რა მსგავსებაა თინი გალდავასა და ეკაკოს შორის?

266

,,ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი დაიწყო და ეკრანზე ნაცნობი პერსონაჟები დაბრუნდნენ. ამჯერად, ეკაკოს როლის შემსრულებელი, თინი გალდავა, საკუთარ გმირზე და სასურველ შემოთავაზებებზე გვესაუბრა.

 

თინი,  რა სიახლეები იგეგმება სერიალში, დაემატებიან თუ არა ახალი პერსონაჟები?
– სერიები გზადაგზა იწერება და რამდენადაც ვიცი, ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი სიახლე არ არის, თუმცა, იმედი მაქვს, იქნება.

ეკაკოს ცხოვრებაში რა ხდება?
– ეკაკოს ცხოვრებაში  სიახლეები არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვი, სანამ ახალი სერია არ გავა ეთერში.

ვისთან ერთად მუშაობაა ყველაზე კომფორტული გადასაღებ მოედანზე?
– ბახვასთან, ბახუტასთან, სანდროსთან… ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ერთად ბევრს ვერთობით, ჩვენ ვმეგობრობთ.

რა მსგავსებაა თინისა და ეკაკოს შორის?
– მიზანდასახულობას გამოვყოფდი. ორივე ძალიან მიზანდასახულები ვართ. ასევე პრინციპულები. თუმცა, მე პოლიტიკა  არ მაინტერესებს. ალბათ, ეს იქნებოდა განმასხვავებელი  ნიშნანი.

არის თვისება, რაც არ მოგწონს შენს პერსონაჟში?
– ძალიან ჯიუტია და საკმაოდ რადიკალისტი. ეს თვისებები არ მომწონს.

,,ჩემი ცოლის დაქალებს“ თუ უყურებდი, სანამ თავად მოხვდებოდი სერიალში?
– ვერ ვიტყვი, რომ აქტიური მაყურებელი ვიყავი, იმიტომ, რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს ძალიან დიდხანს გვიწევდა რეპეტიციებზე ყოფნა, დღეში 8 საათი, ამიტომ ფიზიკურად ვერ ვახერხებდი. ასე თუ ისე, ვიცოდი, რა ხდებოდა.

დღეს რამდენად დაკავებული ხარ სერიალის გარდა?
– სერიალის გარდა ამ ეტაპზე არ ვარ დაკავებული. ერთი თვეა რაც გავთხოვდი და ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ვეგუები.  ცოტა ხანში აუცილებლად დაიწყება სიახლეები.

ვინ არის შენთვის სასურველი პარტნიორი, ვისთან ერთადაც სიამოვნებით ითამაშებდი?
– შონ პენი მიყვარს ყველაზე ძალიან და მერილ სტრიპი. ალბათ, ისინი იქნებოდნენ. ქართველი კონკრეტულად არ მახსენდება.

საოცნებო როლი თუ გაქვს კინოში ან თეატრში?
– ამ მომენტისთვის არა, იმიტომ რომ ახლა მაქსიმალურად მინდა, ყველა როლი მოვირგო და ყველა შემოთავაზება ჩემთვის საინტერესო იქნება, ჯერ პატარა ვარ და მრავალფეროვანი როლები მჭირდება. რაც შეეხება თეატრს, ძალიან მინდა, კიდევ ერთხელ ვითამაშო მაშა ჩეხოვის ,,თოლიაში“.  სხვა შემთხვევაში, მთავარია შემოთავაზებები იყოს.

რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, კინო თუ თეატრი?
– ვერ გამოვყოფ, იმიტომ, რომ ორივე მნიშვნელოვანია მსახიობისთვის. სერიალში შეიძლება ერთი წუთით გამოჩნდე და მეორე დღეს მთელი საქართველო გიცნობდეს, თეატრში შეიძლება ოცი წელი მოღვაწეობდე და არ გყავდეს ბევრი მაყურებელი. თეატრის მსახიობები ნაკლებად ცნობილები არიან. თუმცა თეატრის მსახიობი რომ უცებ ფილმში გამოჩნდება, მერე ამბობენ, ეს ვინ არის, სად თამაშობსო. შემდეგ იწყებენ გაცნობას.

 

თინა ღურწკაია