მე ნარკომანი ვარ!

204

”Когда можешь остановиться ты не хочешь,
а когда хочешь остановиться ты не можешь”
Candy

 

ნარკომანია ბერძნული სიტყვაა. არკოსის – გაშეშებას, მანია – მისწრაფებასა და სიგიჟეს ნიშნავს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სიტყვის განმარტებას?! ეს არის სენი, რომლითაც ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ათასწლეულების მანძილზე არიან დაავადებულნი. არავინ იცის ვინ იგემა ნარკოტიკი პირველად, თუმცა კაცობრიობას ეს მეტად ძვირი დაუჯდა.

ნარკოტიკი „პრობლემის გადაჭრის“ გზა არის სუსტთათვის. ყველაზე მარტივად კი მისი გავლენის ქვეშ მოზარდები ექცევიან.

– მუსიკა სულ სხვანაირად გესმის…

– სულ სხვანაირად აღიქვამ სამყაროს…

– შენი ფერებით ხატავ ყველაფერს…

– სულ სხვანაირად გიყვარს…

– ცადე რა, ერთხელ შენც!

მე არ მიცდია და არ მინდა ვცადო.

მე ისედაც ნარკომანი ვარ!

მე „ვკაიფობ“ კლუბში მუსიკით და არ მჭირდება „დამხმარე“ საშუალება…

მე ისედაც ნარკომანი ვარ! მე აღვიქვამ სამყაროს, ზუსტად ისეთად, როგორიც მინდა, რომ იყოს და შედეგად ვიღებ იმ სამყაროს, რომელიც მსურდა…

მე ისედაც ნარკომანი ვარ! მე ვხატავ, ვწერ და ვქმნი ჩემ ისტორიებს, შემდეგ ამით „ვკაიფობ“ და ვიცი, რომ საუკეთესო „ნარკოტიკი“ მაქვს…

მე ისედაც ნარკომანი ვარ! მე მიყვარს! მე შენც მიყვარხარ! მე ისიც მიყვარს! ჩემებურად მიყვარს და არ მჭირდება სხვანაირი სიყვარული…

– მას პრობლემა არ აქვს. მე კი მჭირდება ნარკოტიკი განტვირთვისთვის და “აზზე” მოსასვლელად…

ტყუილი და პაპიროსი პირში! ყველა ადამიანს აქვს პრობლემა. ზოგს დიდი, ზოგს პატარა. და საერთოდ, ვინ დაყო პრობლემები „ზომის“ და „წონის“ მიხედვით?!

– მე მშია და არ მაქვს საჭმელი… – მისთვის ეს დიდი პრობლემაა…

– მე ვმუშაობ, მაგრამ დაბალი ხელფასი მაქვს… – მისთვის ეს დიდი პრობლემაა…

– მე მიყვარს, მაგრამ მას არ ვუყვარვარ… – მისთვის ეს ტრაგედიაა…

– მე საშემოდგომო გამომყვა ქიმიაში, ოჯახში არ იციან… – მისთვის ეს დიდი სირთულეა…

პრობლემა არ იწონება სასწორზე! პრობლემა ყველასთვის პრობლემაა, გამოსავალი კი ინდივიდუალურია, მაგრამ არა ნარკოტიკი. ნარკოტიკი მირაჟია, ირეალური სამყარო, ვიღაცის ძალით შექმნილი სამყარო შენთვის. რატომ არ შეგიძლია შენი სამყარო მოაწყო თავად?!

– ჩვენ დაგეხმარებით…

– კლინიკის ფულს გადაიხდის მამაშენი…

– ჩვენი სიყვარული ამასაც დაამარცხებს!

– სახლში გამოგკეტავთ!

ტყუილი და პაპიროსი პირში!! თუ მე არ გადავწყვეტ, რომ აღარ მინდა ნარკომანობა… თუ მე არ მივხვდები, რომ ნარკოტიკით ჩემი ცხოვრება ინგრევა… თუ არ გამოვიჩენ ნებისყოფას… და თუ მე… და თუ მე… მაშინ…

– დედა, ნუ ეცდები ჩემ დახმარებას, შენ არაფერი გამოგივა!

– კლინიკა და ექიმები დაიტოვეთ თქვენთვის, მე არ ვარ სამკურნალო!

– ჩვენ სიყვარულთან არაფერ შუაშია ნარკოტიკი, ის არ არის მტერი და არ ჭირდება დამარცხება!

– მე სახლიდანაც გავიქცევი!

ჯადოსნური ჯოხი“ – ნარკოტიკი. პრობლემები ქრება… ოცნებები რეალობად იქცევა… აკეთებ იმას რაც გინდა… აკეთებ იმას როგორც გინდა… და ბოლოს ეტლი მაინც იქცევა – გოგრად, ცხენები – თაგვებად, ულამაზესი კაბა – ნაფლეთებად. და შენი „მოგზაურობაც“ სრულდება! ჭირი იქა, ლხინი აქა. ქატო იქა, ფქვილი აქა… არ გინდოდეს ასეთი „ზღაპარი“ შენში!

ცხოვრების სიტკბოება, რომ ბოლომდე იგემო ერთხელ მაინც უნდა ცადო ის, რაც ასე გიზიდავს და გაინტერესებს. თურმე ყველაფერი ცნობისმოყვარეობით იწყება…

– ერთხელ თუ გავიკეთე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნარკომანი ვარ. ვის არ გაუსინჯავს ერთხელ?!

როდესაც რაიმეს პირველად აკეთებ, მას გაცილებით უფრო ძლიერი ეფექტი აქვს, ვიდრე მეოთხეჯერ ან მეათეჯერ გაკეთებულს.

– პირველი სიყვარული…

– პირველი სამსახური…

– პირველი ხელფასი…

– პირველი პაემანი…

– პირველი, ისევ პირველი!..

ნარკოტიკიც ასეა. პირველი შთაბეჭდილება დაუვიწყარია… შემდეგ ფხიზლდები. შენთვის რეალობა კი უკვე „შავ-თეთრია“, უფეროა, უაზროა. და შენს თავში მხოლოდ ერთი ფიქრი ტრიალებს…

– მოდი, კიდევ ერთხელ გავიკეთებ, მხოლოდ ერთხელ…

მალე ფიქრი ქმედებად იქცევა… ქმედება კი ჩვევად, რომლის გადაჩვევაც შეუძლებელია.

 

საკო კოჭლამაზაშვილი