ტორტი

441

მირას თხუთმეტი წელი შეუსრულდა. ის უკვე პიროვნებაა, ასე უთხრა დედამ, მირამაც დაიჯერა. მერე დიდხანს იდგა გრძელ, მართკუთხედ სარკესთან და თავის პატარა, ლურჯთავიან ძუძუებს უყურებდა, ხან აქედან, ხან იქიდან. მერე ახლოს მივიდა და ცხვირით დააორთქლა სარკეზე, რომელიც სძულდა, რომლისაც ეშინოდა და მაინც ყოველთვის, როცა ახლოს გაივლიდა, გაუბედავად იყურებოდა მასში, თითქოს რაიმე ახლის დანახვა უნდოდა.

მირას მოსწონდა სახლში მარტო ყოფნა, მუსიკას უსმენდა და მშვიდად აყოლებდა ტანს, ამ დროს იმდენ რამეს წარმოიდგენდა, ეგონა, გული გაუსკდებოდა. დაეცემოდა ხოლმე მტვრიან ხალიჩაზე და მთელ სხეულს მიანდობდა უხეშ ქსოვილს. თვალებს ხუჭავდა და სადღაც მიფრინავდა, აქედან შორს, სადაც არ არსებობდნენ პიროვნებები, სადაც ყველა   ერთად ცხოვრობდა, ერთად ცეკვავდა და ერთად ხუჭავდა თვალებს, სადაც არ არსებობდა საზღვრები, წესები და პასპორტები, სადაც ყველა ჩიტი იყო. სადაც ფერებს ყველა თავად ქმნიდა, სადაც სიგიჟესა და მირას შორის არ არსებობდა ზღვარი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში მუდმივად ეჯახებოდა.

მირას უყვარდა მარტოობა, ხანდახან ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზეც მარტო იყო. მიდიოდა თანაბარი, მყარი ნაბიჯებით და მშვიდად აკვირდებოდა  ჩრდილს, რომელსაც ხან ერთი გამვლელი გადაუვლიდა, ხან მეორე.

მირას უყვარდა უმზეო, წვიმიანი ამინდი, სველი თმა ტუჩებზე რომ ეწებებოდა, ტუჩის კუთხეებში ღიმილის რგოლები  უჩნდებოდა და მერე შეიძლება ემღერა კიდეც რამე, ოღონდ ჩუმად, თითქმის გულში.

მირას სჯეროდა, რომ ნამდვილ შეგრძნებებს მარტოობაში იპოვნიდა. ღამეებს წერაში ათენებდა და დილით, ჩაშავებული თვალებით ასრულებდა მოვალეობებს, იცავდა წესებს, იღიმოდა უმიზეზოდ, ადგილს და ბოლოს სიტყვას ყოველთვის უთმობდა უფროსებს.თითქოს არაფერი ეშლებოდა, არაფერი, ნაღვლიანი  თვალების გარდა, რომლებსაც ვერაფერს უხერხებდა.

ერთმა მეგობარმა უთხრა, ადექი და მზის სათვალე ატარე, მაინც ჩვეულებრივი, ყავისფერი თვალები გაქვსო. მირას უფრო დაუნაღვლიანდა თვალები.

მირას ხშირად უნდოდა არავინ ყოფილიყო, არავის შეექო, არავის გადაესვა თავზე ხელი და არ მოეთათუნებინა ლოყაზე უხეში ხელები.

მირას არც ჩაკიდებული ხელები და შუბლზე კოცნა მოსწონდა, არც ხშირი სუნთქვა ჩახუტებისას. მირას უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო ყოველგვარი გარემოებების გარეშე.

მირას არ უნდოდა 15, არ უნდოდა ყოფილიყო პიროვნება.

– მირა! მოდი, სანთლები ჩააქრე!

 

 

თინა ქარელი,
17 წლის