თეურგია, როგორც მომცველობითი მასშტაბის უმაღლესი მაგია

360

ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ამ სფეროს შესახებაა, უძველეს წყაროებზე დაყრდნობით განიხილება, როგორც ღმერთების ნებაზე ზემოქმედებით აღძრული და წარმოებული მოქმედება სივრცეში, თუმცა უძველესი აღქმა და ინტერპრეტაცია, მეტ-ნაკლებად შორსაა თანამედროვე აღქმისგან და ინტერპრეტაციისგან, რასაც ძალიან ბევრი შეცდომაში შეყავს ხოლმე და პირდაპირ გაგებულით იქმნება მცდარი წარმოდგენა, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად თეურგიული მაგიის თაობაზე.

რეალურად რას ნიშნავს თეურგია, ეს შეიძლება ბევრისთვის ჯერჯერობით უცხო და წარმოუდგენელიც იყოს, მაგრამ შევეცდებით, მაქსიმალურად გასაგებ ენაზე გადმოვცეთ ინფორმაცია.

ცოტა შორიდან დავიწყებთ და შეგახსენებთ, რომ ადამიანს გააჩნია 7 ნატიფი სხეული, ე. წ. სამშვინველი, რომელიც 3 შვიდეულ წელიწადში სრულად ფორმირდება და სინქრონიზდება მყარ ბიოლოგიურ სხეულთან. ამიტომაც, პიროვნების ოკულტურ სრულწლოვანებად ითვლება 21 წელი. ეს 7 ნატიფი ენერგეტიკული სხეული ლიტერატურაში ნახსენებია ხოლმე, როგორც ჩაკრები (1. მულადჰარა, 2. სვადჰისტანა, 3. მანიპურა, 4. ანაჰატა. 5. ვიშუდჰა, 6. აჯნა, 7. საჰასრარა). ადამიანის ნატიფი აგებულებიდან, ამ ჩაკრების გარდა არსებობს ინდივიდუალური ცნობიერების, ე. წ. სულის ენერგეტიკული ჭურჭელიც, რომელსაც ამავე ლიტერატურაში მოიხსენიებენ, როგორც კუნდალინს. სწორედ კუნდალინია, რომელშიც იღვიძებს აბსოლუტური ცნობიერების ნაწილი ინდივიდუალური ცნობიერება. გამოღვიძების მომენტიდან, კუდუსუნის დაბოლოებაში დახვეული სპერმატოზოიდის ფორმის, ცნობიერების ეს ენერგეტიკული ჭურჭელი, მეტ-ნაკლებად გამოღვიძებული ცნობიერებით იწყებს გაშლას და აღმასვლას სწორედ ჩაკრებში, ჯერ პირველში, შემდეგ დანარჩენში ხოლმე. ახლა არ მოვყვებით, თუ რა პროცესები ასრულებს ცნობიერების გამოღვიძებისთვის და განვითარებისთვის კატალიზატორის როლს, რადგან ეს ცალკე სხვა განხილვის თემაა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თეურგია, სწორედ ინდივიდუალური ცნობიერების განვითარების კონკრეტული დონიდან, კონკრეტულ ჩაკრაში რეალიზაციის მომენტიდანაა ქმედითი და ეს სწორედ ცნობიერების მიერ გარკვეული დონისა და ნომინალის ცნობიერებათა მომცველობითობას გულისხმობს.

ახლა ავხსნათ, თუ რას ნიშნავს მომცველობითობა.

როგორც ყოველი მაღალი მოიცავს მასზე დაბალს თავისი თვალთახედვის არეალში, ასევე გარკვეულ დონეზე განვითარებული ინდივიდუალური ცნობიერებაც მოიცავს და თავის თავში ამთლიანებს მასზე დაბალგანვითარებულ ინდივიდუალრ ცნობიერებათა სიმრავლეს. „მოიცავს“ – ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, თეურგი, შემძლეა, ყოველგვარი მაგიური ინსტრუმენტებისა და დამხმარე საშუალებების გარეშე გავლენა იქონიოს როგორც კონკრეტული დაინტერესების სფეროში მოვლენათა მიმდინარეობაზე, აგრეთვე ადამიანებზე, რომლებიც ამ მოვლენებში ბუნებრივად, ავტომატურად მონაწილეობენ. თეურგი, როგორც მოიცავს, ასევე გახლავთ თავად შემადგენელი იმ მასზე მაღალი მომცველობისა, რომელ არეალსაც თავის თავში ამთლიანებენ თეურგზე მაღალგანვითარებული ცნობიერების იერარქები და თეურგი, ამ შემთხვევაში, არის მაღალგანვითარებული იერარქების („ღმერთების“) ნების გამტარი, აღმსრულებელი „პროგრამისტი“ მატერიაში. სწორედ ეს მომცველობითობის დონის თანამშრომლობა გახლავთ თეურგიის, როგორც უმაღლესი პრაქტიკული მაგიის პრინციპიც, რომელი პრინციპიც ჰგავს რუსულ მატრიოშკას და უსასრულოდ ინვრცობა სამყაროში…

