სულიერი მამები რეინკარნაციაზე

338

‘’გახსოვდეთ მე თქვენთან ვარ! მე კი არ ვკვდები, არამედ მივდივარდა მალე მოვალ!’’- მამა გაბრიელი.

ჩვენს სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ ამონარიდები არიადნა ჩაგუნავას და ლელა ყოლბაიას წიგნებიდან, სადაც არაჩვეულებრივად არის წარმოდგენილი მამა გიორგის (ბასილაძე) სულიერი ხედვა. ამ ადამიანზე ბევრი ლეგენდა დადის, მისი ფრაზები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და კამათის საბაბიც კი ხდებოდა, მაგრამ ღიად ვერავინ ბედავდა მასზე ცუდი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მის სულიერ მასწავლებელს მამა გაბრიელს, სასულიერო და საერო პირები არაერთხელ დაუპირისპირდნენ. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, ეს დიდი ადამიანები დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ჩვენს დროშიც კი, ზოგიერთმა სასულიერო პირმა მამა გაბრიელი ხან ლოთად, ხან გიჟად შერაცხა. ის კი ‘’ჩვეულებრივი’’ სალოსი იყო და როგორც მამა გიორგი ამბობს – ‘’ძალიან ძველი სული’’.

თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ მამა გიორგის რამოდენიმე ფრაზაზე, სადაც ნათლად ჩანს მისი და არა მარტო მისი კავშირი ზე-სამყაროსთან, მისი ხედვა სულიერებაზე და სიწმინდეზე, მატერიასა და სულიერებაზე. იმაზე, თუ ვინ არიან წმინდანები და რას ნიშნავს ‘’ძველი სულები’’.

‘’წმინდანი თუ ამბობს, რომ ის ცოდვილია, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ის იმ კონკრეტულ მომენტშია ცოდვაში, არამედ ის თავის წარსულს გულისხმობს’’.

საინტერესოა რომელი წარსული აქვს მხედველობაში მამა გიორგის? თუ გადავხედავთ წმინდანების ბიოგრაფიებს, მისი მოღვაწეობის პერიოდში არცერთ წმინდანს არ აქვს ჩადენილი ისეთი ცოდვა, რაც იმის ვარაუდის საბაბს მოგვცემს, რომ ისინი ‘’ცოდვილებად’’ ჩავთვალოთ.
‘’ცოდვა მატერიაა, ის არ ქრება. ის უარყოფითი ენერგიაა და მისი განეიტრალება მხოლოდ ცოდვის გამოტირებით ან ტანჯვითა და ტკივილებით არის შესაძლებელი.’’

ეს კონკრეტული მომენტი, რომელზეც მამა გიორგი საუბრობს, კონკრეტული სიცოცხლეა და თუ ამის დასადასტურებლად უფრო მეტი ფაქტია საჭირო, მაგალითად მოვიყვანთ მამა გიორგის პასუხს კითხვაზე:‘’როდის გახდა მამა გაბრიელი წმინდანი?’’ – „მამა გაბრიელი კი ა რ გ ა ხ დ ა, არამედ დ ა ი ბ ა დ ა წმინდანად! ‘’გაბრიელ ბერი სულიწმინდის ჭურჭელი იყო’’.

წმინდანები არ ხდებიან, წმინდანებად იბადებიან, ხოლო ის ‘’წარსული’’ ცოდვები წინა რეინკარნაციებიდან მოდიან. აი, ამას გულისხმობდა მამა გიორგი, რადგანაც:

„წმინდანები სულით სხვა განზომილებაში არიან. მათ ვნებები ძლეული აქვთ, ამდენად მათ მიწიერი ცოდვებით დაცემის საფრთხე არ ემუქრებათ!“

„წმინდანები დედამიწაზე ცხოვრობენ სხვებისთვის“.

„წმინდანი, სულიერი განვითარების ახალ საფეხურზე გასაღწევად, აუცილებლად გადის ტანჯვას ‘’გათიშულ’’ მდგომარეობაში, ანუ ჩვეულებრივი ხორციელი ადამიანის სახით“.

„წმინდანები, ღმერთამდე გაღწევით, წმინდათს სისტემის წევრები ხდებიან და იქ ყველას თავისი დავალება და ამოცანა აქვს, მოქმედებენ რა მსოფლიოს გადასარჩენად“.

ამგვარად, ყველა წმინდანს აქვს თავისი მისია. ისინი ეხმარებიან ადამიანებს სულიერი განვითარების ახალ საფეხურზე ასასვლელად. ეს ის გზაა, რაც თვითონ უკვე გაიარეს და ახლა სულიერ სამყაროში ჩვენთვის გზამკვლევის როლს კისრულობენ. მამა გიორგის აზრით, წმინდანები იმიტომ მოდიან ჩვენს დასახმარებლად, რომ მათ ‘’ცოდვის გზა’’ უკვე გავლილი აქვთ და აქედან გამომდინარე, ცოდვილი ადამიანების ყველაზე უკეთ ესმით.

„წმინდანობა არის განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა. სულიერი ძალმოსულება და მადლმოსილება, რომელსაც ადამიანი ღმერთამდე პირადი გაღწევით აღწევს, თუმცა წმინდათა ცხოვრებაში არის მაგალითები იმისა, რომ დედის მუცლიდანვე წმინდანებად მოვლინდებიან წუთისოფელს, როგორც წმინდა ნიკოლოზი. არის ასევე მაგალითები, რომ ღმერთს ადრეულ ასაკში შეუმოსავს მისი რჩეული წმინდანები: წმინდა პანტელეიმონი -5 წლის, წმინდა გაბრიელი-6 წლის, წმინდა ნილოსი-7 წლის, წმინდა ტრიფონი-14 წლის და ა.შ. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ადამიანთა ადრეულ ასაკში წმინდანობა, არის ღვთისა და წმინდათა სისტემის საიდუმლო. წმინდანობა არის მიწიერ ბრძოლებში გამარჯვების ბეჭედი ღმრთისაგან“.

„წმინდანს თავის მდგომარეობაში არც სტკივა და არც შია. როგორ შეიძლება, მას სტკიოდეს, როცა შეუძლია, გაქრეს და გაჩნდეს. შეუძლია გაჩნდეს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით და არა მხოლოდ სულით, არამედ ხორციელადაც. აი, ასე ფლობენ წმინდანები დროს, სივრცეს და საკუთარ სხეულს. მაგრამ წმინდანები დედამიწაზე ჩამოდიან სატანჯველად-ადამიანთა გადასარჩენად“.

ნეტარი ანდრია სალოსი თავის ქადაგებებში ამბობდა, რომ ილია წინასწარმეტყველი, იოანე მახარობელი და ენუქი წინასწარმეტყველი ცად არ ასულან და ისინი მისი სიცოცხლის პერიოდში ცხოვრობდნენ ადამიანებს შორის, რომლებსაც მხოლოდ წმინდანები სცნობდნენ. ამ აზრს არ იზიარებს მართმადიდებლობა და ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ სალოსური ცხოვრების გამოხატულება იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით მამა გიორგის პასუხი ასეთია:

‘’ანდრია სალოსის სიტყვები ჭეშმარიტებაა! ცოტა ვინმეს სულიერი ხედვა თუ გაუტოლდება წმიდათაგან ნეტარი ანდრიას ხედვას!..ის ძალიან შორს იხედებოდა!..ყველაფერი ეს მალე გამჟღავნდება. მე კი გეტყვით-მოციქული და მახარობელი იოანე დღეს საქართველოში არის!..ის ჩვენში დადის ხორცით!..ელიასაც ნახავთ საქართველოში!..’’

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა, როდესაც რუსი წმინდა მამა, თეოდოსი კავკასიელი (კაშინი) ამბობდა, რომ 1000 წლის იყო. მისი ეს სიტყვებიც სალოსობას მიაწერეს, მამა გიორგი კი გვპასუხობს:

„არა, ეგ სალოსობით ნათქვამი არ არის!..სალოსობა მოჩვენებითი სიგიჟეა, გინება, ლოთობა,შიშველი სიარული, წყევლა და ა.შ. იქ კი ნახეთ, წმ. თეოდოსი როგორ პასუხობს: ‘’ღმერთია მოწმე, რომ არ ვტყუი და ჭეშმარიტებას გეუბნები, რომ მე 1000 წლისა ვარო’’. ჰოდა, რახან ასე ამბობდა ე.ი. იყო!..ის სიცოცხლეშივე დიდი წმინდანი იყო, წმინდანის მახსოვრობა და ცოდნა გააჩნდა“.

…ასეთი ისტორიები უამრავია, რაც ჩვენამდე ან არ აღწევს, ან იმდენად შეცვლილი სახით მოდის, რომ რეალურისგან ძალიან შორსაა… ის გულდაწყვეტილი ამბობს, რომ: ‘’მართლმადიდებლობის მთელი ისტორია, მართალი რწმენის, წმინდანების სწავლების დევნის ისტორიაა.’’

რატომ არ იზიარებს მართმადიდებლობა წმინდა მამების ხედვას, ან რატომ უჭირს მორწმუნეს ჩვენი სულიერი მამების სიტყვების დაჯერება? იქნებ იმიტომ, რომ:

„წმინდანის სიტყვა ამხელს და ანგრევს მორწმუნის წარმოსახვით, არაჭეშმარიტ სამყაროს. ეს საშინლად მტკივნეულია მორწმუნისათვის, რადგანაც ის ამპარტავანია! მისთვის მიუღებელი ხდება ახალი რეალობა. ის მიჩვეული იყო გამოგონილ, წარმოსახულ და მისთვის სასურველ ‘’სინამდვილეს’’ ღმერთზე. ამპარტავან სულს ჩაკეტილი აქვს ჭეშმარიტების შეცნობის კარები!..მას კი ჰგონია, რომ მორწმუნეა, მაგრამ ის ცოდვის ფესვებს არც კი შებრძოლებია ჭეშმარიტად და არ არის თავისუფალი ცოდვებისგან…როდესაც არ ებრძვი წუთისოფლის სულს, ეს სული შემოდის ადამიანში და ასეთ ადამიანს უკვე აწყობს ისეთი ‘’ჭეშმარიტება’’, რომელიც მის სინამდვილედ იქცევა და რომელიც არანაირად არ ამხელს მას!… ის მარხულობს, ლოცულობს, სწამს ‘’ღმერთი’’, მაგრამ ისეთი, რომელიც მას სურს და აწყობს! ღმერთი კი ასეთი არ არის!!! წმინდანის ცოდნა ღმერთზე ჭეშმარიტი და ზეციურია, ხოლო ასეთი მორწმუნისა კი ცრუ და ხორციელი, სწორედ ამიტომ ვერ ‘’ჯდება’’ წმინდანი დღევანდელი მორწმუნის არსებაში და როცა მორწმუნე ვერ ღებულობს ჭეშმარიტ სიტყვას, ის ან გაურბის, ან კიდევ ეწინააღმდეგება მას!“

‘’წმინდანი სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზეა, ამიტომ მისი სიტყვის მიღება მორწმუნის მხრიდანაც მოითხოვს გარკვეულ სულიერ დონეს. შეუძლებელია, ნულ კლასში ბავშვმა გაიგოს უმაღლესი მათემატიკის საკითხები…და რადგანაც მორწმუნე ისევ ნულ კლასშია, მას არ შეუძლია წმინდანის სულიერი სწავლების, დიდი ცოდნის მიღება, ამიტომ არის ბევრი რამ დაფარული, ასე ვთქვათ, ჩაკეტილი თვით წმინდანების მიერვე, რადგან დიდი ცოდნა, უბრალოდ რომ ვთქვათ, ძალზე სახიფათოა სულიერად მოუმზადებელი ადამიანებისათვის…’’

რთული გასაგები არ არის თუ რატომ არის ეს ცოდნა დაფარული წმინდანების მიერ, მაგრამ სხვა საკითხია რატომ დავკარგეთ ასეთი ცოდნა და ვის ინტერესებშია ადამიანის ‘’ნულ კლასში’’ ჩატოვება. ფიზიკურ სხეულში ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის მიზანი, სულიერი განვითარება და სულიერების მაღალ საფეხურზე ასვლაა. ასე რომ არ იყოს, წმინდანები არ ჩამოვიდოდნენ დედამიწაზე და არ აიტანდნენ ამდენ ტანჯვას, იმისთვის რომ ადამიანებს დახმარებოდნენ საკუთარი მისიის შესრულებაში. ზოგადად კი, ეს მისია სასულიერო პირებს ევალებათ. ნამდვილმა სულიერმა მამამ ეს განათლება ეტაპობრივად უნდა მიგვაღებინოს და გზა გაგვიკვალოს. ხოლო თუ ვინ შეიძლება იყოს ნამდვილი სულიერი მოძღვარი, მამა გიორგი ამაზე გვეუბნება:

‘’ნამდვილი დიაკონი: არჩევს სულებს, ხედავს ჰაერში ბოროტ სულებს, კითხულობს ადამიანის აზრებს და ტელეპატურ დონეზე შეუძლია ისაუბროს მღვდელთან.ნამდვილი მღვდელი: ხედავს ადამიანის სულსა და გულს, იცის მისი ცოდვები, წარსული.ფლობს დროსა და სივრცეს, შეუძლია სხეულიდან გამოსვლა, შორ მანძილზე ესმის ლაპარაკი, იცის ადამიანთა აზრები და ზრახვებიც, აქვს უწყება მიცვალებულის სულის ადგილსამყოფელზე. სულიერ არსებებზე და ასევე მატერიაზეც ზემოქმედების დიდი ძალა.ნამდვილი მღვდელი ნამყოფია სასუფეველში და ზუსტად იცის, როგორ მიიყვანოს იქ მრევლი.’’

ამიტომაც უპირისპირდებოდა მას ზოგიერთი სასულიერო პირი და არ იზიარებდა მის სწავლებებს. უფრო მეტიც, ირონიულად ამბობდნენ ‘’ ხიბლში’’ არისო…

სტატიას მისივე სიტყვებით დავასრულებთ და დასკვნა თქვენთვის მოგვინდვია:

…მე არც ფული მინდა, არც დიდება და არც თანამდებობა. მე ყველაფერი მაქვს-იქ ზევით!.. ადამიანები მეცოდება, თორემ ხმის ამომღებიც არა ვარ საერთოდ, ჩემი საკეთებელი გაკეთებული მაქვს!.. ზევითაც ვარ ნამყოფი!.. ეს ისეთივე სინამდვილეა, როგორც ახლა აქ, თქვენ გიყურებთ თვალებში და არც არავისი დასტური ამაში არ მჭირდება, მით უმეტეს იმათი, ვ ი ნ ც ი ქ ა რ ა ს ო დ ე ს მ ი ნ ა ხ ა ვ ს !..

‘’…ამიტომ ვიძახი ბაბუა, ცოცხალი წმინდანები ეძიეთ-მეთქი!’’

წყარო: geoastro.ge