ოლ სტარის სტატისტიკა

102

ყველა ვარსკვლავის თამაში – ეს არ არის უბრალოდ დაპირისპირება ან შეჯიბრი, ეს არის სპორტის ამ სახეობის საუკეთესო მომენტების, მოთამაშეების და მათი შეუდარებელი თამაშის ერთობლიობა.

წლიდან წლამდე კალათბურთის მოყვარულები მოუთმენლად ელოდებიან ამ რამდენიმე დღეს, როცა NBA-ს სხვა თამაშები უქმდება და მთელი ყურადღება, სწორედ ყველა ვარსკვლავის თამაშისკენ არის მიმართული .

ეს არ არის თამაში, რომელსაც უყურებ და მალევე დავიწყებას მიეცემა, ოლ სტარი რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში განხილვის საგანი ხდება, იქმნება და ახლდება სტატისტიკები, ჩნდებიან ახალი სახეები.

ოლ სტარის თამაში კალათბურთელებს შესაძლებლობას აძლევს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და უდიდესი სიამოვნება მიანიჭონ მაყურებელს, დაიმკვიდრონ თავი კალათბურთის სამყაროში.

ოლ სტარი ყოველთვის დიდი პომპეზურობით იმართება, უკვე 65 წელია იანვრის ან თებერვლის თვეში სამი დღე, უქმეები, პარასკევიდან კვირის ჩათვლით მხოლოდ მას ეთმობა. პირველად ყველა ვარსკვლავის თამაში 1951 წელს ჩატარდა, იდეა NBA-ს პრეზიდენტის მორის პოდოლოფის და „ბოსტონ სელტიკსის“ მფლობელის უოლტერ ბრაუნის შეხვედრის დროს წარმოიშვა.

i

იმ პერიოდში კალათბურთის მიმართ დამოკიდებულება ამერიკის უნივერსიტეტების საკალათბურთო სკანდალმა საკმაოდ შეარყა და საჭირო გახდა, რაღაც ისეთის მოფიქრება, რაც საზოგადოების ინტერესს კვლავ აამაღლებდა. მართალია თავიდან პოდოლოფი ამ იდეას სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა მან ცალსახად გაამართლა.

პირველ ოლ სტარის თამაშს 10,094 ადამიანი დაესწრო, როცა იმ სეზონის დასწრების საშუალო მაჩვნებელი 3,500 იყო. ყველაზე მეტი მაყურებელი – 108,713, კი 2010 წელს Cowboys Stadium-ზე, არლინგტონში, შეიკრიბა.

პირველ თამაშში 1951 წელს აღმოსავლეთმა დასავლეთი ანგარიშით 111–94 დაამარცხა. 65 შეხვედრიდან, 1951 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, აღმოსავლეთს 37, ხოლო დასავლეთს 28 გამარჯვება აქვს.

ყველაზე მეტჯერ ყველა ვარსკვლავის თამაშში კარიმ აბდულ-ჯაბარს აქვს მონაწილეობა მიღებული. მართალია იგი 19-ჯერ იყო ოლ სტარზე და შესაბამისად მოედანზე ყველაზე მეტი – 449 წუთი, სწორედ მას აქვს გატარებული, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ყველაზე მეტჯერ, 100%-იანი სტატისტიკით, 15-დან 15 თამაშში, კობი ბრაიანტი მოხვდა.

russell-westbrook-nba-all-star-game-1-850x560

ოლ სტარზე ჩატარებულ თამაშებში ყველაზე მეტი ქულა – 291, ლებრონ ჯეიმსს აქვს მოგროვებული. თუმცა ერთ თამაშში ყველაზე მეტი – 42 ქულა, ვილტ ჩემბერლეინის ანგარიშზეა. მასვე აქვს საუკეთესო შედეგი კარიერაში მოხსნების თვალსაზრისით – 197. ხოლო ერთ თამაშში ყველაზე მეტი – 27 მოხსნა ბობ პეტიტს აქვს. ასისტებს რაც შეეხება, კარიერაში საუკეთესო შედეგი – 127 ასისტი და ერთ თამაშში ყველაზე მეტი – 22 ასისტი მეჯიქ ჯონსონის მონაპოვარია.

2016 წლის ყველა ვარსკვლავის დაპირისპირება უპრეცენდენტოდ დიდი ანგარიშით 196-173 დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებით დასრულდა.

იმის გარდა, რომ ოლ სტარის ისტორიაში ამ თამაშში ყველაზე მეტი ბურთი ჩაიყარა, 2016 წელი სხვა ამბებითაც იყო მნიშვნელოვანი. წელს პირველად ყველა ვარსკვლავის თამაში არა ამერიკაში, არამედ კანადაში, ტორონტოში გაიმართა.

russell-westbrook-2016-nba-all-star-game-mvp

ეს იყო უკანასკნელი ოლ სტარი კობი ბრაიანტის კარიერაში. „კარგად გავერთეთ, შესანიშნავი იყო ამ ბიჭებთან თამაში, ბევრი ვიხუმრეთ და ვიცინეთ მოედანზე“ – თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნა კობი ბრაიანტმა. დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის თქმით ბრაიანტი იყო კაშკაშა ვარსკვლავი დიდი ხნის განმავლობაში, დღეს მისი ნახვა ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად, მათთვის ასპარეზის გადაცემას გავდა. წლევანდელი ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP-ს ჯილდო, შარშანდელის მსგავსად, რასელ ვესრბრუკს გადაეცა.

1234

იმის გამო, რომ წელს პირველად ყველა ვარსკვლავის თამაშს კანადა მასპინძლობდა, მთავარი ფიგურებიც ფაქტობრივად კანადელები იყვნენ. კანადის ჰიმნი კანადელმა ნელი ფურტადომ შეასრულა, თამაშის გახსნისას პირველად ხალხს ასევე კანადელმა სტივ ნეშმა მიმართა, შოუში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტორონტოში დაბადებული რეპერი დრეიკი. ძლიერი ეფექტი მოახდინა კალათბურთის გამომგონებლის კანადაში დაბადებული ჯეიმს ნეისმიტის გამოჩენამ 2016 წლის ყველა ვარსკვლავის თამაშის გახსნაზე.

ნუ გაგიკვირდებათ, თანამედროვე ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობასაც იძლევა – საღამო ნეისმიტის ჰოლოგრამული გამოსახულებით გაიხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ ოლ სტარი ჯერ კიდევ არ გაციებულა, გულშემატკივარი უკვე მოლოდინის რეჟიმშია და ოლ სტარამდე ათვლა ისევ თავიდან დაიწყო.

2017 წლის ყველა ვარსკვლავის თამაშის მასპინძლის ვინაობა ტორონტოშივე გაირკვა, მომავალ წელს ოლ სტარს Charlote Hornets უმასპინძლებს, რომლის პრეზიდენტიც მაიკლ ჯორდანია.

 

 

ქეთი კალანდაძე