ნოდარ ბეგიაშვილი – ადამიანი, რომელიც ნახატებს აცოცხლებს

212

„ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ ვეფხისტყაოსანს” ნოდარ ბეგიაშვილის პროექტია, რომელსაც რეჟისორი 2003 წლიდან ახორციელებს. 2016 წლის 17 თებერვალს საქართველოს მწერალთა სახლში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენა-პრეზენტაციაზე ბავშვების მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი ნახატი-ილუსტრაციების, ბავშვებთან მუშაობის პროცესის ამსახველი დოკუმენტური ფილმის და ანიმაციური ფილმიდან „ვეფხისტყაოსანი” ფრაგმენტების ჩვენება მოეწყო. ბავშვები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იღებენ მონაწილებას ფილმის შექმნაში. ამჟამად 7000-ზე მეტი ილუსტრაცია და 1500-ზე მეტი ჩანაწერია მოგროვებული.

– როდის და როგორ დაიწყეთ პირველად ანიმაციებზე მუშაობა?

– 1993 წელს, ტელევეზირი როდესაც შევქმენი, მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი. პირველად ჩემი შვილის, თომას, ნახატი გავაცოცხლე. ერთხელ, სახლში რომ მივედი დამხვდა ნახატი, ოთხკუთხედ ჩარჩოში ჩასმული ბიჭი. ვიფიქრე, ვითომ ეს ბიჭი ტელევიზორში იყო და დავარქვი ტელევეზირი, აქედან გაჩნდა ეს თამაში. დიდი ხანია აღარ არის ეს გადაცემა, თუმცა სურვილი მაქვს, რომ აღდგეს.

 

– რამდენადაც ჩვენთვის ცნობიალია, არაერთი ჯილდო მოიპოვეთ როგორც საქართველოში, ასევე უცხოურ ფესტივალებზეც. რა მიღწევები გაქვთ ამ სფეროში და თქვენ რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ მიღწევად?

– სატელევიზიო ფესტივალი „მანას“ გამარჯვებული გავხდით მისი დაარსების პირველ წელს, ასევე გავიმარჯვეთ ფესტივალზე „მზე“. „ანტალიის“ ფესტივალზე მიღებული გვაქვს „ოქროს ფორთოხალი“, „სამეფო ჯილდო“ – ბერლინის ეკომუვი ფესიტვალზე. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და ფუფუნება ბავშვებთან შეხვედრა და ამ საოცრებებთან ურთიერთობაა. საერთოდ არც კი ვიცი ვიმსახურებ თუ არა ამას. ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე.

 

– როგორ გაჩნდა „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობის იდეა“?

– სკოლას რომ ვამთავრებდი დედამ მიმიყვანა თავის ახლობელთან, რომ თემები დამეწერა. მანამდე ყოველ წელს დავდიოდი ბაკურიანში, ძალიან მიყვარდა თხილამურებზე სრიალი, არდადეგები რომ მოვიდოდა ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი. ზამთრის არდადეგები რომ დაიწყო, ჩემს ქართულის პედაგოგს, არაჩვეულებრივ გიორგი ძნელაძეს, ვუთხარი, რომ ორი კვირით ბაკურიანში მივდიოდი დასასვენებლად. ვერსად ვერ წახვალო მითხრა, ვეფხისტყაოსნის სტროფები გაქვს სასწავლი და არ გაგიშვებო. რას ქვია არ წავალ, თხილამურები ყველაფერს მირჩევნია-მეთქი ვუთხარი და ბოლოს ისე შევთანხმდით, რომ არდადეგებზე რამდენიმე სტროფი უნდა მესწავლა. საბაგიროზე ასვლის დროს ვსწავლობდი და ჩამოსვლისას ვიმეორებდი, ერთ-ერთი ასეთი ულამაზესი სტროფის გამეორების დროს დავფიქრდი რას ვამბობდი და იქ აღმოვაჩინე, რომ ეს არის ფანტასტიკური, გრანდიოზული ნაწარმოები.

 

– ბავშვებს როგორ ასწავლით და უხსნით „ვეფხისტყაოსანს“ და როგორ იგებენ მას?

– მე ვცდილობ, რომ მათ ენაზე მოვყვე. როდესაც ბიჭები ხატავენ თინათის ვეუბნები, რომ წარმოიდგინონ თავისი შეყვარებულები, გოგოებს პირიქით, ავთანდილის ან ტარიელის დახატვის დროს. ზოგს რცხვენია და  წითლდება ხოლმე. მათთან ერთად ვეძებთ და ვანახებთ დღევანდელი თვალით. თვითონაც ხვდებიან რასთან აქვთ საქმე.

 

– რა ასაკის ბავშვები მუშაობენ?

– მაქსიმუმ 12 წელი, ყველაზე პატარა 4-5 წლის ბავშვიც ჩაგვიწერია. ასაკი ძალიან პირობითი რაღაცაა. შეიძლება იყოს 7 წლის ბავშვი, მაგრამ ძალიან ღრმა აზროვნება და ხედვა ჰქონდეს.

 

– ბავშვებს არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც წერთ, თავად დადიხართ და აკითხავთ მათ. ეს იდეა როგორ გაჩდნა?

– მე საერთოდ მიყვარს სიარული, სულ მიყვარდა ზურგჩანთა და საძილე ტომარა, ყოველთვის დავდიოდი ხოლმე, ეს კიდევ ერთი საშუალებაა, რომ ვიარო. თბილისში ბავშვებს კომპიუტერი, ტელევიზორი და სხვა გასართობები აქვთ; მთაში, სოფლებში ჭირს ეს და ძალიან უხარიათ ხოლმე რომ ჩავდივართ. ხატავენ, ფილმს ვუჩვენებთ. ფანქრები და სხვა ნივთები ჩვენ მიგვაქვს ხოლმე, თუ საშუალება გვაქვს ვტოვებთ კიდეც.

 

– იმის გარდა, რომ თქვენ დადიხართ რეგიონებში და აგროვებთ ბავშვების ჩანაწერებს და ილუსტრაციებს, თვითონ თუ გიკავშირდებიან ისინი?

– კი, თვითონაც გვპოულობენ და მე ძალიან მიხარია, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები არიან, გვთხოვენ, რომ მათთან მივიდეთ სკოლაში. ერთხელ ლილოს დასახლებაში ვიყავით, რომელიღაც სკოლაში, სადაც ბავშვები გვირგვინებით, ვეფხვის ტყავებით და ფატებით დაგვხვდნენ, ასეც ხდება ხოლმე.

 

– რამდენად განხსვავდებიან ბავშვები და მათი წარმოთქმული სტროფები რეგიონების მიხედვით?

– განსხვავდებიან და ეს მე ძალიან მომწონს. ხევსური სხვანაირად კითხულობს, სვანი სხვანაირად და გურული, ხომ საერთოდ სხვანაირად. ეს არის საქართველო, წარმოადგენენ ჩვენს კუთხეებს. როგორც ბუნება და ლანდშაფტი განსხვავდება, განსხვავებულია მათი ხედვა – „გვაქვს უთვალავი ფერითა“.

 

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ბავშვი მონაწილეობს და ძალიან ბევრი მასალა გაქვთ. როგორ აარჩევთ რომელი უნდა მოხვდეს ანიმაციაში?

– ეს ძალიან რთული და მტკივნეული პროცესია. ძალიან ძნელია ჩემთვის არჩევანის გაკეთება, რადგან თითოეული მათგანი ჩემთვის ძვირფასია. თუმცა ყველაფერი ინტერნეტში იქნება, ვებ-გვერდზე www.utvalavi.ge, საიტი ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია, მუდმივად ახლდება და იდება რაღაცები. 7000-ზე მეტი ნახატია და 1500-ზე მეტი ბავშვია ჩაწერილი.

 

– პროექტზე 2003 წლიდან მუშაობთ და უკვე ამდენი მასალა გაქვთ. როდის დასრულდება მუშაობა?

– არ ვიცი. მე ეს მომწონს და არ ვაპირებ რომ გავჩერდე. უზარმაზარი სამუშაოა. თავიდან მეგონა 2-3 წელში მოვრჩებოდი, თუმცა ამდენი ხანი გავიდა. გააჩნია, თუ ბევრი ხალხი იქნება ჩართული უფრო სწრაფად გაკეთდება, ჩანს ბევრი ხალხი? ვის აინტერებს?

 

– ვისი დაფინანსებით ახორციელებთ ამ პროექტს?

– ორი თვე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გვქონდა დაფინანსება, 2013 წელს კულტურის სამინისტრომ დაგვაფინანსა 6 თვით, 2014 წელსაც 2 თვით დაგვაფინანსეს. 2003 წლიდან, ფაქტობრივად, გიჟურ ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. სხვა ფილმების ჯილდოების, ფულადი პრემიების და მეგობრების დახმარებით ვარსებობდით.

 

– სამომავლოდ რაზე გეგმავთ მუშაობას?

– ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მინდა რომ მაშხაანში დავდგათ ვეფხისტყაოსანი, ფანტასტიკური იქნება. გვინდა, რომ დავდგათ მოცარტის ჯადოსნური ფლეიტა. დაგეგმილია ბავშვების ნახატებით ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსანის“ გამოცემა.

 

 – თქვენი აზრით, საზოგადოება როგორ შეხვდება „ვეფხისტყაოსანის“ ანიმაციას?

– ეს დიდად არ მაინტერესებს, რადგან ჩემთვის მთავარია მუშაობის პროცესი, ბავშვებთან ურთიერთობა. თუ ჩემთან შეხვედრის შემდეგ ბავშვები გახარებულები მიდიან, რაღაც კარგი მიაქვთ ან რაიმე ახალს აღმოაჩენენ, მე ვთვლი, რომ რაღაც კარგი მოხდა. ასევე ფილმი გამოვა კარგი იმ შემთხვევაში, თუ ეს ვიღაცას გაზრდის, ახალს დაანახებს. მე ეს მაინტერესებს და არა, როგორ შეხვდება პუბლიკა.

 

მოამზადა:
ქეთი კალანდაძემ

ფოტოგრაფი:
ნიკოლოზ მდივანი