მარია შარაპოვამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა

87

ავსტრალიის ღია თამაშებზე მარია შარაპოვა მელდონიუმის მიღების გამო არ დაუშვეს. მედიკამენტი რომელიც დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 1 იანვრიდან იკრძალება.

შარაპოვას სპონსორმა კომპანია „Nike“-მა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე სპორტსმენთან თანამშრომლობას წყვეტს.

„ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, ჩემს ფანებს იმედი გავუცრუე“ – განაცხადა შარაპოვამ.

მარია შარაპოვამ  მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა აიღო და იმედი გამოთქვა, რომ თამაშის გაგრძელებას შეძლებს.

შარაპოვა მედიკამენტს ათი წლის განმავლობაში იღებდა. მისი ოჯახის ექიმმა მელდონიუმის დანიშვნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სპორტსმენი ხშირად ავადმყოფობდა და მაგნიუმის ნაკლებობას განიცდიდა.

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2016 წელს აკრძალა, ამიტომ აქამდე შარაპოვას პრობლემები არ შექმნია.

საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის ანტი-დოპინგური პროგრამა სპორტსმენის 4 წლიან გარიცხვას ითვალისწინებს, თუმცა ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ  ადგილი რაიმე გაუგებრობას ჰქონდა ან სპორტსმენი თავის დანაშაულს სრულად იაზრებს.