როდესაც ვიღაცას გააღმერთებ ის აუცილებლად დაიჯერებს რომ ღმერთია…

97

ტატოს მწარე ბლოგი…

პოლიტიკაზე წერა ნაკლებად მაინტერესებს, მირჩევნია სხვა რამეებზე გავამახვილო ყურადღება, ვფიქრობ ადამიანებზე და არა პოლიტიკურ მოვლენებზე, სიმართლე გითხრათ ბოლო ორი წლის განმავლობაში თუ რამე სასიკეთოდ შეიცვალა ამ ქვეყანაში – არის ის, რომ ნაკლებად მჭირდება ამ უკანასკნელზე ფიქრი, მაქვს საშუალება ვაკეთო ის რაც მინდა და ვაკეთო ისე, რომ არ ვიფიქრო არჩევნებზე, უმრავლესობა უმცირესობის ურთიერთობაზე, არ მეშინოდეს არეულობის და მიტინგების…

მოკლედ რაღაც გაკეთდა, რაღაცეები არასწორადაც გაკეთდა, მაგრამ მაგაზე სხვა დროს, ბოლო პერიოდის მოვლენების დროს სხვა თემა მომხვდა თვალში და მასზე მინდა გავამახვილო ყურადღება…

ჯერ ზვიადი, მერე შევარდნაძე, მერე მიშა, ლევანი, ბიძინა, ახლა ირაკლი…

მუდმივად მოდიოდნენ ქართულ პოლიტიკაში ფიგურები, რომლის სახელსაც მაშინვე იტაცებდა საზოგადოება და სკანდირებდა, სკანდირებდა და ელოდა მათგან სასწაულს, მერე იმედი უცრუვდებოდა და ისევე მალე იქცეოდნენ ლანძღვისა და წყევლის ობიექტებად როგორც მანამდე კერპებად

დიახ კერპებად…

და ალბათ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენს მენტალიტეტში, კერპთაყვანისმცემლობა…

საიდან მოდის ეს ფენომენი ამაზე ბევრი კამათი შეიძლება, ყველას თავისი არგუმენტი ექნება და რა თქმა უნდა ყველა მოსაზრებას ექნება არსებობის უფლება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ეს კერპთაყვანისმცემლობა არსებობს, არსებობს და საკმაოდ ფეხმოკიდებულია ჩვენში…

როდესაც ესა თუ ის ლიდერი ავტოკრატი ხდება მერე გვიკვირს რატომ მოხდა ეს და არასდროს ჩვენ თავში არ ვეძებთ მიზეზს…

ადამიანი რომელსაც 97%-ით აირჩევ ძალიან დიდი შანსია რომ ის გახდება ავტოკრატი, მითუმეტეს თუ ძლიერი ფსიქიკა არ აქვს, ეს სერიები უკვე ვნახეთ, შედეგიც მოვიმკეთ, სამოქალაქო ომიც გავიარეთ და ცოცხებზე დამყარებული ავტოკრატიაც, ოჯახებიც ვანგრიეთ ვიღაცის სიმპათია – ანტიპათიის გამო, კარვებშიც ვიწექით ვიღაცის მხარდასაჭერად…

ბევრჯერ შევედით ერთ წყალში და არასდროს გვითქვამს, რომ ეს ჩვენი ბრალია, ყოველთვის ვიღაც სხვას ვადანაშაულებდით და არასდროს აზრად არ მოგვსვლია ის, რომ როდესაც ვიღაცას გააღმერთებ ის აუცილებლად დაიჯერებს რომ ღმერთია, დაიჯერებს იმიტომ, რომ ის სინამდვილეში ღმერთი არ არის და აუცილებლად აუვარდება თავში…

რაც იყო ოყი, წარსულს ვეღარ შეცვლი, ის შეიძლება გაკვეთილად გამოიყენო, თუ რა თქმა უნდა სწორ ანალიზს გააკეთებ და ისევ არ დაუწყებ ახალ კერპს ძებნას…

რატომ მგონია რომ ისევ კერპს ვეძებთ?

ორი დღის წინ თავდაცვის მინისტრის თანამშრომლებთან დამშვიდობების კადრებს მოვკარი თავლი და მენიშნა…

ეს იგივე იყო, მართალია მცირე მასშტაბით, მაგრამ აშკარად იყო ამის ნიშნები და რაც მთავარია კერპობის კანდიდატი ამას კმაყოფილებით უყურებდა, შოუს ელემენტებიც იყო და პირდაპირი ეთერიც…

მეეჭვება რომ კონკრეტულად ირაკლი ალასანიამ კერპობა შეძლოს, ალბათ ვერ შეძლებს და არც უნდა შეძლოს, აღარ არის მაგის დრო და თავადაც ალბათ ხვდება ამას, მაგრამ ის რაც გამოჩნდა ფაქტია, ხალხს ისევ აქვს სურვილი ჰყავდეს კერპი…

შესაძლოა ვიღაცამ თქვას ეს მხოლოდ ნაწილია და მთელ საზოგადოებაზე ნუ ვიტყვითო, მაგრამ მათთვის შემდეგი პასუხი მაქვს:

გადახედეთ მეგობრებო სოციალურ ქსელებს, საკუთარ ნაცნობებს, მეგობრებს, მათ მსჯელობას და მიხვდებით, რომ მართალი ვარ…

ისე ცოტა საკუთარ გულებშიც ჩაიხედეთ…

მოკლედ ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი:

სანამ კერპებს არ დავანგრევთ და სწორ ანალიზს არ გავუკეთებთ მოვლენებს, მანამდე არაფერი გვეშველება…

 

გმადლობთ ყურადღებისთვის, მე ისევ დაგიბრუნდებით…

 

ტატო მახაშვილი