“ფსევდო-ათეიზმის”- “მოდა” საქართველოს რელიგიურ დაპირისპირებამდე მიიყვანს?!

178

სოფო მაქაცარიას ბლოგი

„სოციალიზმი მხოლოდ  მშრომელთა საკითხებს კი არ მოიცავს, არამედ მასში ათეიზმია მნიშვნელოვანი, – თანამედროვე ათეიზმის განსხიერება, ანუ ბაბილონის გოდოლი, ღმერთის გარეშე რომ აგებენ , იმისთვის კი არა, რომ მიწიდან ცას მისწვდნენ, არამედ პირიქით- მიწაზე ცის ჩამოსატანად“ -ფიოდორ დოსტოევსკი- „ძმები კარამაზოვები“.

ამ სტატიის დაწერა ბოლო დროს რელიგიურ თემებზე ხშირმა კამათმა გადამაწყვეტინა. ძირითადად სოციალურ ქსელებში ასეთი სახის დისკუსიები რელიგიური დღესასწაულების წინ იმართება და ხშირად შეურაცყოფაში გადადის.

ახლა მოდაშია ათეიზმი. თუმცა, რეალურად დღეს საქართველოში ძალიან ცოტა ათეისტია. იმისთვის, რომ ჩემი აზრი უკეთესად გაიგოთ, ცნება- „ათეიზმის“ არსს განგიმარტავთ.

ათეიზმი ბერძნული სიტყვაა და “ღმერთის გარეშე”-ს ნიშნავს.  ეს არის მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის,  ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას.

დღეს საქართველოში „მოდური“ კი სულ სხვა რამეა. რეალურად ქართველი „ფსევდო-ათეისტები“ ზებუნებრივი ძალების არსებობას სულაც არ უარყოფენ. მათი დამკვიდრებული  „ტენდენცია“  კი მხოლოდ ქრისტიანული რელიგიის შესახებ „გადაბრუნებულ“ საუბარს გულისხმობს- რასაც ნურავინ მიწყენს, მაგრამ ძირითადად დაბალი ინტელექტი განაპირობებს.

“ფსევდო-ათეისტები” საქართველოში განსაკუთრებით ქრისტიანული დღესასწაულების დროს “აქტიურდებიან”. რადგან ამ პერიოდში  მორწმუნეები რელიგიურ თემებზე საუბარს იწყებენ, “ფსევდო-ათეისტებს” კი ეს აღიზიანებთ. დღეს ეს ქართულ საზოგადოებაში დიდი პრობლემაა, რადგან ქვეყანაში სადაც ძირითადი ნაწილი მართლდმადიდებელია, მიუხედავად ამ რელიგიის “ლოიალურობისა” ”ურწმუნონი არ უყვართ”.

გადავწყვიტე გამერკვია, რა დამოკიდებულება ჰქონდათ რელიგიურ დღესასწაულებთან კომუნისტებს. ხალხს, რომელთა იდეოლოგიაც ძირითადად ათეიზმზე იყო დამყარებული. ამ თემაზე დოსტევსკის ცნობილი რომანი “ძმები კარამაზოვები” მახსენდება, სწორედ ამ ნაწარმოებში საუბრობს  რუსი მწერალი, რომ სოციალიზმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ათეიზმია და მას ბაბილონის გოდოლს ადარებს.

საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიაში აღდგომის დღესასწაულის განმარტება ასეთია: “აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.”

როგორც დავადგინე, კომუნისტები ამ დღესასწაულს ქრისტიანულ რელიგიას არ უკავშირებდნენ-პირიქით წარმართულ შეხედულებებს აწერდნენ. მაგრამ  აღიარებდნენ, რომ ეს განსაკუთრებული თარიღია და ბუნების მოკვდინებასა და ზებუნებრივად გაცოცხლებას ნიშნავს. ეს იყო ერთგვარი ხერხი დაენახათ ამბის ის ნაწილი, რომელიც “აწყობდათ”. მთავარი კი ისაა, რომ ამ დღესასწაულის ტრადიციებს გაუცნობიერებლად ინარჩუნებდნენ და ყოველ წელს ზეიმობდნენ.

დღეს საბჭოთა კავშირი და ეს წყობილება აღარ არსებობს- საქართველო კი მასთან ერთად „ბაბილონის გოდოლს“ არ აშენებს. თუმცა არსებობენ “ფსევდო ათეისტები”, რომლებიც კომუნისტების მსგავსად ცდილობენ ინფორმაციის ის ნაწილი დაინახონ, რომელიც მოესურვებათ. ფაქტია, რომ ეს “მოდა” და ტენდენცია მალე დიდ დაპირისპირებამდე მიგვიყვანს – რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

აქ “რელიგიური თავისუფლება” ისეთივე აბსტრაქტული ცნებაა, როგორც ათეიზმი. რადგან, საქართველოში რეალურად არც ერთი არსებობს და არც მეორე.

პრობლემის ძირითადი არსი რელიგიური განათლების ნაკლებობაა. მართებული არ არის „აპროტესტო“ ის მოძღვრება, რომელსაც არ იცნობ. თუმცა დღეს „ფსევდო-ათეისტები“ ცდილობენ ინფორმაციის სიმწირე სხვადასხვა „მოდური“ ფრაზებით დაფარონ, რომელიც თითქოს ქრისტიანული რელიგიას „ეჭვქვეშ აყენებს“.

არ შეიძლება არ ითქვას, რომ რელიური განათლების დეფიციტი მორწმუნეებშიც მკვეთრად იგრძნობა. რაც იმას განაპირობებს, რომ ხშირად მორწმუნენი თავს უფლებას აძლევენ განსხვავებული აზრის  მიმართ აგრესია გამოხატონ. ეს ათეისტებს კიდევ უფრო აღიზიანებთ, მითუმეტეს კი „ფსევდო-ათეისტებს“, რომელთა ძირითად „ხედვას“ ქრისტიანული რელიგიის უარყოფითი მხარეების აღმოჩენა წარმოადგენს.

„ფსევდო-ათეისტებისა“ და  მორწმუნეთა შესახებ დღეს საქართველოში რა თქმა უნდა არანაირი სტატისტიკა არ არსებობს,   მდგომარეობა ყველაზე კარგად სოციალურ ქსელებში ჩანს. რელიგიური დაპირისპირება მცირე დოზით უკვე დაწყებულია. საგანგაშო  შედეგებისგან  კი ალბათ მხოლოდ გონიერი ქმედებები, აგრესიის მართვა  და ქვეყანაში ინტელექტის მაჩვენებელის ზრდა დაგვიცავს. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა მსოფმხედველობაში არსებობს შეკითხვები, მთავარი კი ის არის, შენ რა გინდა რომ დაიჯერო.

სოფო მაქაცარია