აქვე კარგი იქნება თუ ვიტყვით, რომ ზემოთნახსენები ჩაკრები, მეცნიერულ ენაზე ნიშნავს განზომილებებს, კონკრეტული სიხშირეების დიაპაზონებს, რომელშიც, გამოღვიძებული უმაღლესი ცნობიერების ნაწილი ინდივიდუალური ცნობიერება იწყებს ვიბრირებას, აზროვნებას, რეალობის აღქმას და მასში შემოქმედებას… სწორედ კონკრეტულ ჩაკრაში, კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში, კონკრეტულ განზომილებაში აზროვნების, აღქმისა და მოქმედების დამწყები, შემძლეა გახდეს თეურგი, უმაღლესი მაგიის ნეოფიტი, ადეპტი და ბოლოს, ქურუმი, იეროფანტი….

შვიდგანზომილებიანი დედამიწის ამ ადამიანური სიცოცხლის ფორმაში თეურგიის უმაღლეს საფეხურზე, ადამიანის ცნობიერება აზროვნებს უკვე შვიდ განზომილებაში. ქრისტიანულ რელიგიაში, ცნობიერების განვითარების ეს დონე აღწერილია, როგორც ფერისცვალება, როდესაც ქრისტე ელიასთან და ენუქთან ერთად ევლინება მთაზე მოწაფეებს. მათთან, ელიასთან და ენუქთან, ანგელოზებთან და მთავარანგელოზებთან თანამშრომლობასა და უმაღლეს იერარქთა ნების აღსრულებას მატერიაში, ეწოდება სწორედ თეურგია ქრისტეს შემთხვევაში და, ყველაზე ცნობილი უმაღლესი თეურგი მაგი, გახლდათ სწორედ თავად იესო ქრისტე… თუმცა აქვე უნდა გავიხსენოთ, თუ რომელ ეტაპზე იწყებს ქრისტე მოღვაწეობას უმაღლეს მაგიაში – ეს ეტაპი, მის ცხოვრებაში დგება მაშინ, როცა იგი 40-დღიან ასკეზს გადის უდაბნოში და თავის თავში ამარცხებს ყოველგვარ მატერიალურ ცდუნებას. კონკრეტულად მატერუალურ ცდუნებას იმიტომ, რომ როგორც თავად მაცხოვარი ბრძანებს – „მოკვდით ხორცისთვის, რათა დაიბადოთ სულში“, საუბარია ცნობიერების მატერიაზე, ინსტინქტებზე და მატერიალური სიამოვნებების მიმართ ემოციური მიჯაჭვულობებისაგან გათავისუფლებაზე, ხოლო შემდეგი მაღალი დონის ცდუნებები, ეს უკვე სულიერი ჰეგემონიის ხიბლია, რომლისგანაც ის უკვე ბოლო ეტაპზე მთლიანად თავისუფლდება ფერისცვალების შემდეგ… მატერიაზე ცნობიერების მიჯაჭვულობისგან გათავისუფლების სქემარტური გამოვლინება კი, გახლავთ სწორედ ინდივიდუალური ცნობიერების, იგივე კუნდალინის ენერგიის რეალიზაცია უკვე ე. წ. გულის, ანაჰატა ჩაკრაში, რომელშიც ერთდება სულიერი და მატერიალური ენერგონაკადები, ასე ვთქვათ, მიწიდან და ზეციდან…

ასე და ამგვარად, შეძლებისდაგვარად განვიხილეთ უმაღლესი მაგიის, თეურგიის რაობა და გამოვლინების ფორმები, მისი მოქმედების არეალი და რელიგიურ-ისტორიული მაგალითი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ამოუწურავი თემაა და სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დამიკავშირდეთ და დასვათ შეკითხვები, რაზეც შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ…

კეთილი სურვილებით –

ლაშა ჩხენკელი

Facebook: Lasha Chkhenkeli

წყარო: geoastro.ge