თუ სამსახურს ეძებ

168

ცოტა ხნის წინ საინტერესო ისტორია გადამხდა. მეც მასზე მოგიყვებით…

ვწერ… ვწერ… ვწერ ჩემთვის… და ერთ დღეს მოდის წერილი.

„თქვენთვის წერილია“

„ჩვენ კომპანიას ჭირდება ბლოგერი, რომელიც ინგლისურიდან თარგმნის ახალ ტექნოლოგიებზე სტატიებს და შემდეგ თავისი ენით დაწერს ბლოგებს.“

რა, რა და წერა ნამდვილად მიყვარს. რაც უფრო მეტს ვწერ კი ჩემი ხასიათი უფროდაუფრო უკეთესი ხდება. ვისაც არ გიცდიათ წერა ვერ მიხვდებით. ეს ერთგვარი თერაპიაა. ერთი ღერი პაპიროსი, ფურცელი, კალამი და შენი სამყარო.

შემოთავაზება ნამდვილად „მაცდური“ იყო. ვიმუშავებდი სახლიდან, დავწერდი სტატიებს და ამაში დამატებითი ანაზღაურებაც მექნებოდა. თუმცა „მიწაზე დაშვებისას“ რამდენიმე კითხვა გამიჩნდა. მათ ერთად მოვუყარე თავი მკაცრად დაცულ ოფიციალურ წერილში და “SEND”-ის ღილაკს დავაჭირე.

საჭირო ინფორმაცია, შესასრულებელი სამუშაოსათვის:
1. მომწერეთ უფრო დეტალურად თქვენი კომპანიის შესახებ (მათ შესახებ არაფერი ვიცოდი);
2. მომწერეთ ჩემი მოვალეობების შესახებ;
3. ასევე, გამომიგზავნეთ ერთი სტატია, რომლის თარგმნაც მომიწევს, რომ წარმოდგენა მქონდეს ჩემს სამუშაოზე.

ჩემი მხრიდან კი დავპირდი ჩემ CV-ს და დაწერილ ბლოგებს.

პატივისცემით,
სალომე კოჭლამაზაშვილი


პასუხი 2 დღეში მოვიდა. რა ეჩქარებოდათ?!

გამარჯობა სალომე საქმე რაშია ეხლა განსაკუთრებული არაფერი არ არის საჭირო უბრალოდ თანამედროვე ტექნოლოგიებზე აი მაგალითად გამოვიდა ახალი iphone ნახე რაიმე ვიდეო მიხვდი რა აქვს ამ აიფონს და შენი შეხედულებიდან გამომდინარე შენს აზრს დაწერ მეტი არაფერი.

ეხლა რაც შეეხება სიხშირეს კვირაში 2 დან 3 სტატიამდე დაწერა იქნება საჭირო მაქსიმუმ ამ ტექნოლოგიების ვიდეოს ან სტატიას მე თვითონ მოგაწვდი უბრალოდ სარეკლამო კომპანიის ბლოგი მინდა გაკეთდეს და სეგმენტად ეს მინდა რომ ჩვდო
რაც შეეხება ანაზღაურებას შენ მითხარი შენი დროის გამოყოფა ჩვენთვის რამდენად გიღირს და შემდეგ უკვე მე გეტყვი რამდენად შესაძლებელია ჩვენი თანამშრომლობა“.

ნუ შეგაშინებთ 2 აბზაციანი გრამატიკულად დაუწყობელ-გაუმართავი, უწერტილ-მძიმო წერილი. ეს ამ წერილის ავტორის პუნქტუაცია მოკლებული ნაწერია. სიზუსტე კი COPY/PASTE-მა მკაცრად დაიცვა!

წერილი, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის მთავარმა მენეჯერმა მომწერა, მოკლებული იყო ოფიციალურობას. აბა, მითხარით რომელი წერილი იწყება ასე: საქმე რაშია ეხლა განსაკუთრებული არაფერი არ არის საჭირო…“ . ორ აბზაციანი უთავბოლო წერილი პასუხს ჩემ ერთ კითხვაზეც კი არ შეიცავდა. უდიერად დაწერილი წერილის ავტორი კი მხოლოდ ერთს „მოითხოვდა“ – დამესახელებინა ჩემი ანაზღაურება.

ასეთი პასუხის შემდეგ, ჩემი კითხვების ხელმეორედ გამეორებას, აზრი აღარ ჰქონდა. მეც მარტივი არითმეტიკით გამოვთვალე რამდენად მიღირდა ამ სამუშაოს შესრულება. სტატია, რომლის ზომაც შეიძლება დღეს ერთ გვერდიანი ყოფილიყო, ხვალ კი სამიანი, შემდეგ ამის თარგმნა ქართულად და ბოლოს ჩემი სტილით აწყობილი ბლოგის დაწერა, რომელიც თვეში მინიმუმ 15 გამოვიდოდა – მე *00 ლარად „მიღირდა“. ეს ყველაფერი ისევ წერილად ვაქციე და კიდევ ერთხელ დავაჭირე “SEND”-ს.

და რადგან ტექნიკა არის წინ წასული და ჩვენ აღარ გვჭირდება წერილის გასაგზავნად: მტრედი, ფოსტა და მსგავსი რთული პროცედურები, ჩემი 8 აპრილს გაგზავნილი წერილი ადრესატთან იმავე რიცხვში მივიდა.

დღეს 19 აპრილია. პასუხი ჯერ კიდევ არ მოსულა. არც მოვა. ნუ იქნებით მიამიტი ოპტიმისტები!

და თუ ვინმესთვის უპასუხო წერილის მიზეზი ბუნდოვანია, ჩემთვის ღიმილიანად გასაგები J.

ამ კომპანიისთვის, როგორც თითქმის ყველა ქართული კერძო კომპანიისთვის, პრიორიტეტები შემდეგნაირად არის გადანაწილებული.

  1. ნაკლები ხარჯი – მეტი შემოსავალი!
  2. იაფი მუშახელი – მეტი დანაზოგი!
  3. მთავარია ნაკლები ხარჯი – შედეგს მაინც მიიღებ!

ამ კრიტერიუმების მატარებელი ყველა კომპანია ერთ დღეს აუცილებლად „ტიტანიკივით“ ჩაიძირება ბაზრის ფსკერზე. ეს კი მოხდება მხოლოდ მათი „სწორად“ დაწყობილი პრიორიტეტების დახმარებით.

ნაკლები ხარჯი – არ ნიშნავს მეტ შემოსავალს. ბიზნესს, რასაც დაახარჯებ იღებ ზუსტად იმ შედეგს. გაქვს კარგი რეკლამა (ანუ იხდი ფულს), შენი პროდუქტიც ხდება გაყიდვადი. ზოგავ ფულს რეკლამაში და PR-ში, მაშინ შენ ვერასოდეს გახდები ბაზარზე წამყვანი კომპანია.

იაფი მუშახელი – კომპანიისთვის დანაზოგს სულაც არ ნიშნავს. მთავარი ხარისხია და არა დაბალ ფასში „გამოძრომა“. იაფი მუშახელი ნიშნავს ნაკლებ ხარისხს, ნაკლებ მოტივაციას, ნაკლებ გაკეთებულ საქმეს. კომპანიის ხარისხი კი პირდაპირპროპორციულია მის გაყიდვებთან. სამწუხაროდ ამას კომპანიების უმრავლესობა ვერ ხვდება.

ზემოთ აღნიშნული კომპანია არც დაინტერესებულა ჩემი ნაწერებით. ერთადერთი რამ მოხვდათ თვალში *00 ლარი და ჩემთან თანამშრომლობის სურვილი იმ წუთიდან გაუქრათ. მე არ ვამბობ, რომ საუკეთესო ვარ. ჩემზე ბევრად ნიჭიერი ადამიანები არიან, ასევე ჩემზე ნაკლებად ნიჭიერებიც, ან უბრალოდ ჯერ არ უცდიათ წერა (აუცილებლად ცადეთ!).

მთავარია ნაკლები ხარჯი, შედეგს მაინც მიიღებ – ასე მხოლოდ სულელი „ბიზმესმენები“ აზროვნებენ და არა ნამდვილი ბიზნესმენები.

კომპანიების მეპატრონეებმა ჩვენი ქვეყანა დაამსგავსეს „აუქციონს“, თუმცა აქაც ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. რეალურად აუქციონზე გამოტანილი საგნის პატრონი ხდება ის, ვინც იხდის მეტს.

– 5 000!

– 7 000!

– 13 000!

– 13 000 – ერთი! 13 000 – ორი! 13 000 – სამი! გაყიდულია!

ჩვენთან კი შოულბს სამსახურს ის, ვინც ამბობს ნაკლებ თანხას. რა ხარისხზეა საუბარი?! ისინი არ უყურებენ არც ერთი დაქირავებულის კვალიფიკაციას. და სამსახურს იღებს მხოლოდ ის, ვინც ამბობს 300 ლარს.

და თუ ამ სამუშაოს თქვენ 200 ლარად შეასრულებთ, არჩევანს აუცილებლად თქვენზე შევაჩერებთ!

– “დაქირავებულებო“, დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები და თქვენი დახარჯული დრო უკეთ! და თქვენ აუცილებლად მიიღებთ ისეთ ხელფასს, როგორზეც ოცნებობდით!

ჩვენ „3 გოჭის“ ზღაპარში ვცხოვრობთ! კომპანიის მეპატრონეები თავის ბიზნეს ნიფ-ნიფის და ნუფ-ნუფის პრინციპით აშენებენ.

ნიფ-ნიფმა სახლი ლერწმისგან ააგო. საღამოს მისი ქოხი მზად იყო. მეორე დღეს მგელს 1 სულის შებერვა დაჭირდა, რომ დაენგრია.

ნუფ-ნუფმა სახლი ტოტებისგან და ფიჩხებისგან ააგო. საღამოს მისი სახლიც მზად იყო. მეორე დღეს მგელს 3 სულის შებერვა დაჭირდა, რომ დაენგრია.

ნუ დაემსგავსებით „დიდო ბიზნესმენებო“ ნიფ-ნიფს, მისი სახლი ხომ ყველაზე სწრაფად დაინგრა! მიბაძეთ ნაფ-ნაფს და თქვენი ბიზნესიც ბაზარზე მოწინავე ადგილს დაიკავებს!

ნაფ-ნაფი რამდენიმე დღე მუშაობდა. ქვები მოზიდა, თიხა მოზილა, მუხის მძიმე კარი ჩამოკიდა და ურდულიც დაადო. მის სახლს მგელმა ვერა დააკლო რა!

ჭირი იქა… ლხინი აქა… ქატო იქა… კარგი ბიზნესმენები აქა!

 

საკო კოჭლამაზაშვილი