მერიამ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

178

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორი მაკო ჭოღოშვილი 2016 წლის 17 თებერვალს თანამდებობიდან გაანთავისუფლა. მიზეზად ყოფილი დირექტორის ცუდი მენეჯმენტი სახელდება.

ამ ფაქტს უსამართლოდ მიიჩნევს თავად „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“. მათ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს პოსტი, რომელშიც ერთგულ მკითხველებს მოუწოდებდნენ ხვალ, 18 თებერვალს საპროტესტო აქციაზე მოსვლას და მაკო ჭოღოშვილის მხარდაჭერას.

„გაცნობებთ, რომ “თბილისის მედიათეკების გაერთიანების” დირექტორი მაკო ჭოღოშვილი ქ. თბილისის მერიამ უსამართლოდ გაათავისუფლა თანამდებობიდან მედიათეკის არაეფექტური მუშაობის მიზეზით. ჩვენო ერთგულო მკითხველებო, ვისაც მოგწონთ მედიათეკის მენეჯმენტი და თვლით, რომ ის წარმატებული პროექტია, გთხოვთ, მობრძანდეთ, 18 თებერვალს, 18:00 საათზე და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა.“ – ნათქვამია „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ განცხადებაში.

„თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ საჯარო ბიბლიოთეკის თანამედროვე ტიპს წარმოადგენს. თბილისის მერიის ინიციატივით დაარსდა და 2013 წლის 29 მარტს გაიხსნა. ამჟამად ფუნქციონირებს ორი ფილიალი ქალაქ თბილისში, ვაკესა და ვარკეთილში.

 

მოამზადა:
ქეთი კალანდაძემ