ჩემი, შენი, ჩვენი – ადამიანობა, ანუ ვიბარებთ ჯართ-ეგოიზმს

165

რა უნდა დავწერო ჩემზე?! მე ადამიანი ვარ. მაქვს ორი ფეხი, ორი ხელი და თუ თქვენ გადაწყვეტთ გრაფიკულ პირამიდაში წარმომსახოთ, ჩემი თავი მის მწვერვალში მოექცევა. ჩემი ფეხები კი ამ დროს წარმოადგენენ მიწას და წყალს. ხელები კი ცეცლხსა და ჰაერს.

ჩემში 4 ერთმანეთთან შეუთანხმებელი სტიქია მძვინვარებს და ამის შემდეგ კიდევ გაგიკვირდებათ ჩემი ალოგიკურობა.

ჩემი… ჩემმა… ჩემი… მე! ეგოიზმი ფარავს ადამიანებში მათივე ადამიანობას. მოდი, გავყიდოთ ჩვენ-ჩვენი ეგოიზმები. რას გაყიდი?! ისევ სხვა ადამიანი თუ იყიდის და ივლის შემდეგ გაორმაგებული ეგოიზმით. ასე არ გამოვა… სჯობს ჯართში ჩავაბაროთ! „ვიბარებთ ჯართ-ეგოიზმს“ – გავაკეთოთ დიდი აბრა, ჩავაბაროთ და ჩვენში ადამიანობაც გაიღვიძებს. ერთხელ მაინც, ხომ უნდა გავამართლოთ ჩვენი სახელი?!

მართალი უთქვამს ნიცშეს თავის დროზე: „ადამიანი არის  ხიდი ცხოველსა და ანგელოზს შორის“.

ანტიკური ტრადიციის მიხედვით კი ადამიანი იმართება 7 პლანეტისა და 4 ელემენტის გავლენით. ძვლები ასოცირდება მიწასთან. თავი – ცეცხლთან. ფილტვები – ჰაერთან. სისხლი – წყალთან. ჩვენ კი ფილტვებს ნიკოტინით ვივსებთ, სისხლს კი ჰეროინით. და ამით ჩვენში ჰაერსა და წყალს ვკლავთ. ძვლებს კი ხომ ისედაც მიწას ვაბარებთ დრო რომ დგება. ცეცხლზე რა მოგახსენოთ?! როცა ვბრაზდებით, ჩვენ ხომ ისედაც „ცეცხლს“ ვემსგავსებით.

ამ დროს კი ჩინელებისთვის ადამიანის სხეული და სახელმწიფო ანალოგიურია. ქვეყნის ცენტრი ადამიანის გულია. პერიფერია კი კიდურები. ჩვენ კი არ ვართ ჩინელები. ჩვენ ქართველები ვართ. აღარ გვაქვს არც კიდურები და გულსაც გვართმევენ. ან ისევ ჩვენ ვაცლით გულებს ჩვენივე თავებს.

და ბოლოს, „ადამიანმა სიმბოლურად დაანაწევრა თავისი სხეული. ადამიანი გრაფიკულად წარმოისახება წრეში, პენტაგრამაში და პირამიდაში. სადაც ამ გეომეტრიული ფიგურის ოთხი მხარე ადამიანის ხელ-ფეხს შეესაბამება, ხოლო მწვერვალი – თავს. ფეხები განასახიერებენ – მიწას და წყალს. ხელები – ცეცხლსა და ჰაერს“.

და ჩვენც მივედით ჩემი ნაწერის საწყისთან. ახლა ხომ მაინც აღარ ვჩანვარ ისეთი ალოგიკური, როგორიც თავიდან გეგონეთ?! მე ვიქექებოდი ჩვენივე წარსულში და იქ ისევ ადამი აღმოვაჩინე. ახლა კი გინდ პირამიდაში წარმომსახეთ, გინდ პენტაგრამაში, მე ისეც და ასეც ადამის შთამომავალი ვარ. ადამიანი, რომელიც არის თავისუფალი ქმნილება.

 

საკო კოჭლამაზაშვილი