ნაბიჯ-ნაბიჯ კატასტროფამდე – რას მოგვიტანს “ონლაინ” ცხოვრება?!

137

სოფო მაქაცარიას ბლოგი…

რამდენჯერ დაგვიწყებიათ  ახლობლის დაბადების დღე მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დღეს სოციალურ ქსელში არ შესულხართ და იმ დღის იუბილარების სია არ დაგითვალიერებიათ? რამდენჯერ მორიდებიხართ ოჯახის წევრთან  პირად კონტაქტს მხოლოდ იმის გამო, რომ „ფეისბუქზე“ ფოტოს „ლაიქების“ რაოდენობის დასათვლელად მიიჩქაროდით?  რამდენჯერ დაგზარებიათ გარეთ გასვლა,  რადგან სახლში- კომპიუტერთან გემრიელად მოკალათება გერჩივნათ?

ერთი შეხედვით ეს დიდ პრობლემას არ გავს, თუმცა მერწმუნეთ, მის საბოლოო შედეგებს აუცილებლად შეაფასებენ  – როგორც კატასტროფულს.

იცით თუ არა, რას ნიშნავს ტერმინი „ტექნიკური გაუცხოება“?  თუ არ იცით,  ესე იგი ჩვენს დღევანდელ მთავარ პრობლემას სახელით არ იცნობთ.  ეს ადამიანებს შორის ადამიანური კომუნიკაციის „გადაგვარების“ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.  ის სამოთხის ვაშლივით იოლი მისაღები და დამღუპველი შედეგის მომტანია. ეს შედეგი კი უკვე გარდაუვალია და მისი პრევენცია შეუძლებელია.

მეტი კონკრეტიკისთვის ტერმინ „ტექნიკური გაუცხოების“ მნიშვნელობას  განგიმარტავთ.  ეს ფილოსოფიური ტერმინია. მის განმარტებაში ნათქვამია, რომ „ის საზოგადოებას საშინელი ხიფათის წინაშე აყენებს და სიცოცხლისა და ბედნიერების წინააღმდეგაა მიმართული.“ ციტირებას ვახდენ ერთ-ერთი ფილოსოფიური ნაშრომიდან, რომელსაც „ეგზისტენციალური კრიზისის პრობლემა“ ჰქვია: ტექნიკური გაუცხოება“ესაა ადამიანის თვითგაუცხოება, რომელიც წარმოიშობა მისი ტექნიკური საქმიანობის შედეგად, უფრო სწორად, წარმოიშობა იმის გამო, რომ კაცობრიობა თავის ძირითად საქმიანობად ტექნიკურ საქმიანობას მიიჩნევს და ავითარებს მას სწორედ როგორც ძირითადად საქმიანობას. „ტექნიკური გაუცხოება“ ნიშნავს ადამიანის თვითგაუცხოებას ტექნიკის კულტისა და ფეტიშიზაციის საფუძველზე.“

შეურაცხყოფად  ნურავინ მიიღებთ, მაგრამ  ვიცი,  „ლაიქების“ რაოდენობის დათვლით დაძაბული ტვინებისთვის ამ ციტატის გაგება ცოტა  რთულია. ამიტომ, ვეცდები ტექსტი „შინაურულ  ენაზე მოვქოქო“

ღამის თენება კომპიუტერთან,  ე.წ. „ლომკა“, 100-ჯერ ნაკლები გაკეთებული საქმე ვიდრე სხვა ცხოვრების დროს, (ანუ ვიდრე ჩვენი ცხოვრება კომპიუტერს ამ დონეზე არ უკავშირდებოდა), ისტერიული თვითრეკლამა – ანუ საკუთარი პირადი ცხოვრების ყოველ წამს გასაჯაროება…

ვიცი, ერთი შეხედვით აქ  „დამღუპველი“ არაფერია, თუმცა კაცობრიობა ამ უზარმაზარი პრობლემის მიერ მიღებული „ზარალის დათვლას “ მალე დაიწყებს.  ეს პრობლემა  – ანუ თანამედროვე ტექნოლოგიების „უსაქმოდ“ გამოყენება და მათზე „უმიზნო“ მიჯაჭვულობა სერიულ მკვლელს ჰგავს.  ის სათითაოდ წამლავს ადამიანებს, საბოლოოდ კი უდიდეს დარტყმას საზოგადოების ერუდიციასა და ადამიანურ ურთიერთობებს აყენებს. ვშორდებით წიგნებს და ვივიწყებთ საკუთარ პიროვნებას. ვცდილობთ ჩვენი თავი ისეთი წარმოვაჩინოთ, როგორიც გვსურს და ამას ვირტუალურად  უფრო იოლად ვახერხებთ – ვიდრე პირადად.

ray-bradburyfarenheit-451-89543-457-640_largeვისაც წაკითხული აქვს რეი ბრედბერის  რომანი „451 გრადუსი ფარენგეიტით“ ის უკეთ გაიგებს,  თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ პრობლემამ.  წიგნში სწორედ ის სიტუაციაა აღწერილი, რომლამდეც „ტექნიკური გაუცხოება“ სულ მალე მიგვიყვანს. გამოგიტყდებით ეს რომანი ერთბაშად ვერ წავიკითხე, ის იმდენად მძიმე და დამთრგუნველია, რომ მკითხველმა რამდენიმეჯერ მაინც უნდა შეისვენოს.  რომანი იმ პატარა ქვეყანაზე მოგვითხრობს,  სადაც წიგნები აკრძალულია, ადამიანები თანამედროვე ტექნოლოგიებზე არიან მიჯაჭვულნი, ერთმანეთთან არ კონტაქტობენ, აზროვნება აკრძალული არ აქვთ, თუმცა არც   სჭირდებათ,   შთაგონებული აქვთ რომ ბედნიერნი არიან და იმაზე არ ფიქრობენ, რომ მათ ცხოვრებას არანაირი დანიშნულება და აზრი არ აქვს. შუშის თვალებით, მიხატული ღიმილითა და უაზრო ყოველდღიურობით დაღლილებს არც კი აინტერესებთ რატომ  ცხოვრობენ ასე – უბრალოდ განაგრძობენ არსებობას.

დამერწმუნე მკითხველო, ჩვენც ძალიან მალე მივალთ ამ სიტუაციამდე.  ამას წინააღმდეობას  მე და შენ ვერ გავუწევთ. განხილვები ფორუმებზე, ისტერიული „ჩექ ინები“, მეგობრების ნახვა მხოლოდ იმიტომ რომ ფოტოებში „დაითაგო“…  ეს ხომ ძალიან გავს მარაზმს?  მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება ამ დიდ პრობლემაზე,  ეს საფრთხეს მეტად დაასუსტებს. შედეგი გარდაუვალია, თუმცა ჯერ კიდევ შესაძლებელია პროცესის შენელება. ვიაზროვნოთ მეტი, ვიკითხოთ და ვიურთიერთოთ. ადამიანური კონტაქტისთვის სულაც არ არის საჭირო ტექნოლოგიებზე უარის თქმა  და  „ლამფის“, „კერასინკისა“ და „სიგუას“ ნამცხვრის ეპოქაში დაბრუნება. 

სოფო მაქაცარია