სიგარეტის პროპაგანდა

352

დილას, რომ გაიღვიძებ და დღეს ვერ მოერგები, თავიდან უნდა დაიწყო ყველაფერი. ვიძინებთ… ვიღვიძებთ… დღე ისევ სერია. მზე დაგვეკარგა სადღაც და ის თბილი დღეები მე და შენ ასე, რომ გვიყვარდა.

დილას, რომ გაიღვიძებ და დღეს ვერ მოერგები, მიხვდები, რომ ყველაფრის თავიდან დაწყებას აზრი არ აქვს. უბრალოდ, ამ რუხ დღეს ფეხი უნდა აუწყო და აედევნო. ვუწყობ მარცხენა ფეხით და ვდგები. ცაცია არა, მაგრამ „უკუღმართი“ ვარ. ყოველთვის ვიყავი „მემარჯვენე“, რომელსაც უნდოდა, რომ ყოფილიყო ცაცია. ბავშვობის სულელური სურვილი…

ფეხაწყობილი რუხი დღე გამოიყურება იმაზე უკეთ, ვიდრე იყო თავიდან. ჭიქა ყავით და 1 ღერი სიგარეტით. ვინც არ ეწევა ვერ მიხვდება ასეთი დილის „ჰარმონიას“. თუმცა თუ უკვე 22 წლის ხართ და ჯერ კიდევ არ ეწევით, ნუ „გაიფუჭებთ“ ჩემსავით თავს. სიგარეტს კი ვეწევი, მაგრამ მის პროპაგანდას არა!

თავის დროზე მეც უცნაურად დავიწყე მოწევა… კიდევ კარგი, რომ ის დღეები „წარსულის სკივრში“ მოვისროლე… დედაჩემი მოყვა ავარიაში. თან ჩვეულებრივ რუხ ან მზიან დღეს კი არა. „დამიმთხვია“ და პირდაპირ ჩემ დაბადების დღეზე „დაიჯახა“ მანქანა. მერე იყო დაუსრულებელი დღეები სავადმყოფოში და უცნობ-ნაცნობების უაზრო ზარები: „ყველაფერი კარგად იქნება“… ბოლოს მართლაც ყველაფერი იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო – კარგად!

იმ დღეს, როდესაც დედაჩემი სავადმყოფოდან გამოწერეს, მაღაზიაში შევედი. რა, რა და სიგარეტი ნამდვილად არ მინოდა… მაგრამ მაინც ვიყიდე. „ეხლა რა უნდა ვქნა?! მოდი მოწევას დავიწყებ…“. გავიფიქრე და ჩემი პირველი სიგარეტის ფულიც გადავიხადე. იმ დღის მერე ფიქრის გარეშე ვყიდულობ. სიგარეტი ჩემი „განუყრელი მეგობარია“.

დილა იწყება უკუღმართად ან სწორად. მარცხენა ან მარჯვენა ფეხით… რა მნიშვნელობა აქვს… ნუ დააბრალებთ თქვენ „უდღეურ“ დღეებს მარცხენა ფეხზე ადგომას, 13 რიცხვს, რომელიც ემთხვევა პარასკევ დღეს და შავი კატის გადარბენას. სხვა არ ვიცი, მაგრამ მე ბოლო ორი განსაკუთრებულად მიყვარს. 13 რიცხვს აქვს რაღაც ჯადოსნური ძალა და თუ თვალებს ფართოდ გაახელთ, ნამდვილად დაინახავთ და შეგიყვარდებათ…

დილა გრძელდება მეორე ღერი სიგარეტით… თურმე არც ისეთი „მოჟამული“ დღე ყოფილა, როგორც ეს თავიდან დავინახე.

ჩემ ოჯახში ყველა ეწეოდა. ბებიაჩემის გამოკლებით. ალბათ, აღარ გიკვირთ მათი შვილი თუ შვილიშვილი, რომ ეწევა… ეს ესე იყო და სხვაგვარად არ შეიძლებოდა მომხდარიყო… წლების წინ, როცა მამაჩემი იყო ჩემ გვერდით, ეწეოდა რაღაცნაირი შარმით. ეს კადრი კი ჩარჩა ჩემ ცნობიერს თუ ქვეცნობიერს… პირველი ღერიც 6 წლის ვიყავი, რომ „გავსინჯე“, ისიც უკუღმართად. ბებიაჩემი სამზარეულოში ფუსფუსებდა. მეც ვიხელთე დრო და ბაბუაჩემის სიგარეტი მოვიპარე, ასევე „ზებრას“ ასანთის კოლოფი და აივანზე გავედი. სიგარეტის მოწევის შემეშინდა, აბა რა ვიცოდი რას დამმართებდა?! ამიტომ სიგარეტი ხელში დავიჭირე და ასანთის ღერის და სულის შებერვით ვაღვივებდი „ცეცხლს“. ამ დროს ბებიაჩემიც გამოვიდა და საჭირო „ატრიბუტიკა“ წამართვა. ხომ გეუბნებოდით ჩემს უკუღმართობაზე…

წლების შემდეგ კი უნივერსტეტში შემიყვარდა ბიჭი, რომელიც ეწეოდა… მერე ისეთებიც მხვდებოდნენ, რომლებიც არ ეწეოდნენ… არჩევანი კი როგორც ზღაპრებში იყო ორი: „დაიწყე მოწევა ან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, მაგრამ ნახვამდის!“. არჩევანს ყოველთვის 3 ლარიან „პარლამენტზე“ აკეთებდნენ. მეც მომწონდა და ვხალისობდი. ბიჭები კი არა, უბრალოდ ჩემ გამო, რომ იწყებდნენ მოწევას. ალბათ, არ ვიქნებოდი მათი დედებისათვის სასურველი „რძალი“. ისე, რა ცუდი სიტყვაა „რძალი“. როგორ უნდა მოგეწონოს საერთოდ ამ სიტყვის მატარებელი ობიექტი?! „სიძეს“ კიდევ არაუშავს… „სიძე შე, ძველო!“… რატომ არის სიძე „ძველი“, ახალ ნაყიდ „დვოიკაში“, მაინც ვერ ვხვდები…

დილას, რომ გაიღვიძებ და დღეს ვერ მოერგები, უბრალოდ უნდა დაიწყო წერა. თუ არ წერ და „გესენტიმენტალურება“, მაშინ ყავა დალიე, ერთი ღერი სიგარეტით. და თუ არც ეწევი, მაშინ დამირეკე მე… და მეც ჩურჩულით გეტყვი, რომ დაიწყო მოწევა ჩემთან ერთად.

დილას, რომ გავიღვიძე და დღეს ვერ მოვერგე, მივხვდი, რომ სიგარეტსაც ვეწევი და მის უაზრო პროპაგანდასაც.

მოდი მოვწიოთ კიდევ ერთი ღერი…

საკო კოჭლამაზაშვილი