმართ. ნებისმიერი დაინეტერესებული მხარე პოტენციური ფეთქებადი ვირუსია, რომელიც ან კარგ შედეგს მოიტანს, ან ცუდს. ხოლო წარმატებული ლიდერი სწორედ ისაა, ვინც რეალობას სათანადოდ აფასებს და სხვებს პასუხისმგებლობით ეპყრობა. სამიზნე ჯგუფთან კომუნიკაცია დადებით დამოკიდებულებას იწვევს და არ აქვს მნიშნველობა კონკრეტულ ფორმას, მოხდება ეს იმეილით, ტელეფონით, თუ ტვიტერით. ამით იგრძნობა, რომ ორგანიზაციისათვის ხალხი სულ ერთი არ არის.

  1. ადაპტაცია-“თუ ფიქრობთ, რომ ცვლილებები აღარ გჭირდებათ, უკვე აღარ არსებობთ” – ბენ ფრანკლინი.

არასდროს არ ყოფილა ბაზარი ისეთი ცვალებადი, როგორც დღეს. ლიდერები ცვლილებებისა და შანსების მიმართ მოქნილნი უნდა იყვნენ, რათა საჭირო მომენტის გამოყენება შეძლონ. თითქმის არც ერთი ორგანიზაცა არ მოგიწონებთ სიჯიუტეს. პირიქით, სიახლეებისადმი ადაპტაცია და მონდომებაა კარგი ლიდერის ინდიკატორად მიიჩნევა.

  1. მონდომება– “ერთადერთი გზა დიდი საქმის კეთებისა, ამ საქმის სიყვარულია – სტივ ჯობსი.

ისინი, ვისაც თავინთი საქმე უყვართ, ცხოვრებაში არც ერთ დღეს არ იმუშავებენ იძულებით. ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ენთუზიაზმი საქმეში გადმოიტანონ, უკვე დიდი უპირატესობა აქვთ, რადგან ენერგია კოლეგებსა და კლიენტებზე გადამდები ეფექტით მოქმედებს. საქმისადმი მონდომება და ენთუზიაზმი თქვენ შედეგებზე რეალურად სასიკეთოდ იმოქმედებს.

  1. მოულოდნელობა და აღფრთოვანება– “ნამდვილ ლიდერს ყოველთვის აქვს შემონახული მოულოდნელობის ეფექტი, რომელსაც სხვები ვერასდროს წაართმევენ და რომელსაც საზოგადოება აღფრთოვანებაში მოჰყავს” – შალ დე გოლი.

ადამიანების უმეტესობას უყვარს ყოველდღიური ცხოვრების სურპრიზებით გამრავალფეროვნება. ის ლიდერები, რომელებიც ხალხის სიყვარულით სარგებლობენ, ყოველთვის ნაკლებს პირდებიან და მეტს აკეთებენ, რათა კოლეგები და მომხმარებლები სასიამოვნოდ გააოცონ. უამრავი გზა არსებობს პოზიტიური მოულოდნელობის შესაქმნელად მატერიალური დანახარჯის გარეშე, მაგალითად ღიმილი. ყველას გვიყვარს, როცა ვიღაც ჩვენ სიამოვნებაზე ზრუნავს. მოულოდნელობა და აღფრთოვანება არის ის მარკეტინგული საშუალება, რომელიც საოცარ შედეგებს აღწევს.

  1. სიმარტივე-“ცოტა ბევრი არაა, მაგრამ ზუსტად საკმარისი უკვე ბევრია” – მილტონ გლეისერი.

მსოფლიო დღეს იმაზე მეტად კომპლექსურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, თუმცა მომხმარებელი ყველაზე კარგად სიმარტივეზე რეაგირებს, იქნება ეს გამოხატული დიზაინში, ფორმაში, თუ ფუნქციებში. რთული პროექტების თუ იდეების მარტივ, გასაგებ დეტალებამდე დაყვანა ეხმარება მომხმარებლებს, პერსონალს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, უკვეთ გაიგონ და წამოყვნენ თქვენ ხედვას. ჩვენ, ყველას, სიმარტივე გვიყვარს, ამიტომ დღევანდელმა ლიდერებმა აქცენტი სწორედ სიმარტივეზე უნდა გააკეთონ.

  1. მადლიერება– “გინდოდეს მადლობის გადახდა, კარგი ფიქრია, ხოლო მადლიერების გამოხატვა – ბედნიერება” – გილბერტ ჩესტერტონი.

საზოგადოებისთვის მოსაწონი ლიდერები ყოველთვის მადლიერი არიან იმ ხალხის მიმართ, ვინც მათ შანსი მისცა და მათი წარმატება განაპირობა. ლიდერები, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებას მენტორების, მომხმარებლების, კოლეგების და სხვათა მიმართ, თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ და მასებისთვის მეტად მისაღები ხდებიან. თქვენც უკეთ იგრძნობთ თავს, თუ ასე მოიქცევით. კვლევამ, რომელიც დონორების მიერ დაფინანსების არჩევანს იკვლევდა, დაადგინა, რომ ხელით დაწერილი სამადლობელი წერილის მიღების შემდგომ, 38%-ით იზრდებოდა შანსი, რომ მომდევნო ჯერზეც დაეფინანსებინათ მადლიერი პირი.

ოქროს წესი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა: მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ თავად მოგექცნენ! კარგად მოპყრობით სხვებს აჩვენებთ, თუ როგორ დამოკიდებულებას ელით მათგან. ამით კი მეტ პატივისცემას მოიპოვებთ კოლეგების, თანამშრომლების და ბიზნეს პარტნიორების მხრიდან. სხვებისადმი პატივისცემით მოპყრობა, კომპანიისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას შეუწყობს ხელს და თქვენთან თანამშრომლობის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება.

ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანს და მაინც, ბევრი ადამიანის გონება იმდენად გადართულია ფულის კეთებაზე, რომ ვერ ახერხებს ამ პრინციპების გათავისებას და პრაქტიკაში დამკვიდრებას.

 

 

წყარო: edu.aris.ge