ნაკიანი წელიწადი

282

ოთხ წელიწადში ერთხელ, თებერვალს ერთი დღე ემატება და ნაკიან წელიწადს ვიღებთ. მიზეზი ისაა, რომ დედამიწას  მზის შემოსავლელად 365 დღეზე ოდნავ მეტი სჭირდება, დარჩენილი საათები კი სამი წლის შემდეგ ერთ სრულ დღეს შეადგენს.

29 თებერვლი იულიუს კეისარმა დააწესა და მას შემდეგ გარკვეული ტრადიციის მატარებელია.

ძველი ირლანდიური ლეგენდის თანახმად, მეხუთე საუკუნეში,  წმინდა ბრიგიდმა წმინდა პატრიკს შესჩივლა, რომ ქალებს დიდხანს უწევთ ლოდინი, სანამ საყვარელი ადამიანი ხელს სთხოვთ. მათ  შეთანხმება დადეს, რომ წელიწადში ერთხელ, 29 თებერვალს ქალებს უფლება ჰქონოდათ, პირველი ნაბიჯი გადაედგათ და მამაკაცებისთვის ქორწინება შეეთავაზებინათ. ირლანდიელმა ბერებმა ტრადიცია შოტლანდიაშიც გააგრძელეს.

1288 წელს შოტლანდიელებმა ქალების ეს შესაძლებლობა დააკანონეს და დაამატეს, რომ თუ მამაკაცი წინადადებაზე უარს იტყოდა, ჯარიმის გადახდა მოუწევდა.  საჯარიმო საჩუქარი შეიძლება ყოფილიყო კოცნა, აბრეშუმის ტანსაცმელი ან ხელთათმანები. გადმოცემის  თანახმად, კანონი დედოფალ მარგარეტს ეკუთვნის, მანვე დაამატა, რომ ხელის  თხოვნისას ქალებს აუცილებლად წითელი ქვედატანი უნდა სცმოდათ.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