კურორტი „თეთნულდი“ პირველი ტურისტების მიღებისთვის ემზადება

383

თეთნულდის სათხილამურო კურორტის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიდის. სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „თეთნულდის” ხელმძღვანელი უკა კილაძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ რეგიონში მოსული მცირე თოვლის მიუხედავად სამუშაოები არ შეფერხებულა. ამ დროისთვის დამონტაჟებულია თითქმის ყველა სადგური, მიმდინარეობს ელექტრო და წყლის დაერთება.

კილაძე აცხადებს, რომ დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური სამუშაოები. კურორტი პირველ ტურისტს 2015 წლის დეკემბერში მიიღებს. „თეთნულდის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს კურორტი ტურისტების დიდ ნაკადს არ ელოდება.

„კომერსანტის” კითხვაზე, ხდება თუ არა კურორტის საკმარისი რეკლამირება, კილაძე აცხადებს, რომ ეს მათი კომპანიის ფუნქცია არ არის და როდესაც ობიექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა, მის მარკეტინგულ კამპანიასაც ეს უწყება განახორციელებს.

კურორტ „თეთნულდის” არასაკმარის რეკლამაზე საუბრობს ტურიზმის ექსპერტი შალვა ალავერდაშვილი. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს კურორტიც „ჩუმად“ გაიხსნება, როგორც ვთქვათ გასულ წელს გუდაურში ხელოვნური თოვლის მონტაჟი მოხდა.

კურორტ „თეთნულდის” მენეჯმენტს კომპანია „თეთნულდი” ახორციელებს. სათხილამურო-საბაგირო ინფრასტრუქტურა მოწოდებულია ფრანგული კომპანია “Pomagalski”-ის მიერ. საბაგიროების მონტაჟს ავსტრიული კომპანია “RMS” ახორციელებს.

 

პროექტი საფრანგეთის მთავრობის კრედიტით და საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. საფრანგეთის მთავრობის კრედიტი 18 მილიონი ევროა, საქართველოს მთავრობა კი სულ 100 მილიონი ლარის აქტივობებს ახორციელებს.

 

კურორტის მთლიანი ფართობი 7000 ჰექტარია.

გამოთვლების მიხედვით კურორტს ერთდროულად შეეძლება მოემსახუროს 4100 მოთხილამურეს, საბაგიროების საერთო გამტარიანობა – 8400 ადამიანი/საათში, კურორტის ტურისტული ტევადობა არის 6806 ადამიანი.

წყარო: commersant.ge