ქართული მოლაპარაკე ყუთი

147

მოლაპარაკე ყუთი თავის დროზე ხომ დიდი ინოვაცია იყო და დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულ ადგილს ყველა ოჯახში, აბა მითხარით სახლი რომელსაც მინიმუმ ერთი ფერადი ეკრანი არ „ალამაზებდეს“?! დანიშნულება მრავალფეროვანია, ზოგი მისი წყალობით ინფორმაციას იღებს, ზოგი განტვირთვისთვის იყენებს, ზოგიც ფილმის საყურებლად ან მუსიკის მოსასმენად ან გასართობად. საქმე ისაა რამდენად შეუძლია ამ „პლასტმასის“ ყუთს ყველა ამ დანიშნულების შეთავსება.  მე თუ მკითხავთ იდეაში შეუძლია, თუმცა ქართული სატელევიზიო ბადის ფარგლებში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

რატომ? ყველა გამოთქმულ აზრს ჭირდება პასუხი კითხვაზე რატომ? საქართველოში კი ამაზე მარტივი პასუხი, ალბათ ფიზიკურად არ არსებობს.

დღის ნებისმიერ მონაკვეთში ავიღოთ ოჯახის მნიშვნელოვანი ნივთი–პულტი დავაჭიროთ turn on–ს და დავინიშნოთ დრო რამდენი ხანი შევძლებთ მისგან სიამოვნების მიღებას, აუცილებლად დავიწყებთ გადართვას ერთი არხიდან მეორეზე იმ იმედით რომ მივაგნებთ რაიმე საინტერესოს, არ აქვს მნიშნელობა რას, თუნდაც ინფორმაციას, მაგრამ მალევე მივხვდებით რომ ურთულესი საქმე ავირჩიეთ და ტელევიზორს უბრალოდ იმიტომ დავტოვებთ ჩართულს რომ ადამიანი მიუჩვეველია მისი ხმაურის გარეშე ცხოვრებას და ჩვენი  ქვეცნობიერი ნარკოტიკივით ითხოვს მის ზუზუნს.

თუ შენ გინდა ინფორმაციის მიღება, რომელიმე არხზე აუცილებლად აღმოაჩენ სათანადო გადაცემას და ის უმეტესად იწყება ახალი ამბით: დღეს ამა და ამ ქუჩაზე ავარიაში დაიღუპა ამდენი ადამიანი, დღეს ფანჯრიდან გადმოვარდა ახალშობილი ან მტკვარში გადახტა ხანშიშესული მამაკაცი და ეს არის ახალი ამბავი? მთელი ამ ქვეყნის პრობლემა ახალი ამბის სიმცირე ყოფილა. ერთი ფაქტი გამახსენდა აქვე, ტელევიზიაში პრაქტიკანტად ყოფნისას ერთ მშვენიერ დღეს გამიშვეს გადაღებაზე, სადაც წამყვანი სკოლის პედაგოგები იყვნენ შეკრებილები, დაობდნენ დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამაზე და მოითხოვდნენ გოგებაშვილის აღდგენას, გავაკეთე სიუჟეტი და ჩემი წვალება რაღა მოსატანია, მთავარი ის იყო, რომ სიუჟეტი ისევე გაკეთებული დარჩა და პირველი ნიუსი ისევ მტკვარს მიეძღვნა.

პრობლემა რთულია და ვრცელი, რომ გავყვეთ სად მივალთ ნეტა? სახელმწიფო სტრუქტურამდე? ალბათ! მედია პირველ რიგში სახელმიწიფოს სარკეა და მასზე გავლენას რიგითი მოქალაქეები ვერ მოვახერხებთ და პრინციპში ის ჩვენი შესაცვლელი არც უნდა იყოს, თუმცა რახან ასეა, თუ განათლების სისტემა მაინც გაუმჯობესდება და ბევრი ადამიანი დაინახავს მთავარ პრობლემას კიდევ უფრო ბევრი მიხვდება რომ turn offერთადერთი გამოსავალია, თუმცა ასეთი შედეგი მემგონი უტოპიაა.

მსგავს პრობლემებს ვხვდებით სხვა ფრომატის გადაცემებთან, მაგალითად სამსახურიდან დაღლილ ადამიანს განტვირთვა ტელევიზორის წინ გემრიელად მოკალათებულს მოუნდა, გარდაუვალია დისკომფორტი და აგრესია ერთი და იგივე სახეების დანახვისას, „ცნობადი“ ადამიანების ცხოვრება იმდენჯერ იქნა განხილულ– გათელილი ამ „სახალისო“ გადაცემების ავტორები მათთვის სხვადასხვა სიტუაციებს იგონებენ და ცდიან, მაგალითად რამდენად ერკვევიან ამა თუ იმ საკითხში და ესეც უკვე მოსაბეზრებელია. შემდეგი სიახლე „თანამედროვე“ საქართველოში ორიენტაცია გახდა  და ამ საკითხზე ამდენი ლაპარაკი და მასზე კიდევ სასულიერო პირების დამოკიდებულების გამოხატვა, კიდევ უფრო მკვეთრ ხაზს უსვამს ჩვენ ჩამორჩენას მსოფლიოს განვითარების საფეხურზე.  ყველა არხზე იდენტური გასართობი გადაცემებია მოპარული თუ ლიცენზირებულად ნაყიდი ფორმატით.

არანაირი შემეცნება და არანაირი ანალიტიკა და თუ არის ისიც იმდენად დაუმუშავებელი და იმდენად მდორე რომ მხოლოდ კონკრეტული პროფესიის ადამიანი თუ შეძლებს ყურებას, დინამიკა და ვიზუალი პირველ რიგში ჭირდება შემეცნებით–ანალიტიკურ ფორმატს, მაგრამ არავის უნდა ამაზე მუშაობა და ვისაც უნდა იმას ტელევიზიაში არაფერი ესაქმება, ბადე შევსებულია. მერე გავლენ და სიუჟეტებს გააკეთებენ, გამოამზეურებენ ქართულ საზოგადოებას, მათ გაუნათლებელ თავებს, ამბობენ არის პრობლემა არ იციან რას ავღნიშნავთ 26 მაისს, არ იცის ხალხმა  ვინ იყო შოთა რუსთაველი და თურმე ზოგს ქალიშვილობის ინსტიტუტი სასწავლებელი გონია, აუ რა სასაცილოა! აღარ აინტერესებთ საიდან მოდის ეს შედეგი და რა უნდა ვქნათ რომ გადაიჭრას, გაუმჯობესდეს მაინც.

ერთ–ერთი მიზეზი სწორედ ეს ფერადი, მოლაპარაკე ყუთია რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, რომელსაც ის ადამიანები, ჩვენ რომ ვერ ვხედავთ და თაობებს გვიზრდიან, თავის საკეთილდღეოდ და ხალხისთვის ზიანის მისაყენებლად იყენებენ და კიდევ მათთვისაა ეს ყუთები,  თავიანთ უნიჭო მეგობარ ნაცნობებს რომ აბლუყუნებენ.

 

პრობლემას ბევრი ადამიანი ხედავს და გადაჭრის გზას ვერ პოულობს, იმიტომ რომ მიხვედრილ–დანახულ ადამიანებს არავინ ჩააგდებინებს ხელში სადავეს, რადგან არავის ჭირდება მოსახლეობის ის დიდი ნაწილი რომელმაც იცის ვინ იყო შოთა რუსთაველი.

 

მარიამ ჯანელიძე