მაკო ჭოღოშვილის პრესკონფერენცია სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით

181

როგორც ცნობილი გახდა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორი მაკო ჭოღოშვილი 2016 წლის 17 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად ყოფილი დირექტორის ცუდი მენეჯმენტი სახელდება. ამ ფაქტს უსამართლოდ მიიჩნევს თავად „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“.

18 თებერვალს ვაკის მედიათეკაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ქალბატონმა მაკო ჭოღოშვილმა განცხადება გააკეთა. მედიათეკის ყოფილმა დირექტორმა ისაუბრა, როგორც მისი განთავისუფლების ოფიციალურ ასევე არაოფიციალურ დეტალებზე: „გურამ ნიკოლაშვილის 2016 წლის 15 თებერვლის წერილის-განცხადების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ადგენს, რომ განთავისუფლდეს ჭოღოშვილი და დაინიშნოს ნიკოლაშვილი. ეს არის ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური ვერსია კი შემდეგნაირია: დამიბარეს მერიაში ქალბატონ ნინა ხატისკაცთან და მითხრეს, რომ ხვალ გამოვა მერის განკარგულება, რომლითაც განთავისუფლებული ვიქნებოდი. ბუნებრივია გამიჩნდა კითხვა თუ რა იყო ამის მიზეზი, რადგანაც მგონია რომ ვხელმძღვანელობ წარმატებულ დაწესებულებას. ამის გაზომვა ბიბლიოთეკაში ძალიან მარტივია, თუ კი გადავხედავთ ჩვენს მომხმარებელთა რაოდენობას. ერთადერთი პრობლემა ბიბლიოთეკაში დასაჯდომი ადგილების ნაკლებობაა. ძალიან ხშირად ვატარებთ კვლევებს. ბოლო რამოდენიმე კვლევის შედეგად მივიღეთ ერთადერთი თხოვნა მომხმარებლისგან, რომ ბიბლიოთეკა არ დაიკეტოს 8 საათზე და იმუშაოს გვიან ღამემდე ან მთელი ღამე.  დღეს ირაკლი ლექვინაძემ ბრძანა, რომ გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი მერიასთან კოორდინაციის არარსებობაა და რომ ახალი დირექტორი  განახორციელებს მერიისთვის უფრო პრიორიტეტულ პროექტებს. ამაში ბატონ ირაკლის რა თქმა უნდა არ ვეთანმხები. მსოფლიოში ყველა ბიბლიოთეკა ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ არცერთი არ ავალდებულებს ბიბლიოთეკას, რომ მისთვის პრიორიტეტული პროექტები განახორციელოს. ჩვენი საქმეა საზოგადოების, წიგნის პოპულარიზაციის და მკითველისთვის პრიორიტეტული პროექტები განახორციელოს, რასაც წარმატებით ვართმევთ თავს“.
ვაკის მედიათეკის თანამშომელი ნესტან მედულაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ არ ეთანხმება მერიის გადაწყვეტილებას: „არსებობს მედიათეკის მხოლოდ 2 ფილიალი: ვაკეში და ვარკეთილში. ვაკის ფილიალში დღეში 400 მომხმარებელი შემოდის, ვარკეთილში კი მინიმუმ 100. ცუდი მენეჯმენტის პირობებში ეს უბრალოდ  წარმოუდგენელი იქნებოდა“.

 

მოამზადა:
ირაკლი კირკიტაძემ