ქალთა როლი თანამედროვე საზოგადოებაში

143

ქალის როლი საზოგადოებაში ბოლო წლების განმავლობაში იზრდება და იძენს ახალ მნიშვნელობას, თუმცა ქალის უმთავრეს ფუნქციად რჩება დედობა. ქალის დანიშნულება, როგორც დედისა, არის აღზარდოს პიროვნება – საზოგადოების წევრი სწორი, ჩამოყალიბებული მორალითა და ზნეობით. სწორედ მომავალი თაობის ზნეობაზე და პიროვნულობაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. ქალი უნდა იყოს განათლებული, რადგან ის თვითონ არის განმანათლებელი.

განათლებული ქალი არის ასევე საზოგადოების აქტიური წევრი. ქალები ნელ-ნელა იკავებენ იმ თანამდებობებს, რაც ადრე სრულიად წარმოუდგენელი იყო. ახლა ქალი არა მარტო ოჯახის მომვლელი, არამედ მისი მარჩენელიცაა. ქალებს არ გააჩნდათ არანაირი უფლება და მათ ხმას – ფასი. ახლა კი მათ მიეცათ შესაძლებლობა დაიკავონ გადაწყვეტილების მიმღები პოზიციები, როგორიცაა პოლიტიკოსი, გამომგონებელი, მთავარი ექიმი, ფინანსური დირექტორი და მრავალი სხვა. თუმცა ძალიან მცირეა ამგვარ ქალთა რაოდენობა. ქალის გონივრული შესაძლებლობები არანაირად არ არის ამის მიზეზი. ამის ნათელი მტკიცებულება ის ფაქტია, რომ თამარ მეფის თუ ელიზაბეტ I-ის მეფობის წლები „ოქროს ხანად“ მოიხსენიება მათი ქვეყნების ისტორიაში. მათ ჰქონდათ ბრწყინვალე უნარი კონფლიქტების მოგვარებისა ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით. ქალთა სიმცირე მსგავს პოზიციებზე აიხსნება თანასწორობის ნაკლებობით სქესთა შორის. ქალი უნდა იყოს თანასწორი მამაკაცისა პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად.

რეალური თანასწორობა მეტნაკლებად დაცულია დასავლეთის ქეყნებში, თუმცა იქაც ქალები გამოიმუშავებენ მხოლოდ 78% იმისას, რასაც კაცები  და მხოლოდ ახლა სამხედრო ქვედანაყოფებში გაიხსნა ქალთა პოზიციები.

აღმოსავლეთის განვითარებად ქვეყნებში კი რეალური თანასწორობა საერთოდ არ ფიგურირებს, რაც განპირობებულია მათი ეროვნული პრეკონვენციური მორალით. პრეკონვენციური მორალის ერთ-ერთი  შედეგი ადრეული ქორწინებაა. ყოველი მესამე გოგო განვითარებად ქვეყანაში ქორწინდება მანამ, სანამ გახდება სრულწლოვანი. ამისი ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა სიღარიბე, როცა ოჯახი ცდილობს გოგოს მოშორებას და შემოსავლის მიღებას მისი ქმრის ოჯახისგან. არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია ქალის პატიოსნების ტრადიციული მნიშვნელობა და მოსაზრება, რომ ქორწინება აბრკოლებს „ამორალურ“ საქციელს. მთავარი მიზეზი ადრეული ქორწინებისა კი არის ქალის ტრადიციული როლი იყოს მხოლოდ დედა და ცოლი. ადრეული ქორწინების შედეგია, რომ მოზარდ გოგოებში სიკვდილის მთავარი მიზეზი ფეხმძიმობა და მშობიარობაა. ნაადრევად გათხოვილი გოგო ვეღარ იღებს განათლებას და არის უსუსური, ამის გამო ძალადობა ქმრის მხრიდან უფრო ხშირია. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი კი რჩება ერთგული პრეკონვენციური მორალისა და უერთდება უსასრულო ციკლს. ქალის როლის განვითარებისთვის აუცილებელია  განათლება.

მალალა იუსაფზაი, პაკისტანელი გოგონაა, რომელიც იბრძვის ქალების განათლების მიღებისათვის და საკმაოდ ეფექტურად. მან მოიპოვა უფლება პაკისტანელი გოგოების განათლებისა და ააშენებინა სკოლები. მალალას სიტყვების მიხედვით, ტრადციები არ მომდინარეობს არც სამოთხიდან, არც – ღვთისაგან, მათ ვქმნით ჩვენ და ჩვენ ძალაშია შევცვალოთ ისინი.

საუდის არაბეთში კი წელს პირველად ქალებს მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. შედეგად, უკვე შეინიშნება პროგრესის დაჩქარება ამ ქვეყნების მხრიდან. თუმცა, პროგრესს ხელს უშლის ის, რომ თანასწორობა ყოველთვის იქნება არასასურველი მათთვის, ვინც სარგებლობს უთანასწორობით და, სამწუხაროდ, ეს ხალხი არის ის,  ვინც იღებს გადაწყვეტილებებს სიცოცხლეზე, რომელიც მათ არ ეკუთვნით.

ქალთა როლის პროგრესი თანამედროვე საზოგადოებაში აუცილებელია, როგორც მსოფლიოს მორალურად, ასევე მატერიალურად განვითარებისათვის. განათლებული, გონიერი და თავისუფალი აზროვნების მქონე ქალი ზრდის კიდევ უფრო გონიერ და მორალურ მოქალაქეს, რაც წაადგება საზოგადოებას. ქალების განათლება და მათი მოწინავე პოზიციებზე დანიშვნა განაპირობებს მსოფლიოს მატერიალურ განვითარებას, რადგან ქალებში უზარმაზარი პოტენციალია ჩადებული და ისინი მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ, ხოლო მათი უგულვებელლყოფა იგივეა, რაც ნახევარი ტვინით აზროვნება.

ქალებმა უნდა მიიღონ განათლება, რათა მამაკაცებმა ისინი საზოგადოების ღისრსეულ წევრებად მიიღონ, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ქალები თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას და ნამდვილი ფუნქციის შესრულებას.

 

ნატა ხატიაშვილი,
16 წლის