მაშინ როცა ტყუპი გყავს…

409

1995 წლის 25 იანვარი  90-იანების ჩვეული არაფრით გამორჩეული  დღე იყო, მაგრამ არა ჩემი ოჯახისთვის. ამ დღეს ოჯახში მატება ერთდროულად ორი ბავშვით მოხდა. ჯერ ჩემი და ქეთი გაჩნდა. დიდი ხანი აღარ დამიცდია და 5 წუთის შემდეგ მეც მოვევლინე სამყაროს. ხოდა კითხვაზე თუ რითი განვსხვავდები სხვებისგან, დაუფიქრებლად შემიძლია გიპასუხოთ: მე ტყუპი მყავს.

იცით ეს რას ნიშნავს, გყავდეს იდენტური ტყუპი? ალბათ უმრვლესობამ არა და სწორედ ამიტომ დღემდე გვაბრუებენ კითხვებით და ცდილობენ გაიგონ,რეალურია თუ არა ის ყველაფერი, რაც ტყუპების შესახებ გაუგიათ. ხოდა ასე ბავშვობიდან მივდივართ მე და ქეთი ქუჩაში,ხან ვინ მოგვაშტერდება, ხან- ვინ. უფრო გაბედული გაგვაჩერებს და გვეკითხება: „თქვენ დები ხომ არ ხართ? “ – არა, ტყუპები და აქ იწყება, რაც იწყება. „ერთნაირად არ გაცვიათ ხოლმე? მართალია ერთი რომ ცუდადაა, მეორეც ცუდად ხდება? რომელია უფროსი? სხვადასხვა ადგილას როცა ხართ, გრძნობთ მეორე თუ ცუდადაა? ერთი ბიჭი მოგწონებიათ? ერთნაირ სიზმრებს ნახულობთ? რომ გათხოვდებით ცალ-ცალკე როგორ გაძლებთ?  ერთნაირი გემოვნება გაქვთ? ქმრებს რომ აერიოთ?“  აღარც მახსენდება ამ  კითხვათა კორიანტელში რამდენ უცნაურ კითხვას მისვამენ. რატომღაც გონიათ რომ თვალიერებას და ერთმანეთში ჩურჩულს რომ იწყებენ, შესამჩნევი არაა. არადა ყოველთვის ვხვდები, ახლა ჩვენზე საუბრობენ. ბავშვობაში ცოტა ვბრაზდებოდით, საიდან მოაქვთ ეს კითხვები, რეებს გვეკითხებიანო. ახლა ეს ყველაფერი ღიმილს იწვევს ჩემში.

თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ახალი გასარჩევი თემა დაემატა, ვგავართ თუ არა ან რამდენად ვგავართ გარეგნობით ერთმანეთს. ზოგისთვის არ ვგავართ, ზოგი ვერ გვარჩევს, ზოგი მხოლოდ ერთად თუ ვართ მაშინ გვარჩევს. ვინც დიდი ხანია გვიცნობს, იმათ რომ კითხო საერთოდ არ ვგავართ. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იმდენად მაინც კი ვგვართ, რომ მიხვდე ტყუპები ვართ.

შეამჩნიეთ ზოგ ადგილას მრავლობითში რომ ვწერდი? ეს უცნაური ჩვევა, თუ რა დავარქვა არ ვიცი, კი გვაქვს. ვიტყვი მოვალ მეთქი და ვგულისხმობ, რომ ორივე მოვალთ. ორივე დღემდე ასე ვართ. თუმცა ჩვენი  თითქმის მუდამ ერთად ყოფნის „იდილია“ უნივერსიტეტში ჩაბარებამ დაარღვია. კიდევ კარგი მობილური არსებობს, თორემ სახლში მოსვლამდე ამბის მოსაყოლად ვერასდროს ვერ ვითმენ. ხოდა ასე ერთად არ ვართ მთელი დღე,მაგრამ მაინც ზუსტად ვიცი რას აკეთებს დღის ნებისმიერ მომენტში.

თუ ზემოთ აღნიშნული კითხვები თქვენც გაინტერესებთ, მაგაზეც გიპასუხებთ. ერთდროულად ცუდად არ ვხდებით, ერთნაირ სიზმრებს არ ვნახულობთ, მეტნაკლებად განსხვავებული გემოვნება გვაქვს, ერთნაირად ჩაცმულს ვერასდროს გვნახავთ, ერთმანეთის აზრებს ვერ ვკითხულობთ, თუმცა ერთი და იგივე ერთდროულად ხშირად გვითქვამს.

„ტყუპები ხართ? რა მაგარია“,- ამაში კი ვეთანხმები. არ ვიცი როგორია არატყუპის ყოლა, მაგრამ ტყუპის ყოლის მსგავსი რომ ვერ იქნება ზუსტად ვიცი. იგივე სიძლიერის სიყვარული ვერც ერთ დედმამიშვილს შორის რომ ვერ იქნება, ეგეც ზუსტად ვიცი. იქნებ სუბიექტური ვარ, მაგრამ ვერც თქვენ იქნებით ობიექტური, თქვენ ხომ ტყუპი არ გყავთ.

ერთი კია,მე მაინც უმცროსი და ვარ 5 წუთით გვიან დაბადებული. თითქოს სასაცილოა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში მე უმცროსი და ვარ. ბოლოს და ბოლოს 5წუთით მეტი დამჭირდა, რომ ჩემი ტირილის ხმით მემცნო, მეც გავჩნდი მეთქი. ხოდა ახლაც ხშირად ქეთის ვუშვებ წინ. ეტყობა, ჩვევად შემომრჩა.

ხომ ამბობენ, ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდებაო.მე კი მარტო არ დავბადებულვარ, ამაზე მეტი რა უნდა  მინდოდეს. ჩემი ცხოვრების თანამგზავრი დაბადებიდან უკვე ნაპოვნი მყავს. ხომ გითხარით თავშივე, განსხვავებული ვარ მეთქი.

მარტო ის მინდოდა,  ოდნავ მაინც დაგენახათ რას ნიშნავს გყავდეს ტყუპი. თორემ ისე უსასრულოდ შემიძლია გესაუბროთ და მაინც ვიფიქრებ, რომ ბოლომდე ვერ გაგებინეთ ან იქნებ საკმარისი სიტყვები ვერც ვიპოვო სამაგისოდ. გყავდეს ტყუპი- ცხოვრების საჩუქარია.

გვანცა სილიკაშვილი