რექტორის უნივერსიტეტიდან წასვლა რომ რამეს ცვლიდეს, მისი გადაყენების მოთხოვნას ვერავინ დამასწრებდა. აქ სისტემაა შესაცვლელი …

334

„ღმერთთან, უნივერსიტეტთან, ჩემს მეგობრებთან და ჩემს სინდისთან ცამდე მართალი ვარ.“ -ამ განცხადებით თსუ-ის სენატის დამოუკიდებელი წევრი და პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი ლევან ლორთქიფანიძე “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს, რომლებიც მათ რექტორ ლადო პაპავასთან შეხვედრის დროს გააჟღერეს.

მათი თქმით, ლევან ლორთქიფანიძემ რექტორის რეკომენდაციით გამოაქვეყნა გეოგრაფიის კათედრის სამეცნიერო გაზეთში სტატია, რომელშიც თვითმართველობას აკრიტიკებდა. თსუ-ის სენატის დამოუკიდებელი წევრი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და მათ მიზეზად შურსა და სიძულვის ასახელებს. ლევან ლორთქიფანიძე მოვლებსა და მოახლოებულ არჩევნებს (როგორც საპარლამენტო, ასვე უნივერსიტეტის) შორის კავშირს ხედავს.

“ასეთი ბრალდებები მხოლოდ შურითა და სიძულვილით ნასაზრდოვებ გონებაში შეიძლება დაიბადოს. მხოლოდ შური და სიძულვილი აბრმავებს ადამიანს და აკარგვინებს საღ ზრს.მათი შურისა და სიძულვილის ლოგიკის მიხედვით მე უნდა მოვკვდე და არ ვარსებობდე. მათ თუ დავუჯერებთ, მე გეოგრაფების სამეცნიერო ჟურნალში თვითმმართველობის გასაკრიტიკებლად სტატიის გამოქვეყნებაში რექტორ პაპავას რეკომენდაცია მჭირდება (მე სტატიებს როგორღაც ვაქვეყნებ მედიაში ან სამეცნიერო ჟურნალში, თან ფიზიკური გეოგრაფების ჟურნალში სხვადასხვა პირის კრიტიკას რა უნდა, რომელ კარაბადინში ამოიკითხეს ეს ამბავი).

მათ თუ დავუჯერებთ გიორგი არობელიძე ჩვეულებრივი ქურდია, რომელმაც 4 000 ლარი მოიპარა. მათ თუ დავუჯერებთ, მენაღარიშვილი, შევარდნაძე და ტაბატაძე რექტორის აგენტები არიან, რომლეთაც სურვილი აქვთ ხელში ჩაიგდონ მათი ჰალსტუხები და ა.შ. ანა კამლაძე კი კასტრირებული კაცია და მეტი არაფერი (გენდერობაზე (!) საუბრის დროს ფროიდის (!) დამოწმება ცოდნის, ინტელექტის, მიზოგინიის ზეიმია). ადამიანს უნდა დააბრალო რომ ის ჟირაფია და უნდა აიძულო დაამტკიცოს, რომ ის ცხოველთა რიგს არ მიეკუთვნება. ეს ნაცადი, ძველი და ძალიან ბინძური მეთოდია.

სინამდვილეში საქმე შემდეგშია: 1. ქვეყანაშიც და უნივერსიტეტშიც არჩევნები მოახლოვდა. ქვეყანაშიც და უნივერსიტეტშიც მათ არავინ აღარაფრად აგდებს. მათ სურთ საკუთარი თავის დახლზე გამოტანა, საკუთარი ღირებულებისა და ფასის გაზრდა, ამიტომ ყველაფერზე არიან წამსვლელები. გაღმა იწყებენ დავას, რომ გამოღმა რაღაც დარჩეთ. კუთხეში მიმწყვდეულებს უსინდისო ცილისწამების და სხვებისათვის შეურაცხყოფის მიყენების გარდა, აგრესიული თავდასხმების გარდა სხვა გზა აღარ დარჩათ.
2. არობელიძემ და ტაბატაძემ უნივერსიტეტის კანცელარიიდან გამოითხოვეს მათი ხარჯები, გასულ წლებში დახარჯული თანხები. სტუდენტები ამ დაფინანსების შემცირების მოთხოვნით გამოდიან. მათ ეშინიათ, რომ უკანასკნელ დივიდენდებსაც დაკარგავენ.

3. ჩვენს ქვეყანაში სრული ქაოსია, ტემპერატურა მაღლა არის აწეული, უამრავი ცხელი წერტილია შექმნილი. კიდევ ერთი ცხელი წერტილი უნივერსიტეტში ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალისათვის ბედნიერების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

 

ისე ცოტა უსინდისობაა, როდესაც საუკუნეა ხმა არ ამოგიღია და 2010 წლიდან მოყოლებული ჩვენი საერთო ბრძოლით შედგენილ დღის წესრიგს საკუთარ მოთხოვნებად ასაღებ და ბრძოლის ველზე მდგარ ადამიანებს მართულობაში და სხვის მონობაში ადანაშაულებ (მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო).

ისე კი ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შესანიშნავი პირველ და მეორეკურსელები რამდენიმე თვით ტყუვდებიან ხოლმე, მათი ძალიან დახვეწილი და რაფინირებული ტექნოლოგიების წყალობით. მოგვიანებით, როგორც წესი, ეს დაბალკურსელები მოდიან ჩვენთან და ბოდიშს გვიხდიან, მადლობას გვეუბნებიან ჩვენი საქმიანობის გამო.

ისე კარგია, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და ცემა-ტყებაზე უარი თქვეს, ეს პროგრესია და ეს ჩვენი დამსახურებაა. უბრალოდ, მე იმედი მქონდა, რომ ჩვენ უარს ვიტყოდით გაუგონარ ცილისწამებებზე, სხვების დამცირებასა და ჩაგვრაზე.  იმედი მქონდა, რომ ჩვენი დავის საგანი ჩვენი სტრატეგიები, ხედვები და ღირებულებები იქნებოდა, ვიდავებდით რომელი გზა იქნებოდა ჩვენთვის უკეთესი და ა.შ.

სამწუხაროდ, მათ სხვა გზა აირჩიეს ძალიან იაფფასიანი. მე არაფრის მეშინია (დიდი ძაღლებისა და მამალი მგლის გარდა), რადგან ღმერთთან, უნივერსიტეტთან, ჩემს მეგობრებთან და ჩემს სინდისთან ცამდე მართალი ვარ. და ბოლოს, რექტორის უნივერსიტეტიდან წასვლა რომ რამეს ცვლიდეს, მისი გადაყენების მოთხოვნას ვერავინ დამასწრებდა. აქ სისტემაა შესაცვლელი … ამასაც ნელ-ნელა მიხვდებიან თვითმართველობებიც  და პაპავაც.”-განაცხდა ლევან ლორთქიფანიძემ.

წყარო: sazogadoeba.ge