როცა სათვალეს ატარებ

211

 

მე და სათვალე 16 წელია ვმეგობრობთ. პირველი კლასიდან განუყრელი მეგობრები ვართ. ეს იმდენად ბუნებრივია, მის გარეშე ცხოვრება ვეღარც წარმომიდგენია. ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდლება დავაგროვე, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ. იმ თემებზე ვისაუბრებ, რომელიც ყველა სათვალიანი ახალგაზრდასთვის ნაცნობია.

  1. თუ ცელქი ბავშვი ხარ, შენი სათვალე მუდამ საფრთხეშია და ხშირად ტყდება კიდეც. ცხოვრება მის გარეშე გაცილებით იაფი ჯდება.
  2. სპორტი შენი საქმე არ არის. სათვალით სირბილი და ვარჯიში შესაძლებელია. თუ ფიტნესით ხარ დაკავებული, ეს ხელს სულაც არ შეგიშლია, მაგრამ სერიოზულ სპორტში დამაბრკოლებელი ფაქტორია. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სათვალიანი ადამიანი ფრთხილია.
  3. ყველგან, სადაც მიდიხარ, გაიძულებენ, სათვალე მოიხსნა და ისე შეხედო, რომ დაგაკვირდნენ, როგორ უფრო კარგად გამოიყურები.
  4. კლასელები მუდმივად გთხოვენ სათვალეს და როცა შენი სათვალიდან ვერაფერს ხედავენ – იმანჭებიან. თან აყოლებენ ,,ამით როგორ ხედავ“. იმ დროს, როცა უსათვალოდ ხარ, შესაძლოა ორი თითიც დაგანახონ და გკითხონ ,,აბა რამდენია?“
  5. კლასში ყოველთვის წინა მერხზე გსვამენ.
  6. რატომღაც ჰგონიათ, რომ უსათვალოდ ბრმა ხარ. სიბრმავეს სათვალე რომ არ შველის, ეს ყველამ ვიცით. უსათვალობა უბრალოდ, დისკომფორტია, რადგან საგნები სიმკვეთრეს კარგავს.
  7. გეკითხებიან, რატომ არ ხმარობ ლინზებს. ერთდღიანი ან სამთვიანი ლინზები მეც მქონია, მაგრამ მუდმივად მათი გამოყენება არ მიზიდავს. როცა წარმოვიდგენ, რომ დილით გაღვიძებისას ლინზა უნდა ჩავისვა და ღამით ამოვიღო, თავი მოხუცი მგონია, რომელიც კბილის პროთეზს წყლიან ჭიქაში ინახავს.
  8. თუ სათვალე გიკეთია = კითხვა გიყვარს.

დღეს აღარ არის ის დრო, როდესაც ლამპის შუქზე გვიწევს მეცადინეობა და თვალებს ვძაბავთ, მაგრამ ეს დამოკიდებულება მაინც დარჩა. პ.ს. კითხვა მიყვარს, მაგრამ ჩემს სათვალესთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.

  1. 3D ფილმის ნახვა ნიშნავს რომ… ორი სათვალე გიკეთია.
  2. თუ კლასიკურად იცვამ და თან სათვალეს ატარებ, შენს სტილს მასწავლებლის სტილი ეწოდება.
  3. ყველა სათვალიანი გოგო ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიქრობს, რომ ბიჭს ამის გამო არ მოსწონს.
  4. გეკითხებიან, კოცნის დროს ხელს გიშლის თუ არა. კი, გიშლის.
  5. შენ და ამინდი ვერ მეგობრობთ. სიცხეში მინებზე ლაქები ჩნდება, წვიმაში – სველდება, როცა სიცივიდან თბილ ტრანსპორტში ადიხარ – იორთქლება.
  6. მუდმივად აინტერესებთ, ოპერაციის გაკეთებას აპირებ თუ არა.
  7. ნებისმიერი ადამიანისთვის მინის წმენდა ჩვეულებრივი პროცესია, შენთვის – მთელი რიტუალი. ყოველთვის თან გაქვს რბილი საწმენდი.
  8. მე-15 პუნქტის მიუხედვად, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგიწმენდია სათვალე საკუთარი ტანსაცმლით.
  9. როგორც კი პატარა ბავშვს ხელში აიყვან, სათვალისკენ იწევს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვები სათვალეს მტრობენ.
  10. არ შეგიძლია ტელევიზორს ცალ გვერდზე დაწოლილმა უყურო, რადგან სათვალის მეორე მხარე ამ დროს დეფორმირდება.
  11. ზღვისპირდა ქალაქში დასვენებისას, მკაფიოდ მხოლოდ ხმელეთი გახსოვს, რადგან ზღვაში სათვალით ვერ შედიხარ. ყველაფერი, რასაც კარგად ვერ ხედავ, კარგად არ გახსოვს. ყოველ შემთხვევაში, მე. აი, სად შეიძლება გამოიყენო ლინზები.
  12. არსებობს მოლოდინები, რომ წყნარი, ჩუმი, სათვალიანი გოგო ერთ დღეს თმას გაიშლის, სათვალეს მოიხსნის და გაგიჟდება, ანუ თავის ნამდვილ სახეს გამოაჩენს. პირადად მე, გაგიჟებაში ხელს არც სათვალე მიშლის, მაგრამ მოლოდინი მაინც არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი ფაქტების უმრავლესობა შესაძლოა  უარყოფითად ჩათვალოთ, მე ჩემი სათვალე მიყვარს და მისგან თავის დაღწევაზე არ ვოცნებობ.